პარიზი ვაშინგტონსა და თეირანს შორის

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის კვალდაკვალ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნაცნობ როლს ირგებს: ევროპის მთავარი ლიდერის და მომლაპარაკებლის.

მთავარ საერთაშორისო საკითხებზე, კლიმატური ცვლილებებიდან დაწყებული, „ონლაინ“ ექსტრემიზმით და ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებით დასრულებული, საფრანგეთის 41 წლის პრეზიდენტი მოვლენების ეპიცენტრშია.

გასულ კვირას, მაკრონი ვაშინგტონსა და თეირანს შორის მზარდი დაპირისპირების წინაზე აღმოჩნდა. ის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობს. მან თეირანში დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონე გააგზავნა და პრეზიდენტ ტრამპს ტელეფონზე ესაუბრა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ საფრანგეთი და ირანი 15 ივლისს დიალოგის გაგრძელების შესახებ ისაუბრებენ.

ელი გერანმაიემ, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოდან, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ემანუელ მაკრონი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელიც ცდილობს ირანის შეთანხმების წარმოუდგენელი ესკალაციის თავიდან აცილებას“.

თუმცა, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს და მის ევროპელ კოლეგებს ბევრი ბერკეტი არ გააჩნიათ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ევროპელებმა ირანის გაფრთხილებას, რომ ისინი შეთანხმებას დაარღვევენ, გვიან უპასუხეს.

შეთანხმების გადასარჩენად

გასულ კვირას, გაეროს ბირთვულმა სააგენტომ, საგანგებო შეხვედრა გამართა, რათა ირანის მიერ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევის საკითხი განეხილა. შეხვედრა შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა და მისი მიზანი სააგენტოს მხრიდან ირანზე ზეწოლის გაზრდა იყო.

რამდენიმე საათით ადრე შეხვედრამდე, ირანის მთავრობამ საფრანგეთი შეაქო, პარიზის მხრიდან დიპლომატიური მცდელობის გამო. „ფრანგები... ცდილობენ ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას“, - განაცხადა ირანის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერმა აბას მუსავიმ, ირანის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს „ირანის“ ინფორმაციით.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და ვაშინგტონის მიმართ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „დაშოშმინებისკენ“ უნდა გადადგას ნაბიჯები.

„ჩვენ ვართ სიტუაციაში, როცა ამერიკა-ირანის დაპირისპირება ევროპელებს დილემას უქმნის“, - ამბობს ტარა ვარმა, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს პარიზის ოფისის ხელმძღვანელი. „ვფიქრობ, ევროპის პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ ირანი ხელახლა დაეთანხმოს შეთანხმებას და ევროპის ერთიანი სახე აჩვენოს“, - თქვა მან.

ამ ეტაპზე, ევროკავშირის მხრიდან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელმომწერები - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია - რჩებიან პოზიციაზე, რომ შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს. შეთანხმება ბიზნეს ურთიერთობების განახლებას ითვალისწინებდა, საფრანგეთის „ტოტალმა“, „რენომ“, „ეარ-ფრანსმა“ და ბრიტანულმა ავიახაზებმა დიდხნიანი სანქციების შემდეგ, თეირანთან ურთიერთობა აღადგინეს, თუმცა განახლებული ამერიკული სანქციები მათ უქმნის შიშს, რომ შესაძლოა ჯარიმები დაუწესდეთ.

ევროპას ჯერ არ შეუმუშავებია გზები, თუ როგორ აუვლის გვერდს ამ სანქციებს. ივნისის ბოლოს, მათ განაცხადეს ახალი სისტემის „ინსტექსის“ შესახებ, რომლის მიზანიც მხოლოდ საკვებით და მედიკამენტებით ვაჭრობის, სანქციების მიღმა დატოვება იყო. ჯერ-ჯერობით უცნობია, შეუერთდა თუ არა მას რომელიმე ბიზნესი.

ევროპელ ლიდერებს დაგვიანებული რეაქციის გამო აკრიტიკებენ, თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებს ტარა ვარმა.

„ვფიქრობ, ძალიან გვიანი არაა“, - თქვა მან ევროპელებზე, „თუმცა ისინი უნდა დარჩნენ ერთიანნი. ეს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ევროპისთვისაა, როგორც სტრატეგიული მოთამაშის, არამედ ასევე - რეგიონალური სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა მან.