ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დიდ შვიდეულში შემავალი სახელმწიფოები, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებისთვის, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ვაქცინას შეიძენენ. გეგმის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდება. დიდი ბრიტანეთი დიდი შვიდეული სამიტს მასპინძლობს, რომელიც სამ დღეს გასტანს.
ბორის ჯონსონმა ეს განცხადებას მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღარიბი ქვეყნებისთვის, „ფაიზერის“ კოვიდ-19-ის ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეიძენს. პრეზიდენტმა ბაიდენმა, იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ დიდი შვიდეულის ქვეყნებსაც მოუწოდა.
ასევე ნახეთ: ამერიკა ღარიბი ქვეყნებისთვის "ფაიზერის" 500 მილიონ დოზას შეისყიდის„ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ მსოფლიოს, თავი დააღწიოს ამ პანდემიას. ამას გლობალურ პარტნიორებთან ერთად მუშაობით გავაკეთებთ“ - განაცხადა ბაიდენმა.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთი 100 მილიონ დოზა ვაქცინას გაიღებს.
„გაერთიანებული სამეფოს ვაქცინების პროგრამის წარმატების შედეგად, ჩვენ ახლა გვაქვს სიტუაცია, როცა შეგვიძლია, ჭარბი მარაგი გავუზიაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. ამით ჩვენ პანდემიის საბოლოო დამარცხებისკენ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ“ - აცხადებს ჯონსონი.
კორნვოლში, ბრიტანულ კურორტზე, სადაც დიდი შვიდეულის სამიტი იმართება, პრეზიდენტმა ბაიდენმა დააზუსტა, რომ აშშ 200 მილიონ დოზას მიმდინარე წლის ბოლომდე გასცემს. 300 მილიონი დოზის გაცემა კი 2022 წლის პირველი ნახევრისთვის იგეგმება. ამას გარდა, გასულ კვირაში თეთრმა სახლმა მანამდე დამატებით წარადგინა ვაქცინების 80 მილიონი დოზის გაცემის შესახებ სამოქმედო გეგმა.
„ჩვენი მხრიდან ვაქცინების გაცემა არ გულისხმობს მიმღებთაგან რაიმე სარგებლის, ან დათმობის ნახვას. ჩვენ ამას სიცოცხლის გადასარჩენად ვაკეთებთ, პანდემიის დასრულების მიზნით“ - განმარტა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
Your browser doesn’t support HTML5
„ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტიანობაზე კიდევ ერთხელს საუბრობს კომპანის აღმასრულებელი დირექტორი.
„ჩვენ განვაგრძობთ ტესტირებას, როგორ რეაგირებს ვაქცინა ვირუსის ახლადწარმოქმნილ ვარიანტებზე“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ოფიცერმა ალბერტ ბურლამ. მისი თქმით, ჯერჯერობით ვირუსის ვერცერთი ახალი ვარიანტი, ვაქცინის მიერ უზრინველყოფილ დაცვას ვერ დაუძვრა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაქცინების დონაციის შესახებ განცხადებით, აშშ ასევე ცდილობს გათავისუფლდეს „ვაქცინების შემნახველი“ არასასიამოვნო რეპუტაციისგან. ორგანიზაციის "ჩატამ ჰაუსი" ამერიკის პროგრამის დირექტორი, ლესლი ვინჯამური აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ნათელი ნიშანია იმის, რომ აშშ არც ისე მძაფრადაა ორიენტირებული საკუთარ თავზე. ვინჯამური ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის და ასევე, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირველ თვეებში, არსებობდა გლობალური მასშტაბის შეშფოთება, რომ ვაშინგტონი ჭარბი მარაგის მიუხედავად, ვაქცინის დოზებს სხვებს არ უზიარებდა.