ლიბიის მომავალი: ქაოსი, ისლამიზმი თუ სუფიზმი

ლიბიის მომავალი: ქაოსი, ისლამიზმი თუ სუფიზმი

რა ელის ლიბიას კადაფის გადაყენების შემთხვევაში?

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სახალხო მღელვარება გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ტუნისსა და ეგვიპტეში ხალხმა მთავრობები დაამხო, ამ ქვეყნებმა სტაბილურობა და უსაფრთხოება შეინარჩუნეს. თუმცა ლიბიის შემთხვევაში, თუ მუამარ კადაფი გადადგა, მდგომარეობა შეიძლება სულ სხვა მიმართულებით განვითარდეს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი გერი თომასი.

მუამარ კადაფი ლიბიას 1969 წლიდან მართავს, რაც ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგრამ კადაფის მმართველობის ხანგრძლივობა ბადებს კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რა ელის ლიბიას მისი გადაყენების შემთხვევაში?

ეგვიპტესა და ტუნისში ქვეყნის ლიდერები სახალხო მოძრაობებმა დაამხეს, ხოლო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამხედროებმა საკუთარ თავზე აიღეს. კერძო სადაზვერვო ფირმა „სტრატფორის“ ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის საკითხების ექსპერტი კამრან ბოხარი აღნიშნავს, რომ კადაფი შესაძლო გადატრიალების თავიდან აცილების მიზნით ლიბიის სამხედრო ძალებს განგებ ასუსტებდა.

„რეჟიმმა ქვეყანაში ავტონომიური სამხედრო დაწესებულების არსებობა არ დაუშვა.ყველაფერი კადაფის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების ირგვლივ იყო კონცენტრირებული. ლიბია ერთპარტიული ქვეყანა კი არ იყო, ეს იყო ერთპიროვნული ქვეყანა,“ - აღნიშნა კამრან ბოხარიმ.

წიგნების ავტორსა და ლიბიის ექსპერტს რონალდ ბრიუს სეინტ ჯონს კი მიაჩნია, რომ კადაფის გადადგომის შემდეგ ლიბიაში ვითარება დაიძაბება, მაგრამ იგი სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის შესაძლებლობას გამორიცხავს.

„გაურკვევლობის პერიოდი იქნება, მაგრამ იმედია სამოქალაქო ომი არ მოხდება. სამოქალაქო ომის მიზეზებს ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, რომ ლიბიის ტომების ხელმძღვანელობა წინ ნაბიჯს გადადგამს და გამონახავს საშუალებას რათა ქვეყანაში უფრო ეფექტური სახელმწიფო მართვის სტრუქტურა შეიქმნას,“ - აღნიშნა რონალდ ბრიუს სეინტ ჯონმა.

თუმცა ტომების ერთობა კითხვებს ბადებს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კადაფიმ ლიბიის ტომები, ქვეტომები და საგვარეულო კლანები დაასუსტა ან ფინანსური ხერხებით მათი ერთგულების მოპოვება სცადა. ჩარლზ გურდონი ლონდონში მდებარე პოლიტიკური რისკის საკონსულტაციო ფირმა „მენასის“ აღმასრულებელი დირექტორია. გურდონის აზრით კადაფიმ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის გულისწყრომა თავისი უგუნური ეკონომიკური პოლიტიკით გამოიწვია. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ქვეყნის ამჟამინდელი გაყოფა სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.

„შეინიშნება უკმაყოფილება, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები ძირითადად ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებს მოხმარდა, მაშინ როცა აღმოსავლეთ ლიბია მიტოვებულ იქნა. შედეგად უკვე დიდი ხნის მანძილზე ამ ორ რეგიონს შორის გარკვეული დაძაბულობა შეინიშნება. თუმცა ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა ლიბიელების უმრავლესობას სურს, რომ კადაფი დაუყოვნებლივ გადადგეს. ამას გარდა ხალხს ლიბიური იდენტურობა ჩამოუყალიბდა და იმედია, რომ ეს ეროვნული იდენტურობა კუთხურობასა და ტომობრივ დაყოფას დასძლევს,“ - განაცხადა ჩარლზ გურდონმა.

ექსპერტი კამრან ბოხარი აღწერს ერთ სცენარს, რომლის მიხედვითაც ლიბიაში სხვადასხვა საველე მეთაურებს შორის გაჩაღდება ბრძოლა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე კონტროლის დაწესების მიზნით რადგან ქვეყნის მოსახლეობა სწორედ იქ არის კონცენტრირებული. მაგრამ მეორე სცენარის თანახმად, არსებულ ვაკუუმს მცირე ჯიჰადისტური დაჯგუფება სახელწოდებით ლიბიური ისლამური მებრძოლი ჯგუფი დაიკავებს.

მაგრამ ჩარლზ გურდონი კადაფის გადაყენების შემთხვევაში ხსენებული ტერორისტული დაჯგუფებისა და ზოგადად ლიბიაში ისლამური ექსტრემიზმის საფრთხეს გამორიცხავს.

„ლიბიური ისლამი სუფიზმს ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისლამის ეს სახეობა ზომიერებითა და სოციალური კონსერვატიულობით გამოირჩევა. ლიბიელები შეურიგებელი სუნიტური ან შიიტური ისლამის მიმდევრები არ არიან. ამდენად ის მოსაზრება, რომ თითქოს ლიბიაში ერთი ან ორი ისლამური სახალიფო შეიძლება დაარსდეს მტკნარ სიცრუედ მიმაჩნია. ეს არ მოხდება. ლიბია კონსერვატიული ქვეყანა გახლავთ, მაგრამ ამით მე უწინარეს ყოვლისა სოციალურ კონსერვატიულობას ვგულისხმობ. რასაკვირველია ისლამი უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მაგრამ არა მგონია, რომ ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ უცებ ისლამური სახელმწიფო წარმოიქმნას,“ - დასძენს ჩარლზ გურდონი.