"ფრიდომ ჰაუსი" საქართველოზე: ოლიგარქ აქტორებს პოლიტიკაზე მეტისმეტად დიდი გავლენა აქვთ

"ფრიდომ ჰაუსის" 2019 წლის ანგარიში

ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“, 2019 წლის მსოფლიოს გარშემო თავისუფლების ინდექსის ფარგლებში, საქართველოს დეტალურ შეფასებას აქვეყნებს. ანგარიშის ვრცელ ვერსიაში, ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ 2012-2013 წლებში, მთავრობის ცვლილების დროს მიღწეული პროგრესი უკანასკნელ წლებში მცირდება.

„ოლიგარქ აქტორებს მეტისმეტად დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე, და კანონის უზენაესობა ჯერ ისევ პოლიტიკური ინტერესებით არის შემოსაზღვრული“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველომ 2019 წლის შეფასებით მცირედი უკუსვლა განიცადა. მისი ქულა ერთი ნიშნულით შემცირდა. თბილისი "ნახევრად თავისუფალი" ქვეყნების სიაში რჩება და საქართველოს ქულის კლების განმაპირობებელი 2018 წლის არჩევნები გახდა, რომლის დროსაც ორგანიზაციის ინფორმაციით, თავი იჩინა „ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის დაშინების“ ფაქტებმა.

ანგარიშში ორგანიზაცია, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ როლზე საუბრობს.

„ივანიშვილის არაფორმალური როლი, რომელსაც არ უკავია საჯარო თანამდებობა თუმცა აქვს მნიშვნელოვანი გავლენა აღმასრულებელ და საკანონდებლო გადაწვეტილების მიღების პროცესზე, ხელს უშლის არჩეული ოფიციალური პირების შესაძლებლობას განსაზღვრონ და განახორციელონ სამთავრობო პოლიტიკა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის როლს და გავლენას ფინანსური და ბიზნეს ინტერესების მიმართულებითაც.

„ივანიშვილის პოლიტიკის გავლენის კავშირი მის ფინანსურ, ბიზნეს ინტერესებთან და მულტი მილიარდ დოლარიან ქართულ თანაინვესტირების ფონდთან (GCF) მიმართებაშიც იკვეთება. ის 2013 წელს ამუშავდა და თბილისში მსხვილი უძრავი ქონების მშენებლობის პროექტებში აქტიურად არის ჩართული. 2017 წელს ბევრი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ეწინააღმდეგებოდა დიდ სამშენებლო პროექტებს, რომელიც თანაინვესტირების ფონდის მიერ იყო მხარდაჭერილი და ივანიშვილის პოლიტიკური კავშირების გამო ხელისუფლების მხრიდან უპირატესობა ენიჭებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია ასევე საუბროს კორუფციაზე და ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოს პროგრესისა წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში, ელიტური კორუფცია კლავ პრობლემად რჩება.

„[კორუფციამ] ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიზმის და ნეპოტიზმის ფორმა მიიღო. ანტიკორუფციული კანონების და რეგულაციების ეფექტური გამოყენება სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო ხელისუფლებაში, დამოუკიდებლობის ნაკლებობითაა გაუფასურებული და წარმატებული საქმეები მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ "ქართული ოცნების" ლიდერებთან, კვლავ იშვიათია“, - ამბობს ანგარიში.

ანგარიშში ასევე საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მათ ჩართულობაზე სამოქალაქო ცხოვრებაში. ანგარიში აღნიშნავს, რომ „2018 წელს, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა გააგრძელეს აგრესიული საჯარო განცხადებების გაკეთება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით“.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, „ფრიდომ ჰაუსის“ ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი, ცალკეული ქვეყნის ვრცელი შეფასებების გამოქვეყნებამდე, საქართველოს ქულის ცვლილებას განმარტავდა და ამბობდა, რომ ერთქულიანი ცვლილება არაა დრამატული, თუმცა ამის მიზეზი დიდწილად გასული არჩევნები იყო.

„არჩევნები, მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში წინა წლებში კარგად ტარდებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩათვლით. თუმცა, მეორე ტურში ვითარება გაუარესდა... მოსახლეობისთვის სესხების ჩამოწერის დაპირება, იმის მიუხედავად, ეს ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდა, თუ პოპულისტურ გათვლას, ნესბისმიერ შემთხვევაში ცუდად გამოიყურება. ეს არ არის არჩევნებისთვის შესაფერისი მიდგომა, განსაკუთრებით, ახლა, ამ ეტაპზე საქართველოში“, - ამბობდა ბერენტი „ამერიკის ხმასთან“.

ის „ამერიკის ხმასთან" აცხადებდა, რომ ქართული პოლიტიკის პრობლემად ორი ანგარიშვალდებულების არმქონე ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება რჩება.

„სამწუხაროა, რომ [ქართული პოლიტიკა] ჯერ კიდევ, ისეთ ორ პირს, ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ბრძოლაა, რომლებიც ხალხის მიერ არჩეული არ არიან, რომლებსაც არჩევითი თანამდებობა არ უკავიათ,"- ამბობდა ის. (ვრცელი ინტერვიუ ბერენტთან შეგიძლიათ იხილოთ აქ.)

2019 წლის კვლევა, სახელით “დემოკრატიის უკუსვლა" მსოფლიოში დემოკრატიის და ადამიანის თავისუფლებების მდგომარეობას სწავლობს.