გენერალ კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს.
"დღეს სიმბოლური დღეა, რადგან ზუსტად დამოუკიდებლობის დღეს გენერალმა აიხდინა თავისი ბოლო ოცნება და დაუბრუნდა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს. ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება დავესწროთ მის მიბარებას იმ ადგილას, სადაც ბევრი მამულიშვილი, გამოჩენილი ქართველი, მისი თანაგუნდელია განსვენებული" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის განცხადებით, "სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს, ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სამების საკათედრო ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.