ბოლო თვეებში დედამიწიდან კოსმოსში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი რაკეტა გაფრინდა. მათ შორის არ შეიძლება არ აღინიშნოს ამერიკელი მილიარდერების, რიჩარდ ბრენსონის და ჯეფ ბეზოსის კოსმოსური ვოიაჟები საკუთარი წარმოების რაკეტებით, რომელთაც კოსმოსურ ტურიზმს ჩაუყარეს საფუძველი.
თუმცა, 16 ოქტომბერს ფლორიდის შტატის კეიპ-კანავერალის კოსმოსური სადგურიდან განხორციელებული რეისი თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით მაინც გამოირჩეოდა ყველა დანარჩენისგან. პირველად ისტორიაში, ნასას კოსმოსურმა რაკეტამ „ატლას-ვი“ დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა ხომალდი სახელად „ლუსი“, რომელმაც გეზი იუპიტერის ასტეროიდისკენ აიღო. რუბრიკა "გალილეო" დღეს ამ უნიკალური მისიის შესახებ მოგითხრობთ.
„ლუსი“ ძირფესვიანად შეცვლის ჩვენი მზის სისტემის პლანეტათა ევოლუციის ჩვენეულ გაგებას“ - თქვა ამასთან დაკავშირებით მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ადრიანა ოკამპომ, ნასას „ლუსის“ პროგრამის ხელმძღვანელმა. ხომალდმა ორიოდ კვირის წინ 12-წლიანი მისია დაიწყო და მისი სამიზნე იუპიტერის ტროელი ასტეროიდებია. ტროელებს უწოდებენ ისეთ ასტეროიდებს, რომლებიც მზის სისტემაში მის ორბიტაზე, სხვა პლანეტების სიახლოვეს მოძრაობენ. ჩვენს პლანეტარულ სისტემაში სხვადასხვა ზომის ათასობით ასეთი ასტეროიდია ცნობილი.
ნასას, შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მეცნიერების აზრით, ეს ასტეროიდები ბოლო 4.6 მილიარდი წლის მანძილზე თითქმის არ შეცვლილა. ისინი მოელიან, რომ იუპიტერის ტროელი ასტეროიდების შესწავლა მზის სისტემის შექმნის ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას.
ხომალდი ძირითადად თხევადი საწვავით ოპერირებს, მაგრამ მისი ინსტრუმენტები ორი გრანდიოზული სოლარული ფრთის წყალობით, მზის ენერგიაზე იმუშავებენ. „ლუსის“ წინ დაახლოებით 4 მილიარდი მილის გზა აქვს. მისიის სანავიგაციო გუნდის დირექტორის მოადგილე კორალი ადამი ამბობს, რომ „ლუსის“ ტრაექტორიის შეცვლისას, რეზერვში ასევე აქვს დედამიწის სამჯერადი გრავიტაციული ძალის დახმარებაც, რათა მან საკუთარი რესურსები ზედმეტად არ დახარჯოს. თითოეული ასეთი დახმარება მის სიჩქარეს საათში 200 მილიდან 11 000 მილამდე გაზრდის.
„ლუსი“ მარსს და იუპიტერს შორის მყოფ ერთ მთავარ ასტეროიდს და 7 ტროელ ასტეროიდს უმიზნებს. ზოგი იუპიტერის ორბიტაზე მის წინ მოძრაობს, ზოგი კი - უკან. ხომალდი ასტეროიდებთან ძალიან ახლოს მივა და გადაიღებს შავ-თეთრ და ფერად ფოტოებს. ამას გარდა, ინფრაწითელი სხივის საშუალებით გაზომავს მათ ტემპერატურას, შეაგროვებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას და დაამზადებს ასტეროიდების ზედაპირის რუკას. ეს ყოველივე მეცნიერებს დაეხმარება როგორც იუპიტერის ასტეროიდების ისტორიის, ისე პლანეტების შექმნის ისტორიის გაგებაში.
„ლუსის“ მისიას წინ მრავალწლიანი კვლევა უძღოდა. შემდეგ დაიგეგმა მარშრუტი და ყველა დეტალის გათვალისწინებით აშენდა ხომალდი. მოგვიანებით ხომალდმა შემოწმების რამდენიმე მკაცრი და რთული იტაპი გაიარა, მათ შორის ტემპერატურის, აკუსტიკური და ვიბრაციული დატვირთვის ქვეშ.
„ლუსი“ განასახიერებს ნასას შეუპოვარ მიზანდასახულობას, გაიჭრას კოსმოსში შემეცნების, კვლევის და მეცნიერების დაწინაურების მიზნით, რათა უკეთ შევისწავლოთ სამყარო და მასში ჩვენი ადგილი... ერთი სული მაქვს, შევიტყო, რა მისტიკურ საიდუმლოებებს ამოხსნის ეს მისია“ - ამბობს ნასას ადმინისტრატორი ბილ ნელსონი.
სახელი „ლუსი“ მისიას დაერქვა დედამიწაზე აღმოჩენილი ადამიანის ერთ-ერთი უძველესი წინაპრის ნარჩენების საპატივცემულოდ, რომელმაც ჰომო საპიენსის ევოლუციის ისტორიას სრულიად უნიკალური ინფორმაცია შესძინა. ნასაში იმედი აქვთ, რომ ხომალდი „ლუსიც“ ისეთ სიახლეებს გვამცნობს პლანეტათა წარმოშობის ისტორიაზე, რაც რევოლუციური იქნება მზის სისტემის ჩამოყალიბების პროცესის შესწავლის საქმეში.