ოთხშაბათს რუსეთში პოლიციამ რამდენიმე ის ადამიანი დააკავა, რომლებმაც უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის მიერ დაბომბილ შენობაში დაღუპულებს მიაგეს პატივი. ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" უფლებადამცველი ჯგუფი "ოვდ-ინფო" ავრცელებს. ჯგუფი რუსეთში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების საკითხებზე მუშაობს.
მოსკოველები ლესია უკრაინკას მემორიალურ დაფასთან მივიდნენ, იქ დნიპროში დაბომბილი შენობის ფოტო დადეს და მასთან ყვავილები და სათამაშოები დააწყვეს. დაკავებულებს შორის იყო ქალი, რომელიც იმპროვიზირებულ მემორიალთან ძაღლთან ერთად მივიდა და ყვავილი დააწყო. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, პოლიციამ ის მანქანაში ძალით ჩასვა, ძაღლი კი უპატრონოდ ქუჩაში დატოვეს, რომელიც იქვე, მეზობლებმა შეიფარეს.
"ოვდ-ინფოს" ცნობით, მოსკოვში 2 ადამიანი მაშინ დააკავეს, როცა ისინი იქ ყვავილებს აწყობდნენ. პოლიციამ ასევე წაიყვანა იქვე, გვერდით მდგომი 2 მოსკოველი, რომლებიც სავარაუდოდ, სახელდახელოდ მოწყობილი აქციის მონაწილეებად მიიჩნიეს..
რუსეთი უარყოფს უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას. შენობას რაკეტა შაბათს მოხვდა და იქ სულ ცოტა, 45 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 6 ბავშვია. 20 ადამიანის ძებნა კი მაშველებმა უკვე შეწყვიტეს. რუსეთი, რომელიც უკრაინაში 24 თებერვალს კიდევ ერთხელ შეიჭრა, ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს და მშვიდობიანი მოსახლეობა მისი სამიზნე არ არის.
Your browser doesn’t support HTML5