გასული წლის მედია-ისტერიის მიუხედავად, რაც ყალბი ახალი ამბების გავრცელებას, პირადი ინფორმაციის დაუცველობას, ჰაკერული თავდასხმების გახშირებას და სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების ზრდას უკავშირდებოდა, ინტერნეტის პოპულარობა მაინც დღითი-დღე იზრდება. დღეს ინტერნეტს დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოიხმარს.
გაიზარდა სოციალური ქსელების მოცულობაც. დედამიწის მოსახლეობის თითქმის 45% დღეს სოციალურ ქსელებშია გაწევრიანებული. დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი ყოველწლიურად სტუმრობს თავის საყვარელ სოციალურ პლატფორმას. ეს წინა წელთან შედარებით, 9%-იან ზრდას უდრის.
2018 წლის იანვრიდან მოყოლებული, ინტერნეტს ყოველდღიურად საშუალოდ მილიონი ახალი მომხმარებელი ემატება - ნათქვამია ანგარიშში “ციფრული 2019”. ანუ ყოველ წამში 11-ზე მეტი ახალი კლიენტი. რიგით მერვე ყოველწლიური ანგარიში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტის და სოციალური მედიის მოხმარებას აჯამებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი უპრეცედენტო ზრდა გარკვეულწილად, აღწერის მეთოდოლოგიაში მეტ სიზუსტესაც შეიძლება მიეწეროს. მომდევნო წლების მონაცემები უკეთესი, უფრო სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს.
ინტერნეტის მომხმარებლების 92 პროცენტი ვიდეოებს ონლაინ უყურებს, ანუ, 2019 წლის მონაცემებით, საშუალოდ 4 მილიარდი ადამიანი. ეს მაშინ, როცა დედამიწაზე ტელევიზორი შინ 6 მილიარდ ადამიანს აქვს. მომხმარებლების 23% ონლაინ თამაშობს და 16% სპორტულ შეჯიბრებებს ინტერნეტში უყურებს.
ზრდა დაფიქსირდა სოციალური მედიის მოხმარების ხანგრძლივობაშიც. GlobalWebIndex-ის მონაცემებით, სოციალური ქსელების მომხმარებლები საყვარელ პლატფორმაზე (ან პლატფორმებზე) დღეში საშუალოდ 2 საათს და 16 წუთს ატარებენ. ეს მთლიანად ინტერნეტში გატარებული დროის დაახლოებით მესამედია.
აქვე უნდა ითქვას, რომ ქვეყნების მიხედვით, სოციალური მედიის მოხმარებაში ზოგჯერ დრამატული სხვაობა ფიქსირდება. მაგალითად, ფილიპინელები სოციალურ ქსელებზე საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტ დროს, დღეში 4 საათს და 12 წუთს ატარებენ.
სოციალურ ქსელებს შორის კვლავ “ფეისბუქი” დომინირებს. იმის მიუხედავად, რომ მას გასულ წელს სერიოზული პრობლემები გაუჩნდა და არაერთ სკანდალურ სასამართლო პროცესთან ერთად, თავის მართლება პერიოდულად ამერიკის, ევროპის კავშირის და ბრიტანეთის კანონმდებლებთან უწევდა, “ფეისბუქი” კვლავ წამყვან პლატფორმად რჩება. სხვებთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა როგორც მისი მომხმარებლების რაოდენობა, ასევე გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობაც.
და ეს ყოველივე იმ ფონზე ხდება, როცა ბევრი სპეციალისტის აზრით, ინტერნეტის მასობრივ მოხმარებასთან ერთად, ალბათ სამუდამოდ დაირღვა ადამიანის პირადი ინფორმაციის დაცულობა. ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ როცა რომელიმე ინტერნეტ-ბმულს ვხსნით, ვათვალიერებთ, ვუყურებთ ვიდეოს, ვთამაშობთ, რაიმეს მოვიწონებთ, დავწერთ, წავშლით, ან ინტერნეტში ნებისმიერ სხვა მოძრაობას ვაკეთებთ, ეს აუცილებლად ფიქსირდება და სადმე, რომელიმე სისტემა ამას მაშინვე იმახსოვრებს. მომხმარებელთა ერთ ნაწილს ეს ყოველივე აფრთხობს, მეორე ნაწილს კი აღაფრთოვანებს.
საბოლოო ჯამში, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ინტერნეტის მიმართ, ფაქტია, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ყოველდღიურობაში ფართოდ დამკვიდრდა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს, მათ შორის საქართველოს შესახებ, რომელიც ანგარიშში “ციფრული 2019” შეჯამდა და ასევე, რამდენიმე სხვა წყაროდან მოვიპოვეთ. ანგარიში 30 იანვარს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან ამ სფეროში სტატისტიკური აღწერის ორი წამყვანი გლობალური ორგანიზაცია: Hootsuite და We Are Social.
ინტერნეტის ზოგადი მონაცემები
- 2019 წელს ინტერნეტი მოიხმარა 4.39-მა მილიარდმა ადამიანმა. ზრდამ 2018 წლის იანვართან შედარებით, 366 მილიონი შეადგინა.
- შეგახსენებთ, დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 7.676 მილიარდია.
- საშუალოდ, მომხმარებელი ინტერნეტში დღეში 6 საათს და 42 წუთს ატარებს.
- ჩრდილოეთ ამერიკის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები მოსახლეობის 95 პროცენტით, ინტერნეტ-მოხმარების ლიდერები არიან. შემდეგ მოდის: დასავლეთ ევროპა-94%, სამხრეთ ევროპა-88%, აღმოსავლეთ ევროპა-80%, სამხრეთ ამერიკა-73%, დასავლეთ აზია-66% და ცენტრალური ამერიკა-63%. ბოლო ადგილზეა აფრიკის კონტინენტის შუაგული 12%-ით.
- ვებგვერდებს შორის, ყველაზე ხშირად ადამიანები “გუგლს” სტუმრობენ. მეორე ადგილზეა “იუ-თუბი”. მესამეზე კი “ფეისბუქი”. “იაჰუ” მე-6 ადგილზეა, “ტვიტერი” მე-7, “ინსტაგრამი” მე-10, “ამაზონი” მე-11, “ნეტფლიქსი” მე-17, “რედითი” მე-20.
- სოციალურ მედიას დედამიწაზე 3.48 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. გასულ წელთან შედარებით, სოციალურ მედიაში 288 მილიონით მეტი ადამიანი გაწევრიანდა.
მობილური ტელეფონები
- მობილური ტელეფონი დედამიწაზე 5.11 მილიარდ ადამიანს აქვს, ანუ გლობალური მოსახლეობის 2/3-ს. გასულ წელთან შედარებით, ეს 100 მილიონით მეტია.
- სმარტფონებზე მობილური ტელეფონების დაახლოებით 2/3 მოდის. ზოგს ერთდროულად რამდენიმე სმარტფონი აქვს და მათი საერთო რაოდენობა 5.5 მილიარდს აჭარბებს.
- 3.26 მილიარდი 2019 წელს სოციალურ მედიას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. აქაც უზარმაზარი ზრდაა: 297 მილიონით მეტი - 2018 წლის იანვართან შედარებით.
- მობილურ ტელეფონებზე მოდის ინტერნეტის მოხმარების დროის თითქმის ნახევარი.
ონლაინ-გაყიდვები
- ინტერნეტ-ვაჭრობა ბოლო წელს 14%-ით გაიზარდა და ციფრული ბაზრის შემსწავლელი ორგანიზაცია Statista-ს მონაცემებით, ჯამში 1.78 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
- ონლაინ ნივთები გასულ წელს 2.8 მილიარდმა ადამიანმა შეიძინა.
- ინტერნეტის მომხმარებელთა 75% ამბობს, რომ გასულ თვეში ინტერნეტით რაიმე იყიდა. უმრავლესობამ ამისთვის მობილური ტელეფონი გამოიყენა.
- გაყიდვებში პირველ ადგილზე მოდის ინდუსტრიაა (524 მლრდ). მეორე ადგილზეა ტექნიკა (392 მლრდ), მესამეზე საჭმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები (209 მლრდ). შემდეგ თანმიმდევრობით მოდის: ავეჯი,ხელსაწყოები, მოგზაურობა, ციფრული მუსიკა და ვიდეო-თამაშები.
საქართველო
- ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტს 2016 წელს 2 104 906 ადამიანი მოიხმარდა. 2018 წელს, გამოცემა Forbs.ge-ს ინფორმაციით, ინტერნეტს მოსახლეობის 65% იყენებდა.
- საინტერესოა, რომ ინტერნეტს საქართველოში კაცები უფრო ხმარობენ (65.5%), ვიდრე ქალები (62.6%)
- ქალაქის მოსახლეობაში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი 75.1%-ს შეადგენს, სოფელში - 49.8%-ს. Forbs.ge-ს ცნობით, სოფლებში ინტერნეტის მოხმარება ბოლო წელს 4.7%-ით გაიზარდა.
- ინტერნეტის მომხმარებლებს შორის, თითქმის ყოველდღიურად მას 89.7% იყენებს. ეს წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტიან ზრდას შეადგენს.
სოციალური მედია
- “ფეისბუქი” უკონკურენტოა, მას 2.320 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს (2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით) და აქედან 1.15 მილიარდი ქსელში აქტიურად შედის მობილური ტელეფონით. “ფეისბუქს” დღეში 500 000 ათასი ახალი კლიენტი ემატება, წამში - 6. ის ამერიკელების საშუალოდ 68%-ს აქვს დაზრდასრული ამერიკელების 79%-ს. ადამიანი “ფეისბუქზე” დღეში საშუალოდ 35 წუთს ატარებს. ამ პლატფორმაზე დაახლოებით 270 მილიონი ყალბი მომხმარებელიც არის.
- “ტვიტერს” 1.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, აქედან 326 მილიონი ქსელში აქტიურად შედის. ადამიანები დღეში საშუალოდ 500 ე.წ. ტვიტს წერენ, ანუ წამში დაახლოებით 6 000-ს. ამერიკელთა 45% ხმარობს “ტვიტერს”.
- “იუ-ტუბზე” წუთში საშუალოდ 300-საათიანი ვიდეო იტვირთება. ადამიანები ამ პლატფორმაზე ვიდეოებს დღეში 1 მილიარდი საათის მანძილზე უყურებენ. თითო ადამიანი “იუ-ტუბზე” დღეში 40 წუთს ატარებს. მობილურ ტელეფონით ვიდეოებს დღეში დაახლოებით 1.148 მილიარდი ადამიანი ნახულობს. სხვადასხვა ინტენსივობით, ამ ვიდეო-პლატფორმას 18-24 წლის ამერიკელების 94% იყენებს.
- “ინსტაგრამს” თვეში 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ამ სოციალურ ქსელში დღეში 95 მილიონი ფოტო იტვირთება. მომხმარებლების 90% 36 წლამდე ასაკისაა. ადამიანები “ინსტაგრამზე” საშუალოდ დღეში 15 წუთს ატარებენ. ის ცნობილია, როგორც კერძების აქტიურად გაზიარების პლატფორმა. ყველაზე “გაინსტაგრამებული” საჭმელი პიცაა, შემდეგ მოდის სუში და მწვადი. პლატფორმას ამერიკელთა 71% იყენებს.