ზბიგნევ ბზეჟინსკის დღეს კრძალავენ

ზბიგნევ ბზეჟინსკის დაკრძალვის ცერემონია პარასკევს, ვაშინგტონში წმ. მეთიუს რომაულ კათოლიკურ საკათედრო ტაძარში გაიმართება. ბზეჟინსკი ამერიკის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, საერთაშორისო პოლიტიკის ცნობილი ექსპერტი და მოაზროვნე.

„ქორისებური სტრატეგიის“ თეორეტიკოსი 86 წლის ასაკში, 26 მაისს, ვირჯინიის შტატში გარდაიცვალა.

ჯიმი კარტერი მას მოიხსენიებდა, როგორც განსაკუთრებულ, გამორჩეულ საჯარო მოხელეს, შესანიშნავ, თავდადებულ და ერთგულ თანამებრძოლს. ის ასევე იყო პრეზიდენტების ჯონ კენედისა და ლინდონ ჯონსონის მრჩეველი. ათწლეულების განმავლობაში მას უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბებაში.

ბზეჟინსკის უდიდეს მიღწევებს შორისაა 1978 წელს პრეზიდენტ კარტერისთვის გაწეული დახმარება ისრაელ-ეგვიპტეს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში. ის ასევე იყო ჩართული მოლაპარაკებებში პანამის არხის თაობაზე, ავღანეთში საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი მოჯაჰედების შეიარაღების საკითხში. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩავარდნილ მისიაში, რომელიც ირანში 52 ამერიკელი მძევლის დახსნას გულისხმობდა.

ალექსანდრ ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ბზეჟინსკის სიბრძნე გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო პოსტ-ცივი ომის პერიოდში ამერიკისა და ნატოსთვის.

თეთრ სახლში შთამბეჭდავი კარიერის შემდეგ, ბზეჟინსკიმ აკადემიური საქმიანობა გააგრძელდა და დარჩა გავლენიან ექსპერტად პოლიტიკის საკითხებში. ის იყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის მრჩეველი და კურატორი.