ივლისის დასაწყისში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა პირველად მოიპოვეს მტკიცებულება, რომ ადამიანის გარდა, დედამიწაზე სხვა არსებებსაც შეუძლიათ კიდურების ამპუტაცია და ამ გზით სხვისი სიცოცხლის გახანგრძლივება. საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში, ფლორიდაში გავრცელებული ჭიანჭველების ერთ-ერთ სახეობაზე.
ამ ჭიანჭველათა ლათინური სახელწოდებაა Camponotus Fellah, ამერიკაში მათ “დურგალ” ჭიანჭველებად (Carpenter Ants) მოიხსენიებენ. ისინი ძირითადად ტყეებში ცხოვრობენ და ბუდეს უმეტესად ხეში იკეთებენ, უფრო ხშირად მკვდარ ხეებში, ან ხის ნაგებობებში. ეს ჭიანჭველების საკმაოდ მოზრდილი სახეობაა, სადაც მუშა ჭიანჭველების სიგრძეა 4-13 მმ, დედოფლის 9-20 მმ და მამრების 5-13 მმ.
ჭიანჭველათა სამკურნალო უნარები აქამდეც იყო ცნობილი. კერძოდ, სამეცნიერო ჟურნალში “ნეიჩერ” გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, ჭიანჭველის სხვა სახეობას (Megaponera nalis) სუბსაჰარის აფრიკის რეგიონიდან, შეუძლია ამოიცნოს ინფიცირებული ჭრილობა და პათოგენებთან საბრძოლველად, ის სპეციალური ანტიმიკრობული სეკრეციით დაამუშაოს, რომელსაც საკუთარი სხეულიდან გამოიმუშავებს. მეცნიერები მაშინ წერდნენ, რომ გადარჩენის შანსი ასეთ დროს 90%-ზე ადის. შესაძლოა, ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყაროს ადამიანებისთვის ახალი ტიპის ანტიბიოტიკების შექმნას.
მაგრამ, ფლორიდის შტატში გავრცელებული ჭიანჭველების შემთხვევაში, ამ სახეობას საერთოდ არ გააჩნია ის ჯირკვლები, რომელშიც ანტიმიკრობული სეკრეცია გამომუშავდება. და როგორ მოქმედებენ ისინი, თუკი ბუდეში მათმა მეზობელმა კიდურის დაზიანება მიიღო? როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაში, ეს ე.წ. “დურგალი” ჭიანჭველები კიდურის ამპუტაციას ამჯობინებენ და ამ პრაქტიკას ძალზე ხშირად მიმართავენ.
“ქირურგიული ჩარევის” პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: როდესაც მუშა ჭიანჭველა ფეხზე ჭრილობას იღებს, მას დანარჩენი მუშა ჭიანჭველები ჯერ ჭრილობას ულოკავენ და შემდეგ, დაახლოებით ექვსი წუთის განმავლობაში კბენენ ჭრილობის ზევით, სანამ მას ფეხის დაშავებული ნაწილი მთლიანად არ მოძვრება. მეცნიერთა დაკვირვებით, ეს ხდება დაშავებულთა შემთხვევების სამ მეოთხედში.
“მათ არამარტო ეს შეუძლიათ, მაგრამ ასევე აქვთ ჭრილობის დიაგნოსტიკის უნარი და მისი ადგილმდებარეობის მიხედვით, მკურნალობის ადაპტირება შეუძლიათ, რათა დაშავებულის გადარჩენის შანსი გაზარდონ. ეს ღირსშესანიშნავი რამ არის”, - უთხრა კვლევის წამყვანმა ავტორმა, გერმანელმა მეცნიერმა ერიკ ფრანკმა ვურზბურგის უნივერსიტეტიდან, ამერიკის საზოგადოებრივ მაუწყებელს (NPR). სწორედ ის ხელმძღვანელობდა მკვლევართა წინა ჯგუფს, რომელმაც გასულ წელს, აფრიკულ ჭიანჭველებში ანტიმიკრობული სეკრეცია აღმოაჩინა.
ახალი კვლევის მიხედვით, დიაგნოსტიკაში დიფერენცირება შემდეგნაირად ხდება: ჭიანჭველები ყველა დაშავებულს ამპუტაციას არ უტარებენ. თუ ჭიანჭველა კიდურის ქვედა ნაწილშია დაჭრილი, დანარჩენები ამ ფაქტს უყურადღებოდ ტოვებენ. მაგრამ, თუ ჭრილობა კიდურის ზედა ნაწილში მდებარეობს, სხეულთან ძალიან ახლოს, მაშინ ამპუტაცია თითქმის გარდაუვალია.
საქმე იმაშია, რომ ჭიანჭველებმა თითქოს უკვე იციან, რომ კიდურის ქვედა ნაწილში მიღებული ჭრილობა გარდაუვლად სიკვდილს იწვევს და ერთმანეთის გადარჩენას აღარც ცდილობენ. მეცნიერების დაკვირვებით, კიდურის ქვედა ნაწილში დაჭრის და ინფიცირების შემთხვევაში, ჭიანჭველების გადარჩენის შანსი მხოლოდ 15%-ია, ზედა ნაწილში კი 75%, რაც კიდურში სისხლის განსხვავებულ ცირკულაციას უკავშირდება. ზედა კუნთში სისხლის მიმოქცევა უფრო ნელია, რაც ინფექციის განვითარებასაც ანელებს და ჭიანჭველებს ამპუტაციისთვის მეტ დროს აძლევს.
პროცესში კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსია. დაჭრილმა ჭიანჭველამ თითქოს იცის, რომ ეს აუცილებელი პროცესია და დანარჩენებს წინააღმდეგობას არც კი უწევს, პირიქით, გაუწოდებს მათ დაშავებულ ფეხს და თითქოს ელოდება შედეგს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ესმის, ამპუტაცია გადარჩენისთვის სრულიად აუცილებელი რამ არის, მაგრამ თვითონ ამის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ საქმეს დანარჩენებს ანდობს.
მეცნიერების დაკვირვებით, ამგვარი “ქირურგიული ჩარევის” შედეგად, თითქმის ყველა ჭიანჭველა გადარჩა, მაშინ როცა ამპუტაციის გარეშე დარჩენილი ჭიანჭველები ხშირად იღუპებიან. ზოგადად, ველურ ბუნებაში ღია ჭრილობა ცხოველებში, ფრინველებში თუ მწერებში ინფიცირებისა და სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარ რისკფაქტორს წარმოადგენს.
მეცნიერები ჭიანჭველების ცხოვრებაში აღმოჩენილ ამ ფაქტს, მათ ევოლუციას მიაწერენ და არა ერთგვარ ზეინტელექტს. ვარაუდობენ, რომ ათასობით და შესაძლოა, მილიონობით წლის მანძილზე მიღებული გამოცდილებით, სხვა ბევრ უნარ-ჩვევასთან ერთად, ჭიანჭველებმა ამ ტიპის ცოდნა და გამოცდილებაც შეიძინეს და შესაბამისად “დაპროგრამდნენ” კიდეც.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის ავტორობით, ნაშრომი ჟურნალში Current Biology 2 ივლისს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან: ერიკ ფრანკი ვურზბურგის უნივერსიტეტიდან (გერმანია); დენი ბუფატი, ლორენ კელერი და ხუანიტო ლიბერტი ლოზანის უნივერსიტეტიდან (შვეიცარია) და ევან ეკონომო ოკინავას სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (იაპონია).