კომპლექსური ხასიათის გამოწვევები, რაც მთელი ქვეყნის წინაშე დგას, კიდევ უფრო მწვავედ წარმოჩინდება ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან. შიდა ქართლში ეს პერიმეტრი ადმინისტრაციულ საზღვრებს მიუყვება, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტებს, მცხეთა-მთიანეთისა და ცხინვალის რეგიონს შორის. ომი, ძალადობრივი ფონი, ერთგვარად აირეკლა აქაურობამ და გამოიხატა ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის ზრდით.
„ამერიკის ხმასთან“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ ძალადობრივი ფონი განსაკუთრებით გაზრდილი იყო ომის შემდგომი სამი წლის განმავლობაში. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობას" ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი კი დასძენს, რომ კონფლიქტის რეგიონში ძალადობა უფრო ფართო ცნებაა, რაც განპირობებულია საზოგადოებაში დაგროვილი, ომის გამო დათესილი აგრესიით.
მარიამ ბუჩუკური, შიდა ქართლის სათემო ფონდის დამფუძნებელია. წლების განმავლობაში ის ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან მუშაობს. მისი ორგანიზაცია ერთგვარი ჰაბია, სადაც თავს იყრის ინფორმაცია იმ პროექტებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რაც ადგილობრივად მცხოვრებთა საჭიროებებზეა მორგებული.
პატარა ოფისი სოფელ ტირძნისშია განთავსებული. პერიოდულად, აქ იკრიბებიან ქალები მიმდებარე სოფლებიდან. ისინი თავის „საშინაო საქმეს“ საზოგადოს უთავსებენ. ოჯახებში რთულ სამუშაოსაც ასრულებენ, როგორიცაა შინაური პირუტყვის მოვლა და მარტივსაც, თუ ასეთად სასმელი წყლის წყაროდან მოტანას მივიჩნევთ. პარალელურად, ქალები მარიამის პატარა ოფისში იკრიბებიან, მსჯელობენ და ერთმანეთს უზიარებენ ათასგვარ საჭირბოროტო საკითხს.
Your browser doesn’t support HTML5
მარიამ ბუჩუკურთან თავს იყრის ინფორმაცია იმის შესახებ, რა აწუხებთ, რა ახარებთ, რა მოლოდინი და საჭიროებები აქვთ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებს. აქვე, პატარა ოფისში ისინი ხვდებიან სპეციალისტებს საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ესწრებიან სწავლებას ადამიანის უფლებების სფეროდან დაწყებული, თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებით გაგრძელებული და სხვა. ერთმანეთს უყვებიან, ვინ რა პროექტი შეადგინა და როგორი ბიზნეს-გეგმა დაწერა.
როდესაც მარიამს ვეკითხებით იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ქალები ძალადობის საკითხებზე და რამდენად ხშირად ეხებიან საუბრისას ამ თემას, ის გვპასუხობს, რომ თემა ნამდვილად აქტუალურია. თუმცა სტერეოტიპები, რაც ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზეა გამჯდარი საზოგადოებაში, აქაც, ადგილობრივ თემებშიც, სიმყარეს ინარჩუნებს. „ძალადობის შესახებ ქალები აქ, რა თქმა უნდა საუბრობენ, მაგრამ ამას განიხილავენ, როგორც „ქალისგან წახალისებულ ძალადობას“. ცდილობენ, ერთგვარი გამართლება მოუძებნონ კაცებს, ვინც ძალადობის ჩამდენია. გვქონია შემთხვევები, რომ მისულა საქმე პოლიციამდე, მაგრამ შემდეგ ქალს უკან გაუთხოვია საქმე, რადგან სხვაგან წასასვლელი, ქმართან გაშორების შემთხვევაში, არ ჰქონია,“- გვეუბნება მარიამ ბუჩუკური.
გასული წლის ივლისში გამოქვეყნებულ, ასოციაცია „თანხმობის“ კვლევის მიხედვით, „გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შესახებ“, სოფლად მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული თემები, მათ შორის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში და სოფლის ტიპის დევნილთა დასახლებებში, ურბანულ რაიონებში მცხოვრებ თემებთან შედარებით, უფრო მეტად საჭიროებენ საჯარო ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას. მათ შორის ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო და რეკრეაციული სექტორები. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი სხვაობაა დევნილთა იმ დასახლებებს შორის, რომლებიც რეგიონულ ცენტრებში და მათ გარეთ მდებარეობს.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების 41% აცხადებს, რომ მათ სოფლებში არ არის სასურსათო მაღაზიაც კი.
Your browser doesn’t support HTML5
„გაჭიანურებულმა კონფლიქტმა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესმა ყველაზე მეტად სასოფლო-სამეურნეო სექტორი დააზარალა. ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის განცხადებით, მათ შეზღუდული აქვთ წვდომა ისეთ ძირითად რესურსებზე, როგორიცაა საძოვრები (72%), ტყე (56%), სარწყავი წყალი სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის (54%),“- ნათქვამია კვლევაში.
იულია ხარაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა არც კი იცის, რა არის ძალადობა და მას ეს უბრალოდ, ტრადიციის გაგრძელება ჰგონია.
„გენდერული სტერეოტიპების გამყარებაში თავისი წვლილი შეაქვს ვითომცდა „ტრადიციებს“. სინამდვილეში ყალბი ტრადიციაა, მაგრამ აღიქვამენ, როგორც ტრადიციას. ეკონომიკური სიდუხჭირე, ასევე, მძიმე ფონს ქმნის ოჯახური ძალადობისთვის. მე არ ვამბობ, რომ არ იქნება ძალადობა ოჯახში, სადაც ეკონომიკური პრობლემები არაა, მაგრამ ეკონომიკური ფაქტორი, ნამდვილად არის ძალადობის ერთ-ერთი მდგენელი. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლებას და რა თქმა უნდა, პოლიციის სიფხიზლეს,“- გვეუბნება იულია ხარაშვილი.
„უკანასკნელ პერიოდში, ძალადობის მაპროვოცირებელ ერთ-ერთ ფაქტორად შემიძლია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დავასახელო, განსაკუთრებით, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში. მასთან ერთად, უსაფრთხოების მხრივ არსებული გარემო არასტაბილურ გარემოს უქმნის ოჯახებს. მიგრაციული პროცესების გაძლიერებასთან ერთად, ძალადობის ფაქტები არის ყველაზე უფრო თვალშისაცემი პრობლემა, რომლის შესახებაც სულ უფრო მეტი საუბარი გვიწევს. საჭიროა, სამოქმედო გეგმაში ამ საკითხის შეტანა, კვლევა, რომ სწორი იდენტიფიცირება მოვახდინოთ პრობლემების და განვსაზღვროთ რა ნაბიჯებია გადასადგმელი მათ აღმოსაფხვრელად“,- გვეუბნება ქეთევან ბებიაშვილი, საია-ს წარმომადგენელი.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქალთა გაძლიერებაზე და პროექტები, რაზეც ჩვენი დონორები გრანტს გასცემენ, სწორედ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ამის მიუხედავად, მე, პრაქტიკაში, ხშირად შემინიშნავს, რომ ქალები, ვინც პროექტსაც თვითონ წერენ და ბიზნეს-გეგმასაც თვითონვე ადგენენ, მაინც ცდილობენ, რაღაცნაირად ქმრის საჭიროებებს მოერგონ. თითქოს, ქალები თავს ლიდერებად ვერ წარმოიდგენენ, ვერ აღიქვამენ. არადა, გაწეული სამუშაოს მიხედვით, ყველაზე მეტს თვითონ შრომობენ და ყველაზე მეტი შემოსავალიც მათი შეტანილია ოჯახში,“- ამბობს მარიამ ბუჩუკური.
2008 წლის ომის შემდგომ, ტრავმირებულ საზოგადოებას ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამებზე, ფაქტობრივად, ხელი არ მიუწვდებოდა. იულია ხარაშვილი გვეუბნება, რომ მათ გარეშე ტრავმასთან და აგრესიასთან გამკლავება დიდ სირთულეს წარმოადგენს. გენდერული ძალადობის შესახებ ცოდნისა და განათლების გარეშე, ომით დაზარალებულ რეგიონებში ქალებიც დარჩნენ და კაცებიც. „მე ვფიქრობ, ორივესთან საჭიროა მუშაობა. მამაკაცებთან მიმართებით, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, დემობილიზაციის პროგრამებს, ფაქტობრივად, საერთოდ არ უარსებია. შესაბამისად, კაცები ნაკლებად არიან ჩართული ძალადობის წინააღმდეგ საქმიანობაში, პროგრამაში. არა სკოლიდან, არამედ ბაღიდან დაწყებული უნდა ვიმუშაოთ, რომ ქალებს და კაცებს ჰქონდეთ ერთნაირი გაგება იმისა, რა არის, ძალადობა,“- აღნიშნავს იულია ხარაშვილი.
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახში ძალადობის პირდაპირი ინდიკატორი არაა, თუმცა მისი შემადგენელი ნაწილი, შეიძლება იყოს. იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც ცხოვრება ომის შემდგომ, უკიდურესი სიღარიბის ფონზე მიმდინარეობს და ქალებს პირად საკუთრებაში, უძრავი ქონება, ტრადიციულად არ ეძლევათ, ძალადობისთვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება.