ჯიმ მატისი, ამერიკის თავდაცვის ყოფილი მდივანი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან სირიიდან ჯარების გამოყვანის საკითხზე უთანხმოების მიზეზით გადადგა, დონალდ ტრამპს ამერიკელთა დაყოფის მცდელობისთვის აკრიტიკებს. ეს პირველი შემთხვევაა, რაც გადამდგარმა გენერალმა მატისმა პოსტის დატოვების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, დუმილი დაარღვია.
"ჩემს ცხოვრებაში, დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც არ ცდილობს ამერიკელები გააერთიანოს, და არც თავს გვაჩვენებს, თითქოს ამას ცდილობდეს", - დაწერა მატისმა გამოცემა "ატლანტიკში" (The Atlantic). "ამის ნაცვლად, ის ჩვენს დაპირისპირებას ცდილობს", დასძინა თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და საზღვაო ძალების ყოფილმა გენერალმა, რომელიც ამ დრომდე უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპზე კომენტარის გაკეთებას ერიდებოდა.
ასევე ნახეთ: "გჯეროდეთ ამერიკის და მტკიცედ იდექით მოკავშირეებთან ერთად" - მატისი თანამშრომლებს ემშვიდობება25 მაისის შემდეგ, რაც ჯორჯ ფლოიდი, შავკანიანი მამაკაცი მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა, ქვეყანა დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა. მოქალაქეები ამერიკის ათეულობით ქალაქში რასიზმს, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და სოციალურ უთანასწორობას აპროტესტებენ. ათობით ათასი დემონსტრანტი ქვეყნის მასშტაბით მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, თუმცა დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტებიც.
დონალდ ტრამპმა ერთგვარი სამხედრო ტონი გამოიყენა დემონსტრანტებზე საუბრისას და ამერიკის ქუჩებში ფედერალური ჯარის შეყვანითაც დაიმუქრა.
"ჩვენი ყურადღება არ უნდა იყოს გადატანილი რამდენიმე კანონდამრღვევზე", - წერს მატისი. "დემონსტრაციებზე ათობით ათასი პრინციპული ადამიანი გამოდის. ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ საკუთარი ღირებულებების დასაცავად ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა დავგმოთ და პასუხი ვაგებინოთ მათ, ვისაც ძალაუფლება აქვს და ვინც ჩვენს კონსტიტუციას დასცინის".
ჯიმ მატისმა "ატლანტიკში" გამოქვეყნებულ მასალაში პრეზიდენტ ტრამპს "უმწიფარი" ლიდერიც კი უწოდა. "სამწლიანი უმწიფარი ლიდერობის შედეგების მოწმე გავხდით. ჩვენ შეგვიძლია მის გარეშე გავერთიანდეთ, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების მემკვიდრეობით მიღბულ ძლიერებაზე დაყრდნობით. ეს არ იქნება იოლი, როგორც ბოლო რამდენიმე დღემ დაგვანახა, თუმცა ეს თანამოქალაქეებისადმი ჩვენი ვალია, წინა თაობებისადმი, რომელთაც სისხლით დაიცვეს ეს პირობა და ჩვენი შვილებისადმი" - წერს პენტაგონის ყოფილი შეფი, რომელიც პოსტზე თავის დროზე დონალდ ტრამპმა დანიშნა.
პრეზიდენტი ტრამპი ჯეიმს მატისის შეფასებებს ოთხშაბათსვე "ტვიტერზე" გამოეხმაურა. ტრამპმა მას "მსოფლიოს ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებული გენერალი" უწოდა.
"ალბათ ერთადერთი საერთო, რაც მე და ბარაკ ობამას გვაკავშირებს, არის ის, რომ ორივეს გვერგო წილად ჯიმ მატისის სამსახურიდან დათხოვნა, მსოფლიოს ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებული გენერლის. როცა გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა ვთხოვე, გადასარევი შეგრძნება მქონდა. მისი მეტსახელი "ქაოსი" გახლდათ, რაც მაშინ არ მომეწონა და "ცოფიანი ძაღლით" შევცვალე" - დაწერა პრეზიდენტმა "ტვიტერზე" ოთხშაბათს.