ოდნავ იმედისმომცემი აღმოჩნდა ახალი საპილოტე კვლევა, რომლის შედეგებიც 6 აპრილს გამოქვეყნდა შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში. დაკვირვების ქვეშ ამჯერად 10 პაციენტი იმყოფებოდა, რომელთაც ვირუსისგან სარს-კოვ-2 (SARS-CoV-2) განუვითარდათ დაავადება კოვიდ-19 (COVID-19). დაავადებას უფრო კორონავირუსის სახელით იცნობენ.
პანდემია კოვიდ-19 დღეს მსოფლიოს ჯანდაცვის მთავარ საფრთხედ ითვლება. ვინაიდან ამ ეტაპზე პირდაპირმოქმედი ანტივირუსული აგენტები არ არსებობს, მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებაზე.
მკვლევართა ერთი ნაწილი კორონავირუსთან მებრძოლ კანდიდატ ვაქცინებს ქმნის, ან უკვე ცდის მათ. თუმცა, ისიც ცხადია, რომ პირველ ვაქცინას, რომელიც გამოყენებისთვის უსაფრთხო იქნება, ჯერ სულ ცოტა, ერთი წელი გვაცილებს.
მეცნიერთა მეორე ნაწილი სხვადასხვა სამკურნალო მეთოდის აპრობირებაზე მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტული სამკურნალო მეთოდია დაავადებულ პაციენტში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლში გამომუშავებული ანტისხეულების შეყვანა. შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამ თერაპიის ექსპერიმენტულ მეთოდად გამოცდის ნებართვის გაცემა სხვადასხვა კლინიკებისთვის, დაახლოებით ორი კვირის წინ, 24 მარტს დაიწყო.
დავუბრუნდეთ კვლევას. კოვიდ-19-ით დაავადებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ 10 ზრდასრულ პაციენტს მხოლოდ ერთი დოზა (200 მილიგრამი) ანტისხეულები გადაუსხეს, რომელიც ინფექციისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სხეულიდან აიღეს. შედეგად, ექიმებმა ვირუსისგან უფრო სწრაფი გათავისუფლება, ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესება, სიმპტომების ხანგრძლივობის შემოკლება და სიცოცხლის გადარჩენის მეტი შესაძლებლობა მიიღეს.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმის შემდეგ, პაციენტებში კლინიკური სიმპტომების შესამჩნევი გამოკეთება პირველი 3 დღის განმავლობაში დაიწყო. სარს-კოვ-2 ვირუსი კი სისხლიდან დაახლოებით 7 დღეში ალაგდა. რადიოლოგიურმა ტესტებმაც ფილტვებში მკვეთრი გაუმჯობესება აჩვენა.
ეს ყოველივე იმაზე მიუთეთებს, რომ გამომჯობინებული ადამიანის პლაზმას (CP-Convalescent Plasma) კოვიდ-19-თან ბრძოლაში შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგები აღმოაჩნდეს. თუმცა, მარტო 10 ადამიანზე დაკვირვება ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ პლაზმის პოტენციალზე მიუთითებს და მის სამკურნალო მეთოდად დამტკიცებას, გაცილებით უფრო მასშტაბური, რანდომიზებული (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული) კვლევა დასჭირდება.
„შესაძლებელია, რომ გამომჯობინებული ადამიანის პლაზმა, რომელიც სარს-კოვ-2 ვირუსის ანტისხეულებს შეიცავს (ვირუსის, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს), ინფექციის წინააღმდეგ ეფექტიანი აღმოჩნდეს. გამომჯობინებული ადამიანის პლაზმა კვლევის საგანი იყო სხვა რესპირატორული ინფექციების აფეთქებისას, მათ შორის 2009-2010 წლებში ეიჩ-1-ენ-1 (H1N1) ინფლუენზის ვირუსული პანდემიის დროს, 2003 წელს სარს-კოვ-1 ეპიდემიის და 2012 წელს მერს-კოვ ეპიდემიის დროს.
იმის მიუხედავად, რომ პლაზმა იმედისმომცემია, მას ჯერ არ უჩვენებია ეფექტიანობა კოვიდ-19-ის შემთხვევაში. ამიტომ ვიდრე პაციენტებში მისი რუტინული ადმინისტრირება მოხდება, მნიშვნელოვანია კლინიკური გამოცდებით დადგინდეს, რომ გამომჯობინებული ადამიანის პლაზმის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტიანია“ - აცხადებს შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაცია.
ზემოთ აღნიშნული ნაშრომი გამოქვეყნდა ორშაბათს, 6 აპრილს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში. კვლევა ჩინეთის 3 სხვადასხვა საავადმყოფოში ჩატარდა და მისი ავტორები ჩინელი მეცნიერები არიან.
პლაზმის გამოცდა ამერიკაში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტშიც იწყება. კლინიკური გამოცდა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს სულ რამდენიმე დღის წინ, პარასკევს, 3 აპრილს დაუმტკიცა. მანამდე, მარტში, ექიმების და მეცნიერებისგან შემდგარმა მულტიდისციპლინარულმა გუნდმა კვლევის დაფინანსებისთვის 4 მილიონი დოლარი მიიღო.
ექიმი არტურო კასადევალი, ჯონს ჰოპკინსის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი ფიქრობს, რომ პლაზმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უნდა გადაუსხან. მან ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევას ჩაუდგება სათავეში და კლინიკურ გამოცდებს ამერიკის სხვადასხვა საავადმყოფოში უხელმძღვანელებს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან გუნდში არიან ევან ბლოჰი, შმუელ შოჰამი, ენდი პეკოზი და დევიდ სალივანი.
კორონავირუსის შესახებ მსოფლიომ პირველად 2019 წლის დეკემბერში შეიტყო, როცა მწვავე რესპირატორულ სინდრომთან ასოცირებული პნევმონიით ჩინეთში ხალხი დაიღუპა. ეპიდემია მთელ მსოფლიოს სწრაფად მოედო და 2020 წლის 11 მარტს ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.
12 მარტს მსოფლიოში 81 ათასამდე ინფიცირებული და 3 ათასზე ოდნავ მეტი გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდებოდა. ერთ თვეზე ნაკლებ დროში კი დედამიწაზე კოვიდ-19-ით დადასტურებულად დაავადებულთა რაოდენობა მილიონნახევრამდე გაიზარდა. გარდაცვალების შემთხვევები 80 ათასამდეა.
კოვიდ-19-ის გართულებებით, შეერთებულ შტატებში 11 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ერთ დღეში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა ქვეყნის ეპიცენტრად მიჩნეულ, ნიუ-იორკის შტატში. 6-დან 7 აპრილამდე იქ 731 პაციენტი გარდაიცვალა.