უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეები ერთობლივად თუ ცალკ-ცალკე, კამპანიურად, ჩუმად და ხმამაღლა უამრავ საქველმოქმედო აქციაში იღებენ მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეების მიერ გაღებული წვლილი მრავალფეროვანია. დაწყებული წინდების მოქსოვით და უკრაინაში გაგზავნით უკრაინელი მებძოლებისთვის, დასრულებული ბინის ქირის გადახდით უკრაინელი დევნილებისთვის, სამედიცინო კამპანიების დაორგანიზებით.
საქართველოს მოქალაქეების კერძო მხარდაჭერით ბუჩაში, ქალაქში, რომელმაც უმწვავესად იწვნია რუსული ჩექმის სისასტიკე, საბავშვო ბაღის აშენებაც კი იგეგმება. ამ საქმეს გიგა მაქარაშვილი კურირებს, რომელიც ასევეა ცნობილი სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიის წარმოებით საქართველოში.
ამჯერად, სტარტი აიღო საკმაოდ სოლიდურმა კამპანიამ, რომელსაც მოქალაქეების ჯგუფი უდგას სათავეში. მათ გადაწყვიტეს, რომ იმ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც რუსეთი უკრაინას ენერგო რესურსების მიწოდებას უზღუდავს, მნიშვნელოვანია ელექტრო გენერატორებით დახმარება. კამპანია მიზნად ისახავს, მოკლე დროში 100 ელექტრო გენერატორის შეძენას ისე, რომ მათი მიწოდება ადრესატამდე 25 დეკემბრამდე მოხერხდეს.
25 დეკემბერი რამდენიმე მხრივაა საგულისხმო თარიღი და ამიტომაც სწორება სწორედ ამ დროზე მოხდა. უკრაინელებმა წელს გადაწყვიტეს ქრისტიანული რელიგიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაული, ქრისტეს შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ, ნაცვლად 7 იანვრისა. ეს ცვლილება სიმბოლურია იქიდან გამომდინარე, რომ მართლმადიდებელი სამყარო ორადაა გაყოფილი შობის აღნიშვნის, ანუ საეკლესიო კალენდრის ძველი და ახალი სტილის მიმდევრებად. ეგრეთ წოდებულ „რუსულ სამყაროში“ მოაზრებული ქვეყნები შობას ახალი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავენ. ასეა საქართველო და ასე იყო უკრაინაც, თუმცა ამგვარი რელიგიური „ჩახსნით“ ახლა უკრაინა განსხვავებულ რეგისტრში გადავიდა. ის რელიგიურადაც „გაეთიშა“ რუსეთს, დასავლეთის ქვეყნებს შეუერთდა და ერთგვარი სიმბოლური ერთობა გამოხატა შობის 25 დეკემბერს აღნიშვნით. გენერატორების გაგზავნაც ამ სადღესასწაული თარიღისთვის უნდა მოესწროს კიევში. თუმცა ამ ყველაფერს, სიმბოლურთან ერთად, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. 25 დეკემბერს ზამთარი უკვე ძალაშია შესული და სიცივისა და ენერგოკრიზისის პირობებში, განსაკუთრებით საჭიროა ელექტროენერგიის წყაროების არსებობა. ამიტომაც იქცა ეს თარიღი კამპანიისთვის „გაუზიარე სინათლე“ ორიენტირად.
Your browser doesn’t support HTML5
ლანა ღვინჯილია ერთ-ერთია მათგან, ვინ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე უამრავ საქველმოქმედო კამპანიაში იღებს მონაწილეობას. ამასთან, ის, ერთგვარი ჰაბის როლსაც ასრულებს მათთვის, ვისაც უკრაინაში გამგზავრება სურს. მისი აქტივობები შეუმჩნეველი არ დარჩენია ომში ჩართულ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ის უკრაინის ეროვნული ჯილდოთი, „კნიგინია ოლგას“ ორდენით დააჯილდოვა. ლანა ღვინჯილია ამჯერად კამპანია „გაუზიარე სინათლეშია“ ჩართული და ელექტრო გენერატორების შერგოვების პროცესში იღებს მონაწილეობას. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ ამ მომენტისთვის მოგროვილი თანხის რაოდენობის მიხედვით, უკვე 55-56 გენერატორის რესურსი არის შეგროვილი. „გვინდა, ეს რაოდენობა 100 ცალამდე შევავსოთ. ეს გახლავთ საყოფაცხოვრებო გენერატორები, თუმცა მათ იყენებენ ყველგან, როგორც ჯარში, ისე წარმოებაში, ოჯახებში. ეს ძალიან სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ კიევში მრავალსართულიანი ბინებია, სინათლის გარეშე, ადამიანები სართულიდან სართულზე გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ. ყველაზე კრიტიკული რესურსი ახლა უკრაინისთვის არის დენი და წყალი. სულ მცირე, იმაში მაინც დავეხმარებით ადამიანებს, რომ ელემენტარულად, ტელეფონის დამუხტვა შეძლონ და კომუნიკაციის შენარჩუნება გარე სამყაროსთან,“- ამბობს ლანა ღვინჯილია.
უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული შეტევა რუსეთის მხრიდან ენერგოობიექტების მიმართულებით ხორციელდებოდა უკრაინაში. დაიბომბა ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტროსადგურები. რუსული პოლიტიკის არსენალში არსებული იარაღი - ენერგოკრიზისის გამოწვევა და ამით სასურველი შედეგის მიღწევა საქართველომ უკვე გამოსცადა. 2006 წლის იანვარში, ახალი წლის შემდეგ, კავკასიონზე გამავალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „კავკასიონი“ მწყობრიდან გამოვიდა, რასაც მოჰყვა ძირითადი და სარეზერვო გაზსადენების აფეთქება, რითაც საქართველო მარაგდებოდა. ცივ ზამთარში საქართველო ენერგოკოლაფსის პირისპირ აღმოჩნდა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს იყო რუსეთისგან მომდინარე დივერსია.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი დავით სიხარულიძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც რუსეთმა ენერგოკრიზისის შექმნით, საქართველოსგან პოლიტიკური დივიდენდების მიღება სცადა.
Your browser doesn’t support HTML5
„წლების განმავლობაში ჩვენ ჩვენ თავზე გამოვცადეთ, რას ნიშნავს ენერგეტიკის იარაღად გამოყენება. წლების განმავლობაში, გამოვცადეთ, როგორ ახერხებდა რუსეთი და ცდილობდა საქართველოს იძულებას დამორჩილებოდა მის დღის წესრიგს, მის ნება-სურვილს. ეს სიახლე არაა. გვახსოვს გაზის გადაკეტვა, ელექტროენერგიის ჩაქრობა. ჩვენთვის, ეს შანტაჟი, ომის იარაღად გამოყენება, ისევე როგორც პროპაგანდის, არის კარგად ნაცნობი - პუტინის რეჟიმის წესი. ამით ის ებრძვის ყველანაირი თავისუფლების გამოხატვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.“ დავით სიხარულიძე ახლა პირადადაა ჩართული კამპანიაში „გაუზიარე სინათლე“. ის მიიჩნევს, რომ უკრაინა მთელი დასავლური სამყაროსთვის იბრძვის, მათ შორის, ცხადია, საქართველოსთვისაც.
უკრაინისთვის ელექტრო გენერატორებით დახმარების იდეა ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ეკუთვნის. „იმედის გენერატორებს“ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც აგროვებენ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ კამპანიას ჯერ არ გამოხმაურებიან. კითხვაზე იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, არაერთხელ აღინიშნა, რომ იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთები. ამის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმაც. მისი ინიციატივით, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოდან 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
კამპანია „გაუზიარე სინათლე“ ჯერაც აქტიურია და მის სასარგებლოდ თანხის გაღება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.