საფრანგეთის და ევროკავშირის ჯარი მალის ტოვებს

საფრანგეთს მალიდან საკუთარ შეიარაღებული ძალები გაჰყავს 9 წლის თავზე, მას შემდეგ რაც პარიზი იქ ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის ძალები მეზობელ, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში დარჩებიან.

მაკრონმა განაცხადა რომ მალის მმართველი სამხედრო ხუნტა ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ არ იბრძვის და სწორედ ამიტომ პარიზმა მიიღო გადაწვეტილება გავიდეს ქვეყნიდან, რადგან საფრანგეთი ვერ ჩაანაცვლებს ცენტრალურ მთავრობას.

ასევე ნახეთ: ქართველ ჯარისკაცებს მალიში გადაისვრიან

„ტერორის წინააღდეგ გამარჯვება შეუძლებელია, თუ მას მხარს თავად სახელმწიფო არ უჭერს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთს აფრიკის კონტინენტის საჰელის რეგიონში 4300 სამხედრო ჰყავს განთავსებული, აქედან 2400 მალიში. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, პასკალ იანიმ განაცხადა, რომ პარიზი გეგმავს კონტინგენტის 2500 სამხედრომდე შემცირებას.

პარიზი აცხადებს, რომ ძალები ქვეყანას ეტაპობრივად დატოვებენ და ქვეყნიდან გასვლას 4-6 თვე დასჭირდება.

მსგავსი განცხადება გააკეთეს ევროპის ლიდერებმაც. ბრიუსელის თქმით, ევროკავშირის ძალები ასევე გავლენ ქვეყნიდან. 2020 წლის აგვისტოში, სამხედრო ხუნტამ, ასიმი გოიტას ლიდერობით, მალიში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

ასევე ნახეთ: აფრიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტების საქმე საიდუმლოებით მოცული რჩება

„ჩვენ ვერ დავრჩებით სამხედრო კუთხით ჩართულნი [მალის ხელისუფლებასთან], ვისთანაც „ჩვენ არ ვიზიარებთ სამხედრო მიზნებსა და სტრატეგიას“, - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის თქმით, იქამდე, სანამ ისინი ქვეყანას დატოვებენ, უზრუნველყოფენ გაეროს სამშვიდობო მისიის უსაფრთხოებას.

მალის მთავრობასა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევდა ასევე მალიში რუსული ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული ძალების დაშვებას. ევროკავშირის განცხადებით, ვაგნერი მალიში ძალადობს და ადამიანის უფლებებს არღვევს. ამ დროისთვის საფრანგეთის განცხადებით, ქვეყანაში ვაგნერის ჯგუფის 800 მებრძოლია.

საფრანგეთის ჯარი მალიში 2013 წელს შევიდა, ისლამისტი ექსტრემისტების ხელისუფლებიდან განდევნის მიზნით. თუმცა, აჯანყებულებმა მოახერხეს გაერთიანება და მალის შეიარაღებულ ძალებზე და მის მოკავშირეებზე აგრძელებდნენ შეტევების მიტანას.