უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ამერიკული პროგრესის ცენტრის მკვლევარის სამუელ ჩარაპის სტატიით სათაურით „შეერთებული შტატები დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს რუსეთთან ურთიერთობას,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 23 ივლისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„შეერთებული შტატებისთვის მთავარი გამოწვევა ის არის, თუ რამდენად შესაძლებელია იმ ტენდენციების ხელის შეწყობა, რომლებიც რუსეთში უფრო ღია პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და იმადვდროულად შეეწინააღმდეგება ისეთ ტენდენციებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს.
ზოგიერთი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი გაფართოება სამთავრობთაშორისო ურთიერთობებისა რუსეთთან ისეთ გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, როგორიც არის ბირთვული მასალების გაუვრცელებლობა და ავღანეთის სტაბილიზაცია, მდგომარეობას აუარესებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ამგვარი თანამშრომლობა ფაქტობრივად ნიშნავს კრემლის მიერ თავისუფლებების შეზღუდვის მოწონებასა და ამ თავისუბლელებისადმი მტრულად განწყობილი რუსეთის ხელმძღვანელობის გაძლიერებას.
მაგრამ, თუ მოსკოვთან თანამშრომლობა სწორად წარიმართა, მაშინ ის რუსეთის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
პირველი, გაუმჯობესებული კავშირები გაზრდის იმის შესაძლებლობას, რომ შეერთებულ შტატებს მიეცემა საშუალება გამოხატოს საკუთარი შეშფოთება რუსეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ცხარე დისკუსიების გარეშე.
მეორე, მოსკოვთან თანამშრომლობა ძირს უთხრის „რუსეთის როგორც ციხე-სიმაგრის“ ეკონომიკური განვითარების მოდელს.
და, ბოლოს, წარმატებული სამთავრობთაშორისო თანამშრომლობა დროის განმავლობაში გაზრდის ისეთი ქცევის საფასურს, რომელიც ორმხრივ ურთიერთობას ძირს უთხრის.
ენერგიული თანამშრომლობა რუსეთის მთავრობასთან არ უნდა ნიშნავდეს რთული საკითხების უგულვებელყოფას და პარალელურად უნდა განვითარდეს რუსეთის საზოგადოებასთან პირდაპირი კონტაქტები. ამ მხრივ, ობამას ადმინისტრაცია სწორ განცხადებებს აკეთებს და ახალ იდეებს იხილავს, მაგალითად, პრეზიდენტების შეხვედრების პარალალურად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები იმართება, მაგრამ კონკრეტული შედეგები ძალზედ მწირია.“
პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ტომ პარფიტის სტატიით სათაურით „ბელარუსი და საქართველო ერთმანეთს ხვდებიან რუსეთის გამოწვევის მიზნით,“ რომელიც ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ ვებ გვერდზე 22 ივლისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„ბელარუსის დესპოტურმა მმართველმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და საქართველოს ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საეჭვო პოლიტიკური ალიანსი შექმნეს კრემლთან ‘მედიის ომის’ წარმართვის მიზნით.
ლუკაშენკო, კოლმეურნეობის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც ხშირად ევროპის ბოლო დიქტატორს უწოდებენ, და სააკაშვილი, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ერთი შეხედვით, საეჭვო მოკავშირეებს წარმოადგენენ. მაგრამ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა რადგან რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის სულ უფრო იზრდება დაძაბულობა იმის გამო, რომ მათ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება სურთ.
ბელარუსის ტელევიზიით ნაჩვენებმა სააკაშვილის ინტერვიუმ მოსკოვის რისხვა გამოიწვია და რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა ინტერვიუს ეროვნული ტელევიზიით გაშუქებას ‘არამეგობრული აქტი’ უწოდა. მაგრამ ბელარუსის მედიამ ამ დაშინებას რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ანგარიშის გამოქვეყნებით უპასუხა, რომელშიც რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის საქმიანობა მკაცრად არის გაკრიტიკებული.
ლონდონში მდებარე კვლევითი ორგანიზაცია „ჩათამ ჰაუსის“ ბელარუსის ექსპერტი არკადი მოშესი აღნიშნავს, რომ რუსეთ-ბელარუსის კონფლიქტი უწინარეს ყოვლისა უკავშირდება ლუკაშენკოს ბოლოდროინდელ მცდელობებს დასავლეთზე რეორიენტაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით,’რუსეთს სურს, რომ ბელარუსი დაუბრუნდეს კლიენტი სახელმწიფოს სტატუსს, როგორც ეს წარსულში იყო. მაგრამ ლუკაშენკოს ესმის, რომ მისი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და მეწარმეთა დიდი ნაწილი ევროპას მომავლის იმედს უკავშირებს, რაშინ როცა რუსეთი საბჭოთა წარსულის სიმბოლოდ რჩება. იგი ამ განწყობას ითვალისწინებს რადგან მას ხელისულფებაში დარჩენა სურს.’
გასულ წელს ევროკავშირმა წამოიწყო აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამა, რომელიც ევკოკავშირთან აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფოს, მათ შორის ბელარუსის და საქართველოს, დაახლოებას ისახავს მიზნად, რამაც რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია.
ხოლო ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ ისიც განაცხადა, რომ მან ევროკავშირის ყოფილ მაღალჩინოსან დიპლომატს ხავიერ სოლანას მიმართა კითხვით, ძალუძს თუ არა ევროკავშირს შეცვალოს რუსეთი და გახდეს ბელარუსის მთავარი ფინანსური პატრონი.“