გაზპრომი მომავალი წლისთვის ივაჭრებს

თბილისი, 6 მარტი, 2016

“ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მომავალი წლების განმავლობაში დამატებითი 500 მლნ კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი აირი მიიღოს "სოკარისგან". ტექნიკური შეზღუდვები აღმოიფხვრილია,“–ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ სოკართან რამდენიმე დღის წინ გამართული მოლაპარაკებების შემდგომ გააკეთა: „რაც შეეხება გაზპრომთან მოლაპარაკებებს, შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არაა დასრულებული, ანუ ხელშეკრულება არაა გაფორმებული. ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ჩვენი ბოლო შეთავაზება. გაგაცნობთ პირობებს, რომელიც იქნა ქართული მხარისგან გაჟღერებული: ესაა, რომ დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტაქტის პირობებში. ანუ ისევ 10 პროცენტი მივიღოთ გაზპრომისგან ნედლეულის სახით“.

თუმცა სანამ ეს შედეგი დადგებოდა, აქტიურად განიხილებოდა რუსული კომპანია გაზპრომის ჩართვა საქართველოს ენერგეტიკული საჭიროებების სქემაში. მინისტრი კალაძე ამას ორი არგუმენტით ხსნიდა: ერთი შეეხებოდა იმას, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მიღებული ბუნებრივი აირირაოდენობრივად არასაკმარისია, მეორე არგუმენტის თანახმად, კი აზრებაიჯანს ტექნიკური პირობები და აღჭურვილობა არ ჰყოფნის გაზრდილი მოცულობების მოწოდებისთვის.

რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივამ ქართულ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. გაზპრომი – ესაა პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში, – ასეთი გახლდათ საერთო პათოსი. ამის თქმის საფუძველს იძლეოდა როგორც საკუთრად საქართველოს 2006 წლის გამოცდილება, როდესაც რუსეთმა საქართველოს ბუნებრივი აირი ზამთრის პერიოდში მოულოდნელად შეუწყვიტა მისი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების გამო და ასევე საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი საკუთარ ბუნებრივ რესურსებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. დაიგეგმა საპროტესტო აქციების მთელი ციკლი, რომელშიც ოპოზიციაც იღებდა მონაწილეობას. მათ შორის,უკანასკნელი გუშინ შედგა, როდესაც მოქალაქეებმა რუსეთის ყოფილი საელჩოდან სახელმწიფო კანცელარიამდე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და გაზპრომთან ურთიერთობის დაუშვებლობის სურვილი და მოთხოვნა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს: „ყველაფერთან ერთად, ივანიშვილს სურს ფულის გაკეთება ამ სიტუაციაში. გაზპრომის ირგვლივ არსებული სიტუაცია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთოდ, ივანიშვილისთვის, ქართული ოცნების მთავრობისთვის ფასეულობას არ წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“.

ამერიკის ხმა ესაუბრა ანალიტიკოსს ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძეს და სთხოვა აეხსნა, თუ როგორ შეძლო ენერგეტიკის სამინისტრომ ისეთი შეთანხმების მიღწევა სოკართან, რომლის შესაძლებლობასაც მანამდე გამორიცხავდა. „ამ ეტაპზე სამინისტრომ შეინარჩუნა გატარებული გაზის 10 პროცენტიანი წილი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გაზპრომთან მოლაპარაკებებში. შემდეგ როგორ იქნება, ამისთვის სამინისტრო ემზადება, რომ უკეთ ჰქონდეს პოზიციები გამყარებული, რათა მოვახერხოთ არსებული ფორმატის შენარჩუნება. 2016 წელს არ მოხდება ცვლილება არსებულ ფორმატში, მაგრამ შემდეგ როგორ იქნება საქმე, ეს უკვე ორმხრივი შეთანხმების საგანი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, გაზპრომს აწყობს მონეტიზაცია, რადგან ამ ჩრდილოეთ–სამხრეთის ღერძის, მილსადენების სიგრძის კილომეტრაჟი არის მცირე. 100 კილომეტრზე დათვლილი 1000 კუბური მეტრის გატარების მომსახურების საფასური საერთაშორისო სტანდარტებით არის 2,5– 3 დოლარი. ჩვენ ასე გადათვლით ფულად ერთეულში, რასაკვირველია, იმ რაოდენობის გაზს ვერ ვიყიდით იმ თანხით, რასაც ტრანზიტის 10 პროცენტის დატოვებით ვიღებთ. დანარჩენი უნდა შევავსოთ ან აზერბაიჯანიდან, ან ვიყიდოთ ისევ გაზპრომისგან. ამიტომ ეს ფორმატი ჩვენთვის არ იყო ხელსაყრელი და სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რომ წელს არსებული ფორმატი შენარჩუნებულიყო. ახლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ მომავლისთვის ეს შენარჩუნდეს,“– ამბობს ლიანა ჯერვალიძე.

ამ დროისთვის საქართველოს წლიური საჭიროება ბუნებრივი აირის მოხმარების თვალსაზრისით 2, 330–დან 2,4 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს. ამ დროისთვის, ის სოკარისგან 1,2 მილიარდს იღებდა, სამხრეთ კავკასიური, იგივე შაჰდენიზის გაზსადენიდან 700 მილიონს, 200 მილიონს კი გაზპრომისგან, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ. ახლა ამ მოცულობებს 500 მილიონი კუბური მეტრი დაემატება, რაც დეფიციტს სრულად შეავსებს. არსებული მოცემულობა 2016 წელს შენარჩუნდება. მომავალი წლიდან კი გაზპრომთან ურთიერთობის ახალი ეტაპი და ახალი დილემები, ისევ დადგება.