"ერგენიკონის" საქმეში მონაწილე პირებზე თურქეთის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
Your browser doesn’t support HTML5
სტამბოლოს სასამართლომ თურქეთის ისლამისტური ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით დაკავებულ გენერლებს, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს გრძელვადიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. ეს საქმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანსა და სეკულარულ ისტებლიშმენტს შორის ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის კულმინაციაა. სტამბოლიდან დორიან ჯონსი მოგვითხრობს.
ორშაბათს, თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ ხელმძღვანელს, გადამდგარ გენერალ ილკერ ბაშბუს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენით, ის ერგენიკონის სახელით ცნობილი ტერორისტული შეთქმულების მონაწილე იყო. ამ შეთქმულების მიზანს ხელისუფლების დამხობა წარმოადგენდა. სასამართლოზე ამავე ბრალდებით წარდგენილი 275 პირიდან უმრავლესობაც ასევე შეთქმულების საქმეში მონაწილეობის გამო დამნაშავედ ცნეს და წლები, ზოგიერთს კი რამდენიმე ათეული წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
საპატიმროში გამწესებული პირების უმეტესობას თურქეთის არმიის ყოფილი ოფიცრები წარმოადგენენ. თუმცა მათ გარდა ციხეში სასჯელის მოხდა ჟურნალისტებს, აკადემიკოსებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს და პარლამენტის ოპოზიციური ფრთის სამ წარმომადგენელს მოუწევს. დანარჩენი ოცდაერთი ბრალდებული კი სასამართლომ გაამართლა.
სასამართლო გადაწყვეტილება სტამბოლთან ახლოს, სილივრის საპატიმრო კომპლექსის სასამართლოში გამოცხადდა. მის გარშემო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, ჩაიკეტა საპატიმრო კომპლექსისკენ მიმავალი ყველა გზა. სტამბოლის პროვინციის გუბერნატორმა სასამართლოს წინ საპროტესტო აქციების ჩატარება წინასწარ აკრძალა, ხოლო ადრე ჩატარებული აქციის დროს პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ოპოზიციური ეროვნული მოქმედების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე, ოკტეი ვურალი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.
ოკტეი ვურალი: სასამართლოს პატიოსნება და სამართლიანობა აკლია, დღეს რაც ხდება სამწუხაროდ, იმის მაჩვენებელია, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ თამაშში გადაიზარდა. ეს ძალიან სამწუხარო სურათია, როდესაც თურქეთის არმიის ყოფილი ხელმძღვანელი გაასამართლეს, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამბობს ოკტეი ვურალი.
ხუთწლიანმა სასამართლო პროცესმა საზოგადოებრივი აზრი ორად გაყო, იყო კრიტიკა ხელისუფლების მიმართ იმის გამო, რომ ამ სასამართლო პროცესს მათ მიმართ კრიტიკის გასანეიტრალებლად იყენებდა. ხელისუფლება კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ამ პროცესს სამოქალაქო წესრიგისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თურქეთის სამხედროებმა 1960 წლიდან დღემდე ოთხი ხელისუფლება ჩამოაგდეს.
იმ დროიდანაც კი როდესაც პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ისლამისტური მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში 2002 წელს, დაძაბულობის ხარისხი მაღალი იყო არმიასთან, რაც სეკულარული სახელმწიფოს მთავარი ნიშანია.
თავის დროზე ძიება სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში იარაღის საწყობის აღმოჩენის გამო დაიწყო. სასამართლო დაწყებისთანავე ცხადი გახდა, რომ ეს იყო მცდელობა დასრულებულიყო სამხედროების ჩარევა პოლიტიკაში. თუმცა დროდადრო საქმის მიმართ დამოკიდებულება ბრალდებულთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად შეიცვალა. ბევრი მათგანი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეა, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდნენ.
ევროკავშირმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ხმა აიმაღლეს და შეშფოთება გამოთქვეს ამ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ეს შიშები საფუძველს მოკლებულად მიიჩნია და ამტკიცებდა, რომ ეს საქმე ახალი დემოკრატიული პროცესის დაწყებას ნიშნავს. კრიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ეს ამბავი ერთი ავტორიტეტული რეჟიმის მეორეთი ჩანაცვლების სიმბოლოს წარმოადგენს.
მოსალოდნელია, რომ მსჯავრდებულებმა სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ, რაც იმას ნიშნავს რომ დავა ერგენიკონის საქმეზე მალე არ დასრულდება.