ევროპის უძველესი ომი ახლანდელი გერმანიის ტერიტორიაზე მოხდა

ისრით გახვრეტილი თავის ქალა ბრინჯაოს ხანიდან, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-13 საუკუნით თარიღდება. აღმოჩენილია ახლანდელი გერმანიის ტერიტორიაზე. ფოტოს ავტორი: ვოლკერ მინკუსი.

გერმანიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის იარაღი და ადამიანის ძვლები, ევროპის კონტინენტის უძველეს ომზე მიუთითებს. ამასთან, ეს არ იყო მცირე ზომის შეტაკება ადგილობრივ ტომებს შორის, როგორც აქამდე ფიქრობდნენ. მოგვიანებით მიღებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაჭიმულ ველზე მასშტაბური, რეგიონთაშორისი კონფლიქტი მოხდა.

უახლესი ანალიზით დასტურდება, რომ ორთაბრძოლა ადგილობრივ მოსახლეობას და სამხრეთ ევროპიდან ჩამოსულ ორ არმიას შორის მიმდინარეობდა. გერმანელი მეცნიერების ახალი კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდა.

არქეოლოგებმა ანტიკური ომის ამ ადგილს პირველად ტოლენზეს ველზე, 1996 წელს შემთხვევით მიაგნეს და მას ათწლეულებია იკვლევენ. მას შემდეგ, რაც ერთმა დამწყებმა არქეოლოგმა მდინარე ტოლენზეს ნაპირზე, მიწიდან ამოშვერილი ადამიანის ძვლის ნაწილი იპოვა, ადგილზე დღემდე ნანახია 300-ზე მეტი მეტალის არტეფაქტი და 12 500-ზე მეტი ძვლის ნარჩენი, რომლებიც 150-ზე მეტი მეომრის უნდა იყოს.

არქეოლოგიური აღმოჩენა ბრინჯაოს ხანის პერიოდს მიეკუთვნება და როგორც ირკვევა, სულ ცოტა, 3 250 წლის წინანდელია. გერმანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მასშტაბური კონფლიქტი, რომელშიც ათასობით მეომარი მონაწილეობდა, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1250 წელს მოხდა.

არანაირი ტექსტობრივი ჩანაწერი ამ ომის თაობაზე აქამდე აღმოჩენილი არ არის. მეცნიერები ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ, იყო თუ არა ეს ომი რაიმე ტიპის სამეფოებს შორის, რომელთაც უკვე საკუთარი დინასტიები ჰყავდა, თუ უბრალოდ სამხედრო ლიდერებს შორის, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიას აკონტროლებდნენ. კვლევის ავტორთა აზრით, არ არის გამორიცხული, ეს ყოფილიყო მეომარ ჯგუფთა ერთგვარი მსხვილი კოალიციაც. დარწმუნებით ვერავინ ამბობს, თუ რომელ არმიებს შორის მოხდა ეს დიდი, მასშტაბური სისხლისღვრა.

მაგრამ, ახალი კვლევის მიხედვით, ნათელი მოეფინა იმას, რომ ერთ მხარეს ადგილობრივი ჯარი იბრძოდა, მეორე მხარეს კი ცენტრალური ევროპის სამხრეთიდან ჩამოსული ჯარი. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას გერმანელ მეცნიერებს იმ შეიარაღების ანალიზი აძლევს, რომელიც ცენტრალური ევროპის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში მზადდებოდა. საუბარია ბასრი მეტალის შეიარაღებაზე, როგორიცაა მაგალითად, ბრინჯაოს დანები, შუბის და ისრის თავები, რომელთაც მხოლოდ ბავარიის ნაწილში ან კიდევ უფრო შორს, მორავიაში, ახლანდელ ჩეხეთში იყენებდნენ.

ტოლენზეს ველზე ნაპოვნი ისრის თავები, რომლებიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-13 საუკუნით თარიღდება. აღმოჩენილია ახლანდელი გერმანიის ტერიტორიაზე. ფოტო ლიფ ინსელმანის და ჰოაკიმ კრუგერის.

მეცნიერებმა რამდენიმე გერმანული უნივერსიტეტიდან და მუზეუმიდან, 54-ზე მეტი ბრინჯაოს და კაჟის ქვის ისრისა და შუბის თავები შეისწავლეს და ისინი მთელი ევროპის კონტინენტის მასშტაბით ნანახ 4 700-ზე მეტ არტეფაქტს შეადარეს. ადგილზე დიდი ხმლები არ უპოვიათ, მაგრამ მიყენებული ჭრილობები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველსაც, რომ ამ ომში ხმლებს უკვე იყენებდნენ.

არტეფაქტების სამარხი ბერლინიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 128 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. არქეოლოგებმა სამარხში ასევე იპოვეს ცხენის ძვლებიც - სულ ცოტა, 5 ცხენის.

რაც შეეხება მეომრებს, მათი ძვლების ანალიზი ადასტურებს, რომ ისინი უკვე კარგად გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. ბევრს მრავლობითი ძალადობრივი დაზიანების კვალი აღენიშნება. მეომრები უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ, 20-დან 40 წლამდე. უმრავლესობა მამაკაცია, მაგრამ მათ შორის 2 ქალიც არის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბრძოლის ველზე 700-დან 1000-მდე ადამიანი უნდა დაღუპულიყო.

გერმანიაში ტოლენზეს ველის არქეოლოგიურ აღმოჩენამდე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ბრინჯაოს ხანა უმეტესად მშვიდობიანი იყო და იმ პერიოდში კულტურულ განვითარებაზე მთავარ გავლენას ვაჭრობა ახდენდა. მაგრამ, გასული საუკუნის მიწურულს ნაპოვნმა ამ მასშტაბურმა სამარხმა აჩვენა, რომ არც ბრინჯაოს ხანა ყოფილა დაცული დიდი, ძალადობრივი კონფლიქტებისგან.

ომის მიზეზიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გერმანელი მეცნიერების აზრით, ეს ომი დაახლოებით ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე კლიმატის, დაავადებებისა და სხვა პრობლემების გამო, მთელი იმპერიები დაიშალა. შესაძლოა მსგავსი პროცესები ევროპის ჩრდილოეთ ნაწილშიც მიმდინარეობდა.

მაშინ, ბრინჯაოს ხანაში, გერმანიისა და ბრიტანეთის მთების წვერზე ბევრი ციხესიმაგრე აშენდა, რომელთა დაცვასაც შედარებით დიდი და ძლიერი არმიები ესაჭიროებოდა. სწორედ ამ პერიოდით უნდა თარიღდებოდეს ევროპის ამ ნაწილში ერთ-ერთი პირველი სამხედრო ტექნოლოგიების წარმოშობა, რაც ამ მოზრდილ არმიებს ბრძოლის საშუალებას მისცემდა.

ახალი ნაშრომის ავტორები არიან გერმანელი მეცნიერები: ლიფ ინსელმანი, ჰოაკიმ კრუგერი, ფრანც შოპერი, ლორენც რამსტორფი და თომას ტერბერგერი. კვლევა 23 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი დეტალურად გაცნობა შესაძლებელია კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში „ანტიკური ხანა“.