მოგვწონს თუ არა, ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში თანდათან უფრო მყარად შემოდის და ზოგ სფეროში დომინირებს კიდეც. სპეციალისტები წლის დასაწყისიდანვე ცდილობენ ინოვაციების პროგნოზირებას. დღეს რუბრიკაში „გალილეო“ 2018 წელს მოსალოდნელი 5 საყურადღებო სიახლე შევარჩიეთ, რომელზეც ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება.
1. რობოტების სიმრავლე
სპეციალისტების აზრით, ქუჩებში და შენობებში წელს ბევრ რობოტს ვიხილავთ. ხელოვნური ინტელექტის ნიმუშები განსაკუთრებით მრავლად შეგვხვდება დიდ შენობა-ნაგებობებში და მომსახურების სხვადასხვა სფეროში. რობოტებს ვნახავთ სასტუმროებში, საავადმყოფოებში, რესტორნებში, ქიმწმენდაში და ბევრ სხვა შენობაში. რობოტები მოზრდილი კომპლექსების და შოფინგ-ცენტრების დერეფნებში ივლიან, ქუჩებში კი მომხმარებელს შეკვეთილი ნივთის, თუ საკვების სახლში მიტანით მოემსახურებიან. ამერიკის დიდი ქალაქების მთავრობებმა ამ სიახლისთვის მზადება უკვე დაიწყეს. სან-ფრანცისკომ შესაბამისი კანონიც კი მიიღო, რომელიც ქუჩებში რობოტების რაოდენობას დაარეგულირებს.
2. მეტი ციფრული ცენტრალიზაცია
გამოცემა „ფორბსში“ დარწმუნებული არიან, რომ 2018 წელს ციფრული ინფორმაციის მეტი ცენტრალიზება მოხდება. გონიერი, ე.წ. სმარტ-ტექნოლოგიები, რომელთაც ჩვენ მოვიხმართ, სმარტ-ფონები იქნება ეს, ტაბლეტები, ტელევიზორები, ნავიგატორები და რიგ შემთხვევაში მაცივრები, თუ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნოლოგია, ერთმანეთთან კავშირს მეტად დაამყარებს და ადამიანს მათი კონტროლი ერთი ადგილიდან, ერთი ცენტრიდან შეეძლება. სმარტ-სპიკერები, რომელიც გასულ წელს დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯად ითვლება.
3. ტელემედიცინის დაწინაურება
გასული წელი სავარჯიშო, ე.წ. ფიტნეს-სამაჯურების აღმავლობის პერიოდად ითვლება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ წელს მათი გადაყრა მოგვიწევს, რადგან 2018 წელს გაიზრდება ჯანმრთელობის გაცილებით უფრო სერიოზულ კონტროლთან დაკავშირებული ახალი აპლიკაციების რაოდენობა. ტელემედიცინა, ანუ ტელეკომუნიკაციებზე და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დამყარებული დისტანციური მედიცინა, ფეხს ჩვენს ყოველდღიურობაში კიდევ უფრო მეტად მოიკიდებს. გაიოლდება პაციენტს და მედპერსონალს შორის რეალურ დროში კავშირი.
4. სმარტ-სახლები და სმარტ-ქალაქები
მოლოდინის მიუხედავად, მძღოლების გარეშე, ავტონომიურად მოძრავი ე.წ. სმარტ-მანქანებით ქუჩების გავსება ისევ გადაიდო. ავტომობილების უსაფრთხოება და რეგულაციების სრულყოფა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. სამაგიეროდ, ჩვენი სახლები გახდება გაცილებით უფრო გონიერი. წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გასვლისას თავისით ჩაქრება შუქი; გამოირთვება, ან შემცირდება კონდიცირება და გათბობა. სახლში შესვლისას, სახის ამომცნობი ტექნოლოგია გვიცნობს და არ ჩაირთვება სიგნალიზაცია; თავისით გაიღება კარი და აინთება შუქი. სმარტ-ქალაქების ხალხმრავალ ადგილებში სახის ამომცნობი ტექნოლოგიების რაოდენობა გაიზრდება, რომელიც სამართალდამცავებს დაეხმარება (ნიუ-იორკში უკვეა ამის პრეცედენტი); გაჩნდება გაცილებით მეტი სენსორი, რომელიც ჰაერის, ნიადაგის, თუ მდინარის წყლის დაბინძურებას გააკონტროლებს; გამრავლდება სენსორები, რომელიც ამოიცნობს ცეცხლსასროლი იარაღის ხმას და პოლიციას შეატყობინებს; მომრავლდება სმარტ-სადგომები, რომელიც მძღოლს თავისუფალ ადგილს მოუძებნის და მას პარკირებაში დაეხმარება.
5. მზადება 5G რევოლუციისთვის
თითქმის ყველა ექსპერტი მოელის, რომ 2018 წელი 5G ტექნოლოგიის შექმნაში გადამწყვეტი იქნება და ის გაცილებით რეალური გახდება. მობილური ტელეფონების კომპანიებში მისი გამოცდა უკვე მიმდინარეობს. ეს არის უკაბელო კომუნიკაციის ტექნოლოგიის მე-5 თაობა, რომელიც ევოლუციურად ახალი საფეხური იქნება მობილური მონაცემების გადაცემის საქმეში. 5G ტექნოლოგიის სტანდარტი ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ის გაცილებით, სულ ცოტა, 10-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე 4G, რომელსაც ჩვენ ახლა ვიყენებთ.