ტრაგედია ფორტ ჰუდის ბაზაზე

ამერიკელმა ჯარისკაცმა არმიის 3 თანამშრომელი მოკლა, 16 დაჭრა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შეერთებული შტატების ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცმა არმიის 3 თანამშრომელი მოკლა, 16 დაჭრა და ბოლოს თავი მოიკლა. ბაზის მეთაური, გენერალ-ლეინტენანტი მარკ მილი აცხადებს, რომ თვითმკვლელობა ივან ლოპესმა ნახევრად ავტომატური იარაღით მას შემდეგ ჩაიდინა, რაც მას სამხედრო პოლიციის ოფიცერი მიუახლოვდა.

„ფაქტების თანმიმდევრობა და დრო 100 პროცენტის სიზუსტით ცნობილი არ არის. სავარაუდოდ ის ქვედანაყოფის შენობაში შევიდა, ცეცხლი გახსნა, ჩაჯდა მანქანაში და იქიდანაც ისროლა. შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან, შევიდა მეორე შენობაში და იქაც ისროდა, ვიდრე ის ფორტ ჰუდის სამართალდამცავებმა არ შეაჩერეს“ - აცხადებს გენერალ-ლეინტენანტი მილი. მისი თქმით, მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა დანაშაული, ოფიციალური ვერსიით, ტერორიზმთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ლოპესი 2011 წელს 4 თვის მანძილზე ერაყში იმყოფებოდა. ის ტრავმისშემდგომი სტრესით გამოწვეულ დეპრესიას და ფსიქიატრიულ აშლილობას მკურნალობდა.

პრეზიდენტმა ობამამ ჩიკაგოში გამოსვლისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. „გულდამძიმებული ვართ იმით, რომ მსგავსი რამ კიდევ მოხდა“ -განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა- იმ ადამიანთა შორის, რომლთაც „თავისუფლებას ამდენი რამ შესწირეს“.