ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კიდევ ერთი კანდიდატი ეყოლება. რონ დესანტისისა და დონალდ ტრამპის შემდეგ, ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმაც გადაწყვიტა საპრეზიდენტო რბოლაში ჩაბმა.
პენსი თავისი საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ ოფიციალურად თავის 64-ე დაბადების დღეზე, 7 ივნისს გამოაცხადებს. ინფორმაცია სააგენტო "ასოშიეთიდ პრესს" პენსის ახლო გარემოცვიდან ორმა ადამიანმა დაუდასტურა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
პენსის გუნდი აიოვის ადრეულ კენჭისყრას გადამწყვეტად თვლის გამარჯვებისკენ მიმავალ პოტენციურ გზაზე. მრჩევლები ამბობენ, რომ პენსი გეგმავს აგრესიული კამპანიის გატარებას კონსერვატიული, ევანგელურ ქრისტიანი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც შეადგენენ შტატის რესპუბლიკური ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს. პენსი აღიარებული სოციალური კონსერვატორია და მტკიცედ ეწინააღმდეგება აბორტის უფლებებს და მხარს უჭერს მის აკრძალვას ეროვნულ დონეზე.
ასევე ნახეთ: შვედეთის ნატოში გაწევრიანება - ალიანსის გენერალური მდივანი თურქეთში ჩადისმაიკ პენსი ინდიანის შტატის გუბერნატორი იყო, შემდეგ კი 2016 წელს, დონალდ ტრამპთან ერთად ჩაერთო საპრეზიდენტო რბოლაში და ვიცე-პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი. დონალდ ტრამპის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პენსი არ აქტიურობდა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მისი პოლიტიკური საქიანობაც გააქტიურდა.
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციის მოსაპოვებლად, კანდიდატებმა პრაიმერებსა და დებატებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ამის შემდეგ კი დარეგისტრირებული რესპუბლიკელი ამომრჩევლები გადაწყვეტენ, თუ ვინ იბრძოლებს მათი პარტიიდან მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.