დავიწყებას მიცემული კონფლიქტები საქართველოდან

ვინ ფიქრობდა ყველაზე მეტს წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებზე ან კონფლიქტის მოგვარების გარკვეულ სტრატეგიაზე, ეს პარტიების პროგრამებში ჩანს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დღეს მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, პრიორიტეტებიც შესაბამისადაა განლაგებული. პოლიტიკური მოთამაშეები სოციალურ მესიჯებს უფრო ინტენსიურად აჟღერებდნენ, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების ინტეგრაციის აუცილებლობას საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან.

უშუალოდ კონფლიქტები არ იყო საარჩევნო კამპანიის დროს აქტუალური, თუმცა საკითხები, რომლებიც კონფლიქტებზე ახდენენ გავლენას, ბევრად უფრო აქტიურად იყო წამოწეული, ვიდრე სხვა წინასაარჩევნო კამპანიების დროს.
გიორგი კანაშვილი

​კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარების მიმართლებით არსებული მესიჯები გარკვეულწილად შეერწყა საგარეო პოლიტიკური მიმართულების დისკურსს. მაგალითად, ერთ–ერთი პარტია კონფლიქტის მოგვარებას ოკუპანტთან საერთო ენის გამონახვის გზით სთავაზობდა ამომრჩეველს. საარჩევნო კამპანიის დროს არ იყო საუბარი კონფლიქტებზე, სხვა კუთხე გახლდათ დაჭერილი. საგარეო პოლიტიკა და საგარეო ორიენტირები, ნამდვილად აქტიურად იყო წარმოდგენილი. ყველაზე განსაკუთრებულად ეს საკითხი ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს. მისი მთავარი წინასაარჩევნო თემა, რომლის ირგვლივაც ტრიალებდა მისი წინასაარჩევნო კაპანია, გახლდათ ეგრეთ წოდებული უბლოკო სტატუსი, რაც გასაგებია, რომ ირიბად უკავშირდება, კონფლიქტებსაც, საერთაშორისო პოლიტიკასაც და საგარეო ორიენტირებსაც. შესაბამისად, უშუალოდ კონფლიქტები არ იყო საარჩევნო კამპანიის დროს აქტუალური, თუმცა საკითხები, რომლებიც კონფლიქტებზე ახდენენ გავლენას, ბევრად უფრო აქტიურად იყო წამოწეული, ვიდრე სხვა წინასაარჩევნო კამპანიების დროს. მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოირიცხა კონფლიქტების თემა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სოციალური თემატიკის მნიშვნელობის მატებით აიხსნება – ამიტომ ჰქონდა ადგილი ხშირ საუბარებს პენსიებზე და სოციალურ დახმარებებზე“.

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იგი განსხვავებულ დინამიკას აკვირდება იმის მიხედვით, სამხრეთ ოსეთს ეხება საკითხი თუ აფხაზეთს:

როგორც ჩანს, ქართული საზოგადოება პრობლემის სიმწვავეს უფრო მეტად აფხაზური მიმართულებით აღიქვამს, ვიდრე სამხრეთ ოსეთის მიმართლებით. ხანდახან მე მაქვს განცდა, რომ საერთოდ დავიწყებულია ეს კონფლიქტი.
ნინო კალანდარიშვილი

„კონფლიქტები არ ყოფილა დებატების ძირითადი თემა პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებსა და მიდგომებში. იყო საკმაოდ სერიოზული ასიმეტრია ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტის მიმართ და შესაბამისად, თემები სრულებით განსხვავებული ინტენსივობით ჟღერდა. თუკი, კონფლიქტების შესახებ რაიმე ისმოდა, უმეტეს შემთხვევაში იგულისხმებოდა, ან პირდაპირ იყო მითითებული ქართულ–აფხაზური ურთიერთობები და ჩრდილში რჩებოდა ქართულ–ოსური ურთიერთობები. ფაქტობრივად, ეს საკითხი მარტო დაკავებების შემთხვევაში აქტიურდება. ანუ, გამოდის, რომ თუ არ არის პროვოცირება იქითა მხრიდან, ქართულ–ოსური კონფლიქტისა და ურთიერთობების საკითხი, ფაქტობრივად, გამქრალია საზოგადოებრივი დისკურსიდან. დღის წესრიგში, რა თქმა უნდა დგას, მაგრამ დისკურსში ნაკლებადაა, გაცილებით ნაკლებად, ვიდრე აფხაზური საკითხი... მოცემულობა აფხაზური მიმართლებით ობიექტურადაც განსხვავებულია: აფხაზები, რა თქმა უნდა უფრო აქტიურები არიან, უფრო გახსნილები, როგორც დასავლეთისთვის, ისე საკუთარი დამოუკიდებლობის იდეის დაცვის მიმართულებით. ამის შესახებ ისინი ბევრს მუშაობენ. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, მათი პოლიტიკა უფრო რთულია, რადგან ისინი თავად უფრო მეტად არიან ორიენტირებულები რუსეთთზე. როგორც ჩანს, ქართული საზოგადოება პრობლემის სიმწვავეს უფრო მეტად აფხაზური მიმართულებით აღიქვამს, ვიდრე სამხრეთ ოსეთის მიმართლებით. ხანდახან მე მაქვს განცდა, რომ საერთოდ დავიწყებულია ეს კონფლიქტი.“

ამასობაში კი კონფლიქტის ზონაში ცხოვრება ჩვეულ, დაძაბულ რეჟიმში გრძელდება. ორი დღის წინ სოფელ ფლავისმანიდან კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს. ტყვიავის თემის გამგებელი თამაზ დალაქიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „დააკავეს ფლავისმანში მაცხოვრებელი გიორგი ციცაგი, დაახლოებით 28–29 წლის ბიჭია. მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა. დაპატიმრებისთვის მოტივი, რუს მესაზღვრეებს, ალბათ არ სჭირდებათ –ოკუპანტი რის ოკუპანტია. ამ ტერიტორიაზე მავთულხლართი არაა და რუსების გადმოსვლა შეუზღუდავად ხდება, როდესაც უნდათ – ამის შესაბამიმსად გადაადგილდებიან. მომავალშიც არავინ არაა დაზღვეული ასეთი შემთხვევისგან. ჩვენ მოსახლეობას ყოველთვის ვეუბნებით, რომ მოერიდნონ გადაადგილებას მიმდებარე ტერიტორიაზე.“

რამდენიმე დღის წინ ჟენევაში შერეული დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართა კონფლიქტის მხარეებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, სადაც აფხაზურმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა აშშ–ის წარმომადგენლის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ აფხაზებისთვის შტატები ვიზების გაცემაზე დაბრკოლებებს არ შექმნის.