კულებას თქმით, დიდმა შვიდეულმა უკრაინის დახმარების კონკრეტული ნაბიჯები შეიმუშავა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დიდი შვიდეულის შეხვედრაზე. კუნძული კაპრი, იტალია. 19 აპრილი, 2024წ.

დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები შეთანხმდნენ „სპეციფიკურ ნაბიჯებზე“, რომლებიც საჭიროა რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინის დასახმარებლად.

განცხადება ამის თაობაზე 19 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკეთა. „ჩვენ განვსაზღვრეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები, უკრაინის დასახმარებლად გადადგამენ“,- თქვა კულებამ.

ამასთან, მან ევროპა გააფრთხილა, რომ რუსეთის "ტრიუმფალური გამარჯვების" შემთხვევაში, ევროპას ომში ჩართვა მოუწევს. კულებას თქმით, დასავლეთს აქვს შესაძლებლობა „უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ყველა საჭირო რესურსი, რათა [კიევმა] ევროპა უფრო დიდი ომისგან იხსნას“.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან დიდი შვიდეულის მინისტერიალის შემდეგ ისაუბრა. იტალიის კუნძულ კაპრიზე დიდი შვიდეულის შეხვედრები კვლავ გრძელდება.

ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ რაკეტები ამოეწურა და ვერ ახერხებს რუსეთის იერიშების მოგერიებას