მომავალი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მთავრობა კოალიციური იქნება – ასეთი გახლავთ წინასწარი მოლოდინები. კოალიციური მთავრობის გამოცდილება საქართველოს ამ დრომდე არ ჰქონია და ეს უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობაში, უხეშად რომ ვთქვათ, „საკუთარი“ მინისტრები ეყოლებაიმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც პარლამენტში მოხვდება. ხოლო ის, თუ ვინ მოხვდება პარლამენტში, ამას დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს. არსებული რეგულაციის თანახმად, პარლამენტში მოსახვედრად 5 პროცენტიანი ბარიერის დაძლევაა საჭირო. იმ მოცემულობაში, როდესაც ქართულ პოლიტიკაში არსებული ყველაზე ფართომასშტაბიანი კოალიცია დაიშალა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ცალკ–ცალკე მოუწევს საკუთარ 5 პროცენტზე ზრუნვა. ეს პროცესი რომ იოლი ნამდვილად არ იქნება, ამას უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვაც აჩვენებს, რაც NDI-მ ჩაატარა. იმის გასარკვევად, თუ დაახლოებით რა სურათი შეიძლება ვიხილოთ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, ამერიკის ხმა რამდენიმე სპეციალისტს ესაუბრა.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი გუნდის მიერ შექმნილი მოლოდინები იმის თაობაზე, რომ საარჩევნო ბარიერი 4 ან 3 პროცენტამდე დაიწევდა, რაც უფრო მეტ პარტიას მისცემდა პარლამენტში მოხვედრის შანსს, გაქარწყლდა. ამერიკის ხმასთან საიას იურისტი გიორგი გოცირიძე აცხადებს: “4 პროცენტამდე ბარიერის დაწევის ინიცირებაც კი არ მომხდარა. ერთი თვის განმავლობაში რომც მოხდეს ინიცირება, ჩასატარებელია საყოველთაო სახალხო განხილვა, რასაც ასევე ერთი თვე დასჭირდება. საყოველთაო სახალხო განხილვების შემდეგ იწყება საპარლამენტო განხილვები, მაგრამ კონსიტუტცია ადგენს იმას, რომ ერთ სესიაზე უნდა იქნას მიღებული პირველი და მეორე მოსმენით. ანუ, იმავე სესიაზე მესამე მოსმენა არ ტარდება. მეორედან მესამე მოსმენამდე კი შუალედი არ შეიძლება სამ თვეზე ნაკლები იყოს. თუკი სამი თვე არაა მერე მოსმენიდან გასული, პარლამენტი ვერ მიიღებს ამ კონსტიტუციურ ცვლილებას. ეს პარლამენტი მუშაობას ასრულებს ივნისის თვეში. სავარაუდოდ, 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ შეიცვლება და ეს მოცემულობა დარჩება. თეორიული შანსიც კი არაა, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა 5 პროცენტიანი ბარიერი 4–მდე ან 3 მდე დაწიოს.“
არსებული მოცემულობის თანახმად, რასაც კვლევები აჩვენებს, ამ დროისთვის საარჩევნო ბარიერს გადალახავს „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, ხოლო მემარცხენე ძალებიდან უკვე გამოკვეთლია „პატრიოტთა ალიანსისა“ და „მრეწველების“ კოალიციის კონტურები.
ჯიპას პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე ამერიკის ხმასთან ასეთ კომენტარს აკეთებს: „ამ ბარიერის პირობებში, საარჩევნო ბარიერს ლახავს ალასანიას პარტია, გარდა, ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისა. ალბათ, პარლამენტში გავა ეგრეთ წოდებული, პატრიოტთა ალიანსიც. როგორც ვიცით, პატრიოტთა ალიანსი, შეიძლება, ვიღაც–ვიღავეებთან გაერთიანდეს. ჯერ უნდა გავარკვიოთ, რას იზამენ პატრიოტთა ალიანსი და დანარჩენი არასაპარლამენტო ოპოზიცია და შემდგომ შეძილება ვილაპარაკოთ, როგორი იქნება პარლამენტი. ის კი ფაქტია, რომ ვერც ერთი, ალბათ, ვერც ოცნება და ვერც ნაციონალური მოძრაობა 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს და ალბათ, ვიხილავთ კოალიციურ მთავრობას. დღევანდელი გადასახედიდან, კოალიციურ მთავრობას, ალბათ, მაინც ქართული ოცნება დააკომპლექტებს. მაგრამ, ჩემი ეჭვი მაქვს, რომ ეს იქნება საკმაოდ სუსტი, საკმაოდ არაკომპეტენტური მთავრობა, და გარდა ამისა, როგორც კოალიციურ მთავრობას, მას ექნება, ასე თუ ისე, საკმაოდ სუსტი პოზიციები, ვიდრე ერთპიროვნულად დაკომპლექტებულ ძველ მთავრობას. ამიტომ, დიდი შანსია, რომ ჩვენ მივიღოთ საკმაოდ სუსტი მთავრობა და საკმაოდ სუსტი მმართველობა, რასაც მოჰყვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც გამორიცხული არაა კოალიციური მთავრობის ხელში. იმიტომ რომ, რამდენადაა მზად ქვეყანა კოალიციური მთავრობისთვის, მით უმეტეს მაშინ, თუ ის იქნება არაკომპეტენტური, როგორც ის არის ახლა, გამოჩნდება. მე მგონი, შეიძლება, მზად აღმოჩნდეს ქვეყანა ამისთვის.“
საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერსაა ჩანიშნული. საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტიან ზღვარს არ ჩამოსცდება. უფრო მეტად პლურალისტული პარლამენტის სანახავად კი უფრო მეტი პოლიტიკური ალიანსია საჭირო.