კოსმოსში ავარია რეალობა ხდება: რა მოხდა ორშაბათს ჩვენს ორბიტაზე და როგორ უნდა დარეგულირდეს მოძრაობა კოსმოსში?

ევროპის კოსმოსური სააგენტოს სატელიტი "აეოლუსი"

პირველად კოსმოსის ისტორიაში, ევროპულ სატელიტს სპეციალური მანევრის ჩატარება მოუწია, რომ თავიდან აეცილებინა ამერიკულ სატელიტთან შეჯახება. სპეციალისტები დედამიწის ორბიტაზე მოძრაობისთვის, საგანგებო რეგულაციების და შესაბამისი პროგრამების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

რა მოხდა?

ეს ამბავი ორშაბათს დილით მოხდა. "აეოლუსს", დედამიწაზე ამინდის დამკვირვებელ სატელიტს, რომელსაც ევროპის კოსმოსური სააგენტო მართავს, პოზიციის შეცვლა და გადაადგილება მოუწია, რომ არ დაჯახებოდა მისკენ მოძრავ, ამერიკული კერძო კომპანია "სპეისექსის" სატელიტს "სტარლინკს".

ამერიკის მხრიდან, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი სხეულების მონიტორინგს აწარმოებს შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კოსმოსის კონტროლის მე-18 ქვედანაყოფი. ის დანარჩენ მართვის ცენტრებს პოტენციურ სიახლოვეზე მუდმივად აფრთხილებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპის კოსმოსური სააგენტო და სხვები, აწარმოებენ სპეციალურ გათვლას, რომ კოსმოსურ ხომალდებს, სატელიტებს, ზონდებს თუ სხვა კოსმოსში მოძრავ სხეულებს შორის შეჯახება გამოირიცხოს.

ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე, ამერიკულმა მხარემ ევროპელებს ორი სატელიტის მოსალოდნელი სიახლოვის შესახებ აუწყა. სავარაუდო დროდ იყო დასახელებული 2 სექტემბერი, დილის 11:02 და მითითებული იყო "სპეისექსის" მიერ გაშვებული პირველი 60 სატელიტიდან ერთ-ერთი: "სტარლინკ-44". აქვე უნდა ითქვას, რომ ელონ მასკის, ცნობილი ფილანტროპის, გამომგონებლის და მეწარმის კომპანია "სპეისექსი" კოსმოსში 2020 წლის ბოლომდე, 12 000-მდე სატელიტის გაშვებას გეგმავს.

გაფრთხილების შემდეგ, დღეები გადიოდა, მაგრამ "სტარლინკს" კურსი არ შეუცვლია. ევროპის კოსმოსურ სააგენტოში გადაწყვიტეს თავი დაეზღვიათ და სატელიტ "აეოლუსისთვის" პოზიცია შეეცვალათ. მართვის ცენტრიდან სატელიტი 350 მეტრით მაღლა ასწიეს. შეჯახება არ მოხდა.

"სპეისექსის" განმარტება

"სპეისექსის" რაკეტას ორბიტაზე სატელიტი გააქვს

კომპანია "სპეისექსმა" განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი პროგრამული შეცდომა იყო, ე.წ. ბაგი. ეს კომპიუტერული პროგრამის შეცდომა ხელს უშლიდა საკომუნიკაციო სისტემებს, რის გამოც მართვის ცენტრს გაფრთხილების შემცველი გზავნილები არ მიუღია.

განცხადებაში, რომელიც "სპეისექსმა" გაავრცელა, ნათქვამია, რომ ამ შეცდომის გამო, "ხელი შეეშალა "სტარლინკის" ოპერატორს, რომელმაც ვერ დაინახა კორესპონდენცია დაჯახების ალბათობის ზრდაზე და ამიტომ, შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა". ოპერატორს რომ გზავნილი გეგმიურად მიეღო, "ჩვენ კოორდინირების მიზნით, ევროპის კოსმოსურ სააგენტოს დავუკავშირდებოდით, რათა ან ჩვენ დაგვედგინა საუკეთესო მიდგომა, ან მათ გაეგრძელებინათ მანევრირება".

სატელიტები და მათი მნიშვნელობა

ნასას სატელიტი "ჯეისონ"-3

პირველი სატელიტი დედამიწის ორბიტაზე 1957 წელს, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გაუშვეს. მას შემდეგ, დედამიწიდან დაახლოებით 5 500 რაკეტა გაფრინდა, რომელმაც ორბიტაზე 40-მდე ქვეყნის 9 000-ზე მეტი სატელიტი წაიღო. ამ წუთებში დაახლოებით 2 000 სატელიტია გამართული და წარმატებით ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს კოსმოსში არამარტო ათასობით სატელიტი, არამედ გაცილებით მეტი ნაგავი დაფრინავს.

სატელიტების რაოდენობა უახლოეს მომავალში სულ ცოტა, გაორმაგდება, რაც კოსმოსის ათვისებაში დაწინაურებული ქვეყნების, ასევე სატელიტებზე დიდი მოთხოვნის ფონზე, გასაკვირი არ არის. დედამიწის ორბიტა დრამატულად იცვლება. ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სატელიტების ფუნქცია და დანიშნულებაც ფართოვდება.

სატელიტიდან დედამიწის გაცილებით მეტი ფართობი მოსჩანს, ამიტომ მონაცემთა შეგროვება და გამოყენება გაცილებით მეტი ეფექტურობით ხდება, ვიდრე მაგალითად - ტელესკოპით, ან თვითმფრინავით. სატელიტებს მეცნიერები იყენებენ როგორც დედამიწის, ასევე კოსმოსის უკეთ შესასწავლად. სატელიტებით ხდება ამინდის პროგნოზირება, ვიღებთ ინტერნეტს, ხდება სატელეფონო, თუ სატელევიზიო სიგნალის გადაცემა, ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა და ტრანსპორტის სწორი ნავიგაცია.

სატელიტით იზომება ატმოსფეროს შემცველობაც, მაგალითად ოზონის, ან ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, ზოგადად - ენერგიის გაზომვა, რომელსაც დედამიწა ითვისებს, ან გამოყოფს. სატელიტებით კონტროლდება ველურ ბუნებაში მომხდარი ხანძრები, ვულკანები, მათი გამონაბოლქვი.

სატელიტების ერთი ნაწილი, რომელიც დედამიწისკენაა მიმართული, აკვირდება მზის გამოსხივებასაც. მეორე ნაწილი, რომელიც კოსმოსს აკვირდება, სწავლობს ასტეროიდებს, კომეტებს, ვარსკვლავების წარმოშობას, პლანეტების ისტორიას. ზოგი სატელიტი სხვა პლანეტების მახლობლად დაფრინავს, რათა უკეთ შეისწავლოს ისინი.

რა არის გამოსავალი?

კოსმოსური ნარჩენები დედამიწის ორბიტაზე - ევროპის კოსმოსური სააგენტოს კონცეპტუალური ფოტო

დედამიწის ორბიტაზე ათასობით სხვადასხვა კოსმოსური სხეულის და კიდევ უფრო მეტი ნარჩენების მოძრაობის გამო, მართვის ცენტრებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს - წერს ევროპის კოსმოსური სააგენტო. სატელიტების რაოდენობის დრამატულ ზრდასთან ერთად, მსგავსი ინციდენტი მომავალში სავარაუდოდ, მეტი სიხშირით მოხდება. აქედან გამომდინარე, კოსმოსში მომუშავე ქვეყნებს, რომელთა რაოდენობაც ასევე იზრდება, ერთმანეთთან მეტი კოორდინაცია მართებთ - აცხადებენ დარგის სპეციალისტები.

"ეს მაგალითი ადასტურებს, რომ მოძრაობის წესების და კომუნიკაციის პროტოკოლის გარეშე, ავარიის თავიდან აცილება მხოლოდ ოპერატორების პრაგმატულობაზეა დამოკიდებული" - აღნიშნავს ჰოლგერ კრეგი. ის ევროპის კოსმოსურ სააგენტოში კოსმოსის უსაფრთხოების ხელმძღვანელია. მისი თქმით, დღეს პროცესი უმეტესად ელექტრონული მიმოწერით ხდება, ერთგვარი "არქაული" პროცესით, რომელიც არაადეკვატური და არასაკმარისია, კოსმოსში არსებული სატელიტების მზარდი რაოდენობის და სიხშირის გათვალისწინებით.

ევროპის კოსმოსური სააგენტო კოსმოსში მომუშავე ქვეყნებს, კოსმოსის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებს. სააგენტოს სპეციალისტების აზრით, აუცილებელია შეიქმნას საგანგებო ტექნოლოგია, რომელიც უსაფრთხოების პროცესს ავტომატიზებულს გახდის და სატელიტებს, თუ სხვა მოძრავ კოსმოსურ ობიექტებს ავარიებისგან დაიცავს. კოსმოსური ინფრასტრუქტურის დაცვაზე დიდწილად არის დამოკიდებული დედამიწის ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა. ამასთან, ეს დამოკიდებულება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.