"ემი", ამერიკის სატელევიზიო ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო, საუკეთესო დრამატული სერიალის ჟანრში, წელს "სამეფო კარის თამაშებმა" აიღო. დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ტელე-ოსკარსაც უწოდებენ, ლოს-ანჯელესში ორშაბათს საღამოს გაიმართა.
ტელეკომპანიის "ეიჩ-ბი-ო" (HBO) სერიალს "სამეფო კარის თამაშები" ეპიკური ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნებენ. მას ბოლო წლების განმავლობაში, მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით, რამდენიმე რეკორდი აქვს მოხსნილი.
"ემის" ცერემონიის კიდევ ერთი გამარჯვებულია კომპანია "ამაზონის" მიერ შექმნილი სერიალი "საოცარი მისის მეიზელი". ფილმის მთავარი გმირი გასული საუკუნის 50-იანი წლების ამერიკელი დიასახლისია, რომელიც კომიკოსი ხდება. ფილმმა 8 "ემი" მოიპოვა, მათ შორის წლის საუკეთესო კომედიის პრიზიც.
გასული წლის ფავორიტი დრამა „მოსამსახურის მონათხრობი” შინ თითქმის ხელცარიელი დაბრუნდა. "ჰულუს" სერიალმა წელს მხოლოდ 3 ნაკლებად პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.