თინეიჯერებს, რომლებიც ალკოჰოლულ სასმელებს იღებენ, ზრდასრულ ასაკში ალკოჰოლიზმის და სხვა ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მეტი შანსი აქვთ. ახალი კვლევის ავტორები ამერიკელი მეცნიერები არიან, რატგერსის და ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტებიდან.
ნაშრომის შედეგები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხაზს უსვამს პრევენციული ინტერვენციის აუცილებლობას, როცა საქმე მოზარდებს და ადრეულ ასაკში ალკოჰოლის მიღებას ეხება. „გრძელვადიანი შედეგების შესწავლა კიდევ უფრო აღრმავებს ადრეული მიზნობრივი ინტერვენციის საჭიროების აღქმას, რასაც შეუძლია ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი გავლენის პრევენცია ან შემსუბუქება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მთელი სიცოცხლის განმავლობაში“ - ამბობს ანჯელა პასკალი, კვლევის წამყვანი ავტორი ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტიდან.
ახალი სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, 16-18 წლის ასაკში ალკოჰოლის სმა ადამიანის ჯანმრთელობას კვალს ათწლეულების შემდეგ ატყობს. ახალგაზრდებს ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები 20-30 წლის ასაკში შეიძლება დაეწყოთ. მათ სხვებთან შედარებით ცუდი ჯანმრთელობა აქვთ და გამოკითხვების მიხედვით, ზოგადადად, ცხოვრებითაც უფრო უკმაყოფილონი არიან.
მეცნიერებმა შეადარეს ფინელი ტყუპების 2 733 წყვილის გამოკითხვის შედეგები. ისინი გასული საუკუნის 70-იან წლებში არიან დაბადებული. კვლევის შედეგები არ შეცვლილა არც მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გენეტიკური და გარემოს ფაქტორების შესაძლო გავლენა გამორიცხეს.
ალკოჰოლის მოხმარების განსაზღვრის მიზნით, რამდენიმე ინდიკატორი გამოიყენეს, რომელთა შორის იყო ინტოქსიკაციის სიხშირე და ხარისხი. მაგალითად, ტყუპებისთვის დასმულ კითხვებს შორის იყო: რამდენად ხშირად სვამთ ალკოჰოლს; რამდენჯერ ყოფილხართ ძლიერ მთვრალი და ა.შ. პასუხებში კი იყო დაახლოებით ასეთი არჩევანი: ყოველდღიურად; დღეგამოშვებით; კვირაში ერთხელ; დღესასწაულებზე; არასდროს.
კვლევაში გამოყენებული, ტყუპებზე მრავალწლიანი დაკვირვების დიზაინი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარი „დიზაინი გვაძლევს საშუალებას ერთმანეთს შევადაროთ ალკოჰოლის მიღება და მისი შედეგები დროთა განმავლობაში, ერთი და იმავე ოჯახში“ - ამბობს კვლევის თანაავტორი, პროფესორი ჯესიკა სალვატორე, რატგერსის სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი პროგრამის დირექტორი.
ანალოგიური კვლევებისგან განსხვავებით, რომლებმაც თავის დროზე გამოავლინეს პირდაპირი კავშირი თინეიჯერობისას ალკოჰოლის მოხმარებას და გვიანდელ ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს შორის, ამ ახალი კვლევის მიხედვით, ვლინდება არაპირდაპირი გავლენა გრძელვადიან ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. „ჩვენი დასკვნები აჩვენებს, რომ მოზარდებში [ალკოჰოლის] მიღების შემთხვევაში, შედეგები ფიზიკურ ჯანმრთელობაზე 20 წლის შემდეგაც ვლინდება“ - აღნიშნავს პროფესორი სალვატორე.
კვლევის ლიმიტებს შორის სახელდება შემდეგი ფაქტორი: სამეცნიერო დასკვნები ეფუძნება გამოკითხვას, რომელშიც მონაწილეები საკუთარ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას თავად აღწერენ. შესაბამისად, ეს არ არის სტანდარტიზებული, გაზომვებზე დამყარებული დასკვნები.
ნაშრომის წამყვანი ავტორია ანჟელა პასკალი. კვლევას რატგერსის და ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტებიდან სულ 12 ავტორი ჰყავს. მასში ასევე მონაწილეობა მიიღო ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკო კაპრიომ, ფინელი ტყუპების შესწავლის პროგრამის დირექტორმა.
ნაშრომი პირველად 17 სექტემბერს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ალკოჰოლიზმი - კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევა“. ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტის პრესრელიზი 27 სექტემბრით არის დათარიღებული. კვლევის ელექტრონული ვერსიის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია „უილის ონლაინ ბიბლიოთეკის“ ვებგვერდის საშუალებით.