15 ივნისს, ვაშინგტონში მდებარე “ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებით წარმართულ ვებინარზე, სამხრეთ კავკასიაში ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მენეჯმენტის გზები განიხილეს. ვირტუალური კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, სომხეთიდან ანალოგიური ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ნუნე ბახუნცმა და აზერბაიჯანიდან ინტერნეტის მკვლევართა ჯგუფის დამფუძნებელმა არზუ გეიბულამ. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა გამოცემა ევრაზიანეტის ჟურნალისტი, თურქეთისა და კავკასიის საკითხების კომენტატორი ჯოშუა კუჩერა. ონლაინ დისკუსია მიყავდა “ატლანტიკური საბჭოს” უფროს მკვლევარს ლარა ლინდერმანს.
გამყრელიძემ შეაფასა ინფიცირების ბოლო შემთხვევები, განიხილა შიდა გადადების მაგალითები და აღნიშნა, რომ ბოლო დღეების მატების მიუხედავად, მდგომარეობა კონტროლდება და მენეჯმენტს ექვემდებარება.
16 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ის 879 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 724 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 14 კი – გარდაიცვალა. ასევე, ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე სამკურნალოდ სამშობლოში გადმოიყვანეს. 2 710 მოქალაქე 14 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 267 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.