საფრანგეთმა „ჯუნგლების“ სახელით ცნობილი დევნილების ბანაკის დაცლა დაიწყო. ბანაკი საპორტო ქალაქ კალეში მდებარეობს და მთავრობა უახლოეს მომავალში მის დანგრევას გეგმავს. 8 ათასამდე ადამიანის ევაკუაციას პარიზი „ჰუმანიტარულ“ ოპერაციას უწოდებს და მის დასრულებას დაახლოებით ერთ კვირაში გეგმავს.
ბანაკის დაცლის პროცესს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. დევნილების ნაწილი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და სამართალდამცავებს ქვებს ესროდა. საფრანგეთის მთავრობა დევნილებს ქვეყნის სხვადასხვა ცენტრში გადანაწილებას დაპირდა და ასევე განაცხადა, რომ მათ საშუალება მიეცემათ თავშესაფარი მოითხოვონ.