ჩვენი ტელეფონების ეკრანები გაიზრდება. მათ დაემატება ჯანმრთელობის მონიტორინგის პროგრამები, თითის ანაბეჭდის, ან სახის ამომცნობი აპლიკაციები - რუბრიკა "გალილეო" 2014 წლის ტექნოლოგიების შესახებ
შეერთებული შტატების მედია-სივრცეში ყველაზე დიდი ხმაური 2013 წელს ამერიკის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს მიერ მაღალი ტექნოლოგიებით განხორციელებულმა სათვალთვალო პროგრამებმა გამოიწვია. თუმცა - არა ტექნოლოგიების კუთხით. ამიტომ გადავალთ მეორე და მესამე ყველაზე პოპულარულ თემებზე: დიდი აჟოტაჟი გამოიწვია „ექს-ბოქს 1-ის“ დებიუტმა და „ფლეი სთეიშენ 4-ის“ გამოსვლამ. მათზე შედარებით ნაკლებად შუქდებოდა „აიპედ მინის“ გამოშვება.
ვიდეო თამაშები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ის ზრდის სისწრაფით ბევრად უსწრებს ნებისმიერ სხვა ინდუსტრიას. რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი:
კიდევ რა საკითხები იყო ტექნოლოგიების დარგში მნიშვნელოვანი 2013 წელს? მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტმა 2013 წლის წამყვანი ტექნოლოგიების საუკეთესო ათეულის სია გამოაქვეყნა. მთვარი კრიტერიუმი იყო ის, თუ რომელმა მათგანმა შეძლო ადამიანის შესაძლებლობების ზღვრის გაზრდა და ამასთან მომხმარებლისთვის ყველაზე რთული და გამაღიზიანებელი პრობლემების მოგვარება.
ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, პირველ ადგილზეა „გუგლის“ პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა ამოიცნოს ობიექტი და ის სინქრონულად გადათარგმნოს. მეორე ადგილზე მზის ბატარეების ახალი დიზაინია, რომელიც ტრადიციულთან შედარებით, ორმაგ ენერგიას გამოიმუშავებს. მესამე ადგილზეა უბრალო მობილური ტელეფონების საშუალებით მიღებული ანალიტიკური ინფორმაცია მაგალითად იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდება ხალხი ან თუნდაც იმაზე, როგორ ვრცელდება დაავადებები. შემდეგ მოდის თვით-განადგურებადი გზავნილები სოციალურ ქსელებში, რომელიც ადამიანებს სპონტანურობასთან და ოპერატიულობასთან ერთად, პირადი ინფორმაციის დაცვის მეტ საშუალებას და თავისუფლებას აძლევს. მეოთხე ადგილზეა მობილური ტელეფონების შემცვლელი საათები, რომელთა დიზაინრები მიხვდნენ, რომ ტელეფონი და კომპიუტერი კიდევ უფრო მობილურია, თუ ის ჯიბით არ უნდა ატარო. აღმოჩენა, რომელიც ხსნის ადამიანის თავის ტვინში ხანგრძლივი მეხსიერების შექმნის პროცესს - მეხუთე ადგილს იკავებს. 2013 წლის სხვა დანარჩენ საინტერესო ტექნოლოგიურ სიახლეებს შორისაა სამგანზომილებიანი ბეჭდვა, ემბრიონის დე-ენ-ემის შესწავლის მეთოდის მიგნება და კიდევ რამდენიმე სხვა აღმოჩენა.
ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის როგორც შარშან, წელსაც წამყვან ადგილებზე აღმოჩნდნენ ყველასთვის კარგად ცნობილი „ეფლი“, „გუგლი“, „ამაზონი“, „აი-ბი-ემი“, თუ „მაიკროსოფტი“. თუმცა, ზოგიერთი მათგანი საერთოდ ვერ მოხვდა იმ 25 საუკეთესო კომპანიის სიაში, რომელთან მუშაობაც თანამშრომლებს ყველაზე მეტად მოსწონთ. „ბიზნეს ინსაიდერის“ მიხედვით, პირველ ადგილზე გავიდა „ფეისბუქი“. „გუგლი“ მეხუთე ადგილს დასჯერდა. „ინტელი“ მე-11 ადგილს იკავებს. „ეფლი“ მე-19 ადგილზეა. „ადობი“ კი - მე-20. დანარჩენი კომპანიის სახელების უდიდესი ნაწილი მომხმარებლისთვის თითქმის უცნობია.
გადავიდეთ 2014 წელზე. რა ტენდენციები იკვეთება და რას მოგვიტანს ახალი წელი ტექნოლოგიური სიახლეების თვალსაზრისით? ექსპერტების აზრით, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება „ეფლისთვის“, რომელიც ჩინეთის ბაზარზეც მკვიდრდება. თუკი 2012 წელს მისი სმართფოუნების მოცულობა ჩინურ ბაზარზე 3 პროცენტს არ აღემატებოდა, 2013 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 4-ჯერ გაიზარდა და 12 პროცენტს მიაღწია. „ფეისბუქი“ და „თვითერი“ ანალიტიკოსების აზრით, სოციალურ ქსელებზე დომინირებას გააგრძელებენ. წარმატებული წელი ექნება „ამაზონს“, „ნეთფლიქსს“ და „იუ-თუბსაც“. ინტერნეტის რადიო-არხებზე ყველაზე პოპულარული ისევ „პანდორა“ დარჩება, იმის მიუხედავად, რომ მას „ეფლის“ პროდუქტის „აითუნ-რადიოს“ და შვედური „სპოტიფაის“ სახით ორი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
ჟურნალი „ფორბსი“ 2014 წლის ტექნოლოგიებში მთავარი ტენდენციების საინტერესო ათეულს აქვეყნებს. ის გლობალური კვლევის და კონსულტაციის ფირმა „ფორესტერის“ მიერ არის შედგენილი. პირველ ადგილზე ფიზიკური და ციფრული სამყაროს კიდევ უფრო მეტი შერწყმაა. აქ ტექნოლოგიების პირადი და საქმიანი მიზნებისთვის მოხმარების ერთობაც შედის. მეორე ადგილზე ბიზნესებისთვის ციფრული ერის მნიშვნელობის ზრდაა. „ციფრული ერა კომპანიებს ან ააყვავებს, ან დააქცევს“ - წერს „ფორბსი“. კვლევითი ორგანიზაციის აზრით, ციფრული ტექნოლოგია აღარ არის უბრალოდ „კარგი“ კომპანიისთვის. ამიერიდან მას კრიტიკული, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ასევე მეტად მნიშვნელოვანი ხდება აპლიკაციის პლატფორმის ინტერფეისი (API), რომელიც ინტერნეტ-სერვისებს მეტ ფუნქციონალურობას ანიჭებს. ამის საუკეთესო მაგალითად ავტორებს „ამაზონი“ და მისი ინტერნეტ-გაყიდვების წარმატება მოჰყავთ. დანარჩენ ტენდენციებს შორის საყურადღებოა მომხმარებლის მხრიდან პირადი ინფორმაციის დაუცველობის გამო ტექნოლოგიებისადმი ერთგვარი „ნდობის“ ფაქტორის დაქვეითება.
რაც შეეხება პროდუქტებს, რომელთაც ჩვენ, მომხმარებლები ყოველდღიურად ვიყენებთ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი ამბების შეტყობის ინტერნეტზე გადანაცვლების შემდეგ, ტელევიზიების პოპულარობას კიდევ უფრო შეამცირებს ფილმების ინტერნეტ მომსახურება. განსაკუთრებით, კომპანიები: „ნეტფლიქსი“, „ჰულუ“ და „ამაზონ-ინსთანთ-ვიდეო“. გაიზრდება დასაქმების, პაემნების, განათლების მიღების ინტერნეტ გვერდების რაოდენობა და მათი მომსახურების მოცულობა. „გუგლის“ სათვალე, რომლის ექსპერიმენტულმა მოდელმა 2013 წელს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კვლავ დახვეწის პროცესში დარჩება. ასევე კიდევ უფრო „დაჭკვიანდებიან“ ე.წ. სმართ-საათები. უსაფრთხოების გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ტელეფონებში მეტად დაინერგება თითის და სახის ამომცნობი აპლიკაციები. მომრავლდება ჯანმრთელობის მონიტორინგის პროგრამები. სამგანზომილებიანი ბეჭდვა ტექნოლოგიებში დიდ რევოლუციას მოახდენს. რევოლუციას ელოდებიან გადახდის სისტემებში, სადაც „ბიტკოინის“ მაგვარი საერთაშორისო გადახდის ერთეული სავარაუდოდ „ფეიფალის“ სახის სისტემებს ჩაანაცვლებს. თუ 2014 წელს არა, მაშინ - სამომავლოდ. სმართფოუნების ეკრანები კიდევ უფრო გაიზრდება, ანუ, შესაბამისად - ჩვენი მობილური ტელეფონების ზომაც.
Your browser doesn’t support HTML5
ვიდეო თამაშები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ის ზრდის სისწრაფით ბევრად უსწრებს ნებისმიერ სხვა ინდუსტრიას. რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი:
- ვიდეო თამაშებზე ამერიკელი მომხმარებელი წლიურად საშუალოდ 20 მილიარდს ხარჯავს
- ამერიკელთა თითქმის 60 პროცენტი თამაშობს
- მოთამაშეთა საშუალო ასაკი 30 წელია
- მათი 55 პროცენტი მამაკაცია, 45- ქალი
- 62 პროცენტი ფიზიკურად ან ვირტუალურად სხვა ადამიანს ეთამაშება
- მშობლების 93 პროცენტი აკონტროლებს ბავშების თამაშების შინაარსს