რუბრიკა „გალილეო“ დღეს ტრანსპორტის სრულიად ახალ, ინოვატორულ საშუალებებზე მოგითხრობთ. შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტის შტატში მფრინავი მანქანები უკვე შექმნილია და საცდელ ფაზას წარმატებით გადის. სრულიად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი -ჰიპერლუპი - ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. რაც შეეხება ინდივიდუალურ ძრავიან ფრთებს, რომელიც ადამიანს ზურგიდან უმაგრდება და მას ფრენის საშუალებას აძლევს, ახალ ზელადნიაში გაყიდვაში ძალიან მალე გამოდის.
ჰიპერლუპით დავიწყოთ
როცა ელონ მასკი პრეზენტაციას აწყობს, მას ყურადღებით უსმენენ. ეს ის ახალგაზრდა მილიარდერია, რომელმაც დააარსა პირველი კერძო კოსმოსური კომპანია სპეისექსი. სკეპტიკოსების წინასწარმეტყველების მიუხედავად, სპეისექსის კოსმოსური პროგრამები ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. სულ თავიდან ელონ მასკი ინტერნეტ-კომპანიის, ფეი-ფალის შექმნით გამდიდრდა. ფეი-ფალი მომხმარებელს ინტერნეტით ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი გადახდის საშუალებას სთავაზობს.
Your browser doesn’t support HTML5
დავუბრუნდეთ პრეზენტაციას, რომელიც აგვისტოს დასაწყისში გაიმართა. ტექნიკური სიახლეების მოყვარულები გაოცებით უყურებდნენ ეკრანს, რომელზეც ელონ მასკმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტი წარმოადგინა. ჰაერში ხიდისმაგვარ საყრდენებზე აგებულ მილის ფორმის გაყვანილობაში მატარებელი პნევმატური ტექნოლოგიით, შეკუმშული ჰაერის და ვაკუუმის საშუალებით გადაადგილდება. ის თვითმფრინავზე სწრაფია. მაგალითისთვის: თუკი ლოს ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე ჩვეულებრივ გადაფრენას 2.5 საათი ჭირდება, ჰიპერლუპით ამ გზას სულ ნახევარ საათში გავივლით. მისი სიჩქარე საათში 900 მილს, ანუ 1 448 კილომეტრს აღემატება.
ტრანსპორტის ახალ საშუალებებზე მომუშავე ინჟინრები ამბობენ, რომ შესაძლოა მომავალი საუკუნე პნევმატური ტექნოლოგიის იყოს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებმაც, განსაკუთრებით კი სატვირთო გადაზიდვებმა ამ პრინციპით დაიწყონ მუშაობა. ყველაფერთან ერთად, ჰიპერლუპი მზის ენერგიაზე მუშაობს და ამიტომ მინიმალურ ენერგიას მოიხმარს.
სკეპტიკოსები ელონ მასკის ამ იდეასაც ეჭვის თვალით უყურებენ და ამბობენ, რომ იდეა იდეად დარჩება და მას განხორციელება არ უწერია. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ისეთ ადამიანთან აქვთ საქმე, რომელიც, როცა მოინდომებს, კოსმოსში საკუთარ რაკეტასაც წარმატებით უშვებს და ამბობს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ, მარსზე აპირებს დასვენებას.
მასკისთვის, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს არც ისე ძვირი სიამოვნებაა, რადგან პირველი ჰიპერლუპის აშენება თავის გაყვანილობიანად, 6-დან 8 მილიარდამდე დაუჯდება. თავად ტრანსპორტის გადაადგილების იდეა მასკს არ ეკუთვნის. კომპრესირებულ ჰაერზე მოძრავი, ოღონდ მიწისქვეშა ტრანსპორტის იდეა ბრიტანელმა ჯორჯ მედარსტმა ჯერ კიდევ 1799 წელს დააპატენტა. თუმცა ის მხოლოდ ოთხადგილიანი უნდა ყოფილიყო და დღევანდელი მანქანის სისწრაფით იმოძრავებდა. ასეა თუ ისე, პნევმატური ენერგიის გამოყენება მომავლის საქმეა. ვინ იცის, იქნებ მოვესწროთ კიდეც იმ დროს, როცა ჩვენს თავზე და ჩვენს შენობებში მილისმაგვარ გაყვანილობებში ადამიანები ჰაერის ბალიშზე უხმაუროდ იმგზავრებენ.
ახლა კი გადავიდეთ იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე ხორციელდება.
მფრინავი მანქანები
მასაჩუსეტის შტატში მფრინავი მანქანა უკვე გამოცდის სტადიაშია. “იუ-ეს-ეი თუდეისთვის“ (USA Today) მიცემულ ინტერვიუში კომპანია ტერაფუგიის ვიცეპრეზიდენტი, რიჩარდ გერში ამბობს, რომ ფრთებმა, რომელიც თითის ღილაკზე ერთი დაჭერით გვერდებში იკეცება და იშლება, დიზაინის ორი ფაზა გაიარა და ახლა მესამე, დასკვნით ეტაპზეა. ცდებით დასტურდება, რომ დღევანდელი პროტოტიპი სულ ცოტა 50-წუთიანი ფრენის საშუალებას იძლევა.
მანქანის მასობრივ გამოშვებას შესაძლოა 2-დან 10 წლამდე დაჭირდეს. მაგრამ დამკვეთები პირველ მოდელს სულ რაღაც წელიწადნახევარში, 2015 წელს მიიღებენ. მფრინავი მანქანა ძალიან ძვირი ღირს და კომპანია ფასის დაგდებაზეც მუშაობს. იმის მიუხედავად, რომ მანქანას იარლიყზე 279 000 დოლარი წერია, მასაჩუსეტის აერონავტიკის კომპანიას დახლზე უკვე 100-ზე მეტი შეკვეთა უდევს.
ვიდეო
მფრინავი ადამიანები
ჯეტპეკი - ეს პროექტი არ არის, ის უკვე წარმოებაშია. ასე უწოდებენ საფრენ აპარატს, რომელიც ახალ ზელანდიაში იწარმოება და ფასით დაახლოებით ინგლისური ავტომანქანების ღირებულებას უტოლდება. მოდელს P-12 დრონივით დამოუკიდებლადაც შეუძლია ფრენა. ის ადამიანს ზურგის მხრიდან უმაგრდება და მას ფრენის უნარს ანიჭებს. ჯეტპეკს კომპანია მარტინ ჯეტპეკი უშვებს. ეს ავიაციაში სრულიად ახალ სიტყვად ითვლება.
თხევად საწვავზე მომუშავე აპარატზე მოთხოვნა ძალზე დიდია. ახალ ზელანდიაში მისი წარმოება თავიდან მხოლოდ გართობისთვის იყო ჩაფიქრებული, მაგრამ დღეისათვის კომერციული დაკვეთების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მარტინ ჯეტპეკის მოდელს P-12 საგანგებო სამსახურები, თავდაცვის სამინისტრო და სხვა საჯარო, თუ კერძო ორგანიზაციებიც გამოიყენებენ.
ვიდეო
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა ძალიან მალე 8 მილიარდს მიაღწევს. მოსახლეობის თანდათან უფრო სწრაფი ტემპით ზრდის გარდა, საწვავიც უკუდურესად ძვირდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, წარმოუდგენლად რთულდება. ფაქტია, რომ ახალი ენერგიის წყაროს მოძებნა და ათვისება დედამიწაზე უკვე აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს და მისი ძებნაც შესაბამისად განუწყვეტლად გრძელდება. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ტრანსპორტის ახალ საშუალებებზე, რაზეც უმრავი ფინანსური თუ ადამიანური რესურსი იხარჯება.