ფრანსუა ოლანდი მთავრობის ფორმირებას შეუდგა

საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა მთავრობის ფორმირება დაიწყო. არჩევნების მეორე რაუნდში მან კონსერვატორი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა და საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა. ფრანგული მედიის ცნობით, ახალი ლიდერი ძალაუფლებას ოფიციალურად 15 მაისს გადაიბარებს.

საფრანგეთს 20 წელიწადზე მეტია მემარცხენე პრეზიდენტი არ ჰყოლია. ფრანსუა ოლანდის საარჩევნო პლატფორმა ეკონომიკური რეფორმების პრინციპულად განსხვავებულ პაკეტს ემყარება. სოციალისტი ლიდერი მდიდრებისთვის გაზრდილი გადასახადების დაწესებას და მთავრობისთვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სარკოზის დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ საფრანგეთის ეკონომიკაში არსებული პრობლემების გამო მოხდა. ელექტორატის უმრავლესობა აკრიტიკებს სარკოზის მკაცრ საბიუჯეტო შეკვეცებს, ქვეყანაში არსებულ უმუშევრობას და გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.