ყველაზე მასობრივი მკვლელობა ამერიკის ისტორიაში

გეი კლუბი „პულსი“, სადაც კვირა გამთენიისას შეიარაღებული თავდასხმისას 50 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა, ორლანდოში ცნობილი კლუბია. თავდასხმა უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე მასობრივი მკვლელობა ამერიკის ისტორიაში. თუმცა ეს არ არის გეი კლუბზე თავდასხმის პირველი შემთხვევა.

2013 წლის 31 დეკემბერს მუსაბ მესმარიმ სიეტლში მდებარე გეი კლუბს ცეცხლი წაუკიდა. ახალი წლის აღსანიშნავად მაშინ კლუბში 750 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლი მალევე იქნა ლიკვიდირებული და არავინ დაშავებულა, მესმარის კი ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2000 წლის 22 სექტემბერს რონალდ გეიმ ვირჯინიის ქალაქ როანოკიში გეი კლუბს ცეცხლი გაუხსნა, მაშინ დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი. თავდამსხმელმა მაშინ განაცხადა, რომ მას გვარის გამო დასცინოდნენ და ამიტომ განიზრახა ყველა ჰომოსექსუალი სან-ფრანცისკოში გაეგზავნა.

1997 წლის 21 თებერვალს ერიკ რუდოლფმა ქალაქ ატლანტის გეი კლუბში ასაფეთქებელი ნივთიერება აამოქმედა, შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

1973 წლის 24 ივნისს ნიუ ორლეანსის გეი კლუბს ცეცხლი გაუჩნდა და 32 ადამიანი დაიღუპა. მომხდარს მაშინ დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც არავის უგია პასუხი.