გიორგი გახარია ამერიკის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ამერიკის თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

პრემეირის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობაზე, და ამერიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე თავდაცვის რეფორმის განხორციელებისა და უსაფრთხოების კუთხით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოწვევების წინაშეა რეგიონი. ასევე, მათ უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩოზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და საბრძოლო სასწავლო ცენტრზე ითათბირეს.

პრემიერმა გახარიამ მადლობა გადაუხადა მარკ ესპერს თავდაცვის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ მთავრობა მზადაა მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვის სფეროზე დახარჯოს, ხოლო ბიუჯეტის 20-%-მდე ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობის მოდერნიზებას მოხმარდეს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 2020-2030 წლების გეგმაზე, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარებისთვის.