„მოდერნას“ ვაქცინა დელტას წინააღმდეგ შეიძლება საუკეთესო დაცვა იყოს
ვაქცინოლოგები ხშირად განმარტავდნენ, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინები ერთმანეთისგან ბევრი ნიშნით განსხვავდება და სხვადასხვა ტექნოლოგიით არის დამზადებული. მაგრამ, როგორც ირკვევა, თუნდაც ყველა „მრნა“ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინაც კი არ არის ერთნაირად ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით მუტაციას განიცდის.
მეიოს კლინიკაში ჩატარებული ახალი კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, „მოდერნას“ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა mRNA-1273 უფრო ეფექტურია კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, ვიდრე „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინა. ამის მიუხედავად, ორივე „მრნა“ ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში ვირუსის პირველად ინდოეთში ნაპოვნი ვარიანტის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს და ადამიანს დაავადების მძიმე ფორმებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან კარგად იცავს.
მეიოს კლინიკის ჯანდაცვის სისტემაში რეგისტრირებული 50 000 ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერები ამბობენ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ზოგადი ეფექტურობა კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ივლისში 42%-ზე ჩამოვიდა, მაშინ როცა თავიდან, დელტას გამოჩენისას 76% იყო. „მოდერნას“ კოვიდ-19-ის ვაქცინის ზოგადი ეფექტურობა კი დროის იმავე ინტერვალში 76%-ზე დაეცა 86%-დან. იმავე კვლევის მიხედვით, ივლისში, ფლორიდის შტატში „მოდერნას“ ვაქცინით აცრილებში, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები ივლისში 60%-ით უფრო ნაკლები იყო ვიდრე „ფაიზერით“ აცრილებში.
ნაშრომის ავტორებს არ აქვთ პასუხი აცრების დროში გამძლეობაზე, ანუ რამდენი ხნის შემდეგ იკლებს მათი ეფექტურობა და ამ მიმართულების შესწავლას მომდევნო კვლევაში გეგმავენ. მეიოს კლინიკის მეცნიერებს ასევე არ აქვთ პასუხი იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ეფექტურობაში განსხვავების მიზეზი: თავად ვაქცინა, ადმინისტრირებულ დოზებს შორის სხვაობა („მოდერნას“ ვაქცინა უფრო დიდდოზიანია), ორ დოზას შორის განსხვავებული დროის ინტერვალი და ა.შ.
მეიოს კლინიკის მეცნიერთა ნაშრომს ჯერ კოლეგების განხილვის და შეფასების ეტაპი არ გაუვლია. სამეცნიერო ჟურნალში ის მხოლოდ ამის შემდეგ გამოიცემა. კვლევის წინასაპუბლიკაციო ვერსია კვირას გამოქვეყნდა და მისი გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე: medRxiv.
მსგავსი შედეგები დამოუკიდებლად მიიღეს კანადელმა მეცნიერებმა, რომლებიც ხანდაზმულ პაციენტებს აკვირდებოდნენ. ისინიც თვლიან, რომ „მოდერნას“ ვაქცინა ორგანიზმში უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს, ვიდრე „ფაიზერ-ბიონტექის“ კოვიდ-19-ის ვაქცინა. მათი დაკვირვებით, ხანდაზმულებს ვაქცინების უფრო მაღალი დოზები, დამატებითი დოზები და სხვა დამატებითი პრევენციული ზომები ესაჭიროებათ. ტორონტოში დაფუძნებული ლუნენფელდ-ტანენბაუმის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ნაშრომი 8 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ახალი კვლევა აცრის რისკებზე
ივლისის ბოლოს, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) ექსპერტებმა კიდევ ერთხელ შეისწავლეს კოვიდ-19-ის ვაქცინებით აცრილი ადამიანების გაცილებით უფრო გაზრდილი და განახლებული მონაცემთა ბაზა. იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა საბჭომ რისკ-სარგებლის ანალიზი რამდენიმე მიმართულებით გააკეთა.
CDC-ის მეცნიერებს აინტერესებდათ იმ ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენების შესწავლა, რომლებიც კოვიდ-19-ზე აცრილ ადამიანებში ფიქსირდებოდა. ესენია: გილიან-ბარის სინდრომი და თრომბოზები, „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ და მიოკარდიტები „ფაიზერ-ბიონტექის“ და „მოდერნას“ „მრნა“ ვაქცინებით აცრის შემდეგ.
ახალმა კვლევამ განახლებული სტატისტიკური მონაცემებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკაში დამტკიცებული ამ 3 ვაქცინის სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადებით გამოწვეული სერიოზული გართულებების, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის შანსი. პანდემიის განმავლობაში ამერიკაში დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 614 000 გარდაიცვალა.
ანგარიშის მიხედვით, ამერიკაში ივნისის ჩათვლით ადმინისტრირებული „ჯონსონი და ჯონსონის“ 12.5 მილიონი დოზიდან, გილიან-ბარის სინდრომი აცრიდან 42 დღის განმავლობაში, 98 შემთხვევაში აღირიცხა. ერთი პაციენტი გარდაიცვალა. თრომბოზების დადასტურებული შემთხვევები კი ერთდოზიანი ვაქცინით აცრიდან პირველი 15 დღის მანძილზე, 38-ს არ აღემატებოდა.
რაც შეეხება მიოკარდიტების ფაქტებს, ანგარიში ამბობს, რომ 141 მილიონ ადამიანში, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ კოვიდ-19-ის მეორე დოზით აცრის შემდეგ, მიოკარდიტების 497 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევაშიც, მონაცემები ივნისის ჩათვლითაა შესწავლილი.
თრომბოზების რისკი მილიონ დოზაზე 3-ს შეადგენს, გილიან-ბარის -7.8-ს, მიოკარდიტების კი - 3.5-ს. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის კვლევა რისკებთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით განმარტებებს იძლევა ასაკის და სქესის მიხედვით. ანგარიში 10 აგვისტოს სრულად გამოქვეყნდა CDC-ის ვებგვერდზე.
კოვიდ-19-ის დამანგრეველი გავლენა ორსულებზე
ორსული ქალების კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ნაადრევი მშობიარობის და ძალზე ნაადრევი მშობიარობის რისკი გაცილებით უფრო იზრდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოს ფილიალის მეცნიერები, რომლებმაც 240 157 ორსული ქალის მონაცემები შეისწავლეს. ძალზე ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ ნაყოფის გაჩენას ჩასახვიდან 32 კვირაზე ადრე.
ინფიცირებულებში 60 პროცენტით უფრო მაღალია ნაყოფის ჩასახვიდან 32 კვირაზე ადრე მშობიარობის რისკი და 40%-ით უფრო მაღალია 37 კვირაზე ადრე მშობიარობის რისკი. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც ორსულს და ნაყოფს შეიძლება კორონავირუსის გამო შეექმნას, თუმცა ნაყოფისთვის ყველაზე სახიფათო რისკების შემცველია - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი დებორა კარაზეკი.
ძალზე შემაშფოთებელია მონაცემები, როდესაც ორსულს ერთი, ან რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება აღენიშნება. ჰიპერტენზიის (სისხლის მაღალი წნევა), დიაბეტის, ან ჭარბი წონის შემთხვევაში, ინფიცირებულ ორსულ ქალებში ნაადრევი მშობიარობის რისკი 160%-ით მეტია, ვიდრე ჯანმრთელ ქალებში. დაახლოებით 9 000 ინფიცირებულში, ნაადრევი მშობიარობა 11.8%-ში დაფიქსირდა, მაშინ როცა ჯანმრთელებში ეს მონაცემი 8.7-ს არ აღემატებოდა.
„ჩვენი შედეგები მიუთითებს ორსულებში პრევენციული ზომების მნიშვნელობაზე, მათ შორის ვაქცინაციაზე, რათა თავიდან ავიცილოთ ნაადრევი მშობიარობის შემთხვევები“ - აღნიშნავს პროფესორი კარაზეკი. მისი თქმით, „ორსულებს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული შეშფოთებები ვაქცინასთან და შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეგვეძლოს დიალოგის გახსნილად წარმართვა, რათა ვუპასუხოთ მათ იმ მტკიცებულებებით, რომლებიც აჩვენებს ვაქცინების უსაფრთხოებას და ასევე იმ რისკებს, რომლებიც ორსულების კოვიდ-19-ით ინფიცირებას ახლავს თან“.
ამერიკელი მეცნიერების ნაშრომი 30 ივლისს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ლანცეტი“. იმავე დღეს, ამერიკელ მეანთა და გინეკოლოგთა კოლეგიამ (ACOG) გამოსცა განახლებული გზამკვლევი, რომელიც ორსული ქალებისთვის კოვიდ-19-ზე აცრის მტკიცე რეკომენდაციას შეიცავდა.
ამერიკაში ორსული ქალების მხოლოდ მეოთხედზე ნაკლებს აქვს კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული, იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) ორსულებს კოვიდ-19-ის მაღალი რისკის ჯგუფებს შორის ასახელებს. აცრის რჩევას ცენტრი აქამდეც იძლეოდა, მხოლოდ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.
11 აგვისტოს კი, CDC-იმ ორსულებისთვის მკაფიო რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც ეფუძნება ამერიკაში დამტკიცებული სამი ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევას. „კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველასთვის, 12 წლის ასაკში და ზევით, მათ შორის ორსულებისთვის; მეძუძური დედებისთვის; მათთვის, ვინც ახლა ცდილობს დაორსულდეს; ან მომავალში დაორსულდება“ - ნათქვამია CDC-ის განახლებულ რეკომენდაციაში.
მესამე დოზის საჭიროება
ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კოვიდ-19-ზე მოსახლეობის მსხვილმასშტაბიანი აცრა დაიწყო და ვაქცინაციის წარმატებული პროცესის წყალობით, კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლიც კი მოიპოვა. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელების შემდეგ, რომელიც პირველად ინდოეთში იპოვეს, ინფიცირება ახლა ისრაელშიც იზრდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ვაქცინებით ორგანიზმისთვის მინიჭებული დაცვის თანდათან შესუსტების ბრალიც იყოს.
იმის დასადგენად, თუ რა როლს თამაშობს დროის ფაქტორი იმუნიტეტის შესუსტებაში, ისრაელში აკვირდებოდნენ „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გამძლეობას მეორე დოზის ადმინისტრირებიდან რამდენიმე თვეში. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 33 993-მა სრულად აცრილმა ზრდასრულმა ადამიანმა, რომელთა საშუალო ასაკია 47 წელი. ჯგუფის 49% ქალი იყო.
„ინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ინდივიდებში, ვინც ვაქცინის ბოლო დოზა სულ ცოტა, 146 დღის წინ მიიღო, უმეტესწილად - 60 წლის ზევით ასაკის პაციენტებში“ - ნათქვამია ნაშრომის დასკვნით ნაწილში. როგორც ისრაელის მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, „ფაიზერის“ მეორე დოზის მიღებიდან 5 და მეტი თვის შემდეგ, ადამიანს კოვიდ-19-ით ინფიცირების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე 4 ან ნაკლები თვის შემდეგ.
აცრილებს შორის ტესტზე დადებითი პასუხი, სულ 1.8%-ში მოვიდა. ინფიცირებულებს შორის ასაკობრივ ჯგუფებში განსხვავება ძალზე თვალსაჩინო იყო. 60 წლის ზევით ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის სამჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე შედარებით ახალგაზრდებში. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჰოსპიტალიზაცია სულ რამდენიმე შემთხვევაში გახდა საჭირო, მაგრამ ჯერ მონაცემთა ბაზაც ძალიან მწირია და საკმარისი დროც არ გასულა დასკვნების გასაკეთებლად დაავადების სიმწვავეზე, ვენტილატორების საჭიროებაზე და სიკვდილობაზე.
ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგები 3 აგვისტოს გამოქვეყნდა. მისი ავტორები დაკვირვების გაგრძელებას გეგმავენ. ნაშრომის წინასაპუბლიკაციო ვერსიის უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე: medRxiv.
ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში ჩატარებული რამდენიმე სხვა კვლევაც ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ამერიკაში დამტკიცებული ვაქცინებით შეძენილი იმუნიტეტი საშუალოდ 6 თვის შემდეგ სუსტდება. შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის ადმინისტრირების საკითხზე რამდენიმე კვირაა მსჯელობს. ხუთშაბათს გადაწყდა, რომ ვაქცინის მესამე დოზა დაუშვან მხოლოდ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. სხვადასხვა სახით მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ისრაელმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა.