ოპერიდან პოლიტიკაში

იმიტომ კი არა, რომ მე ძალიან კარგი პოლიტიკოსი ვარ, ან პიროვნება ვარ, მე გეტყვით ერთ რამეს: რომ დღეს ქვეყანაა ისეთ მდგომარეობაში, რომ მე ვიყავი იძულებული მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ჩემი ძალიან ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი ამ პოლიტიკურ ძალას სათავეში – პაატა ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძე ქართული საზოგადოებისთვის ახალი სახე არაა, თუმცა პოლიტიკაში ის ახალი ფიგურაა. ცნობილმა ქართველმა ბანმა დღეს პოლიტიკური პრეტენზიები გააცხადა, რის მოლოდინიც უკვე დიდი ხანია არსებობდა. იმდენად დიდი ხანი, რომ მისი არაპოლიტიკური ორგანიზაცია რამდენჯერმე მოხვდა კიდეც პოლიტიკური რეიტინგების დამთვლელ კვლევებში. მისი რეიტინგი გამოკითხვების თანახმად, არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალების რეიტინგს.

პაატა ბურჭლაძე ამბობს, რომ მისი იმედები პოლიტიკაში არავინ გაამართლა, ამიტომ თავად შეეცდება ვითარების შეცვლას. „ცხრა წელი კი არა, 25 წელი, საერთოდ, ვინც კი მოდიოდა პოლიტიკაში, ეს იქნებოდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი, მე ვიყავი მის გვერდით, რადგან რაღაც ახალი იქმნებოდა, რაღაც ახალი იმედი ეძლეოდა ხალხს. დღეს მე ვერ ვხედავ ვერავის, ვის გვერდშიც შეიძლება დადგომა. ეს ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ზუსტად ამიტომ, იმიტომ კი არა, რომ მე ძალიან კარგი პოლიტიკოსი ვარ ან პიროვნება ვარ, მე გეტყვით ერთ რამეს: რომ დღეს ქვეყანაა ისეთ მდგომარეობაში, რომ მე ვიყავი იძულებული მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ჩემი ძალიან ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი ამ პოლიტიკურ ძალას სათავეში“,– განაცხადა პაატა ბურჭულაძემ პრესკონფერენციაზე.

მმართველ გუნდში პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ განაცხადს ხალისით არავინ გამოხმაურებია. ზოგიერთმა პარლამენტარმა უმრავლესობიდან ის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერადაც კი მოიხსენია. ამ კომენტარებში იკითხება შიში იმის გამო, რომ პოტენციურად, პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერებს შორის არჩევნებზე ქართული ოცნების ამომრჩევლის ნაწილი აღმოჩნდება. ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს: „პაატა ბურჭულაძემ გადაწყვიტა თავისი გზით სიარული და ის განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა, მგონია მაინც მისი საყვარელი ოპერების ლიბრეტოს გადამღერება და სიტყვების რახა–რუხი. მე აზრი ვერ გამოვიტანე იმ სიტყვებიდან, რომელიც მან თქვა. ესაა, უბრალოდ, ლამაზი სიტყვების რახა–რუხი“.

პოლიტიკურად რამდენად გაიზარდა ამომრჩეველი საქართველოში, რამდენად მიაქცევს ის ყურადღებას პარტიების საარჩევნო პროგრამებს, ლიდერების პოლიტიკურ გამოცდილებას, თუ ის კვლავ აღმოჩნდება ქარიზმატული ლიდერის შარმით მონუსხული და შემდეგ იმედგაცრუებული, ამას, რა თქმა უნდა, არჩევნები აჩვენებს. ამერიკის ხმა პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

„ტრადიციულ პარტიებს გარკვეული ნდობის პრობლემა გაუჩნდათ ამომრჩევლებთან და ამით შეუძლიათ ისარგებლონ, მათ შორის ახალმა პარტიებმა, როგორიცაა, ვთქვათ ბურჭულაძის პარტია. ამ 60 პროცენტის ასათვისებლად (სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ამომრჩევლის 60 პროცენტს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე – ნ.დ.) კონკურენცია ძალიან დიდია. ამისთვის იბრძვიან თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები... რასაც ახლა ბურჭულაძის პარტიაც დაემატა. ასე რომ, გარანტირებულად ვერავინ ვერ იტყვის ახლა, რომ რაკი მან ახალი პარტია შექმნა და პოლიტიკაში შემოვიდა, აუცილებლად ხმების დიდ რაოდენობას მიიღებს.

მხოლოდ ერთ–ერთმა გამოკვლევამ და არა ყველამ, აჩვენა, რომ ამომრჩევლისგან აქცენტი კვლავ ქარიზმატულ ლიდერზე კეთდება და არა პროგრამაზე და იდეოლოგიაზე. ამით, გარკვეული პრობლემა შეიძლება შეიქმნას. თუმცა პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში, ერთი დეტალია, რაც განახვავებს მას წინამორბედებისგან. მას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, როგორც ეს იყო სააკაშვილის, ან ივანიშვილის შემთხვევაში.“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მთელი საქართველო მის გვერდშია. ამ დროისთვის ცხადი მხოლოდ ისაა, რომ პოლიტიკის გამტარებლად პრეტენზიებს პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირი კი არა, მომღერალი აკეთებს.