უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელ გამოშვებას ვიწყებთ ჟურნალ „ფორეინ ეფეირსის“ ვებ გვერდზე 20 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიით სათაურით „ევრაზიის ახლებურად წარმოდგენა,“ რომლის ავტორები არიან სამუელ ჩარაპი და ალექსანდროს პეტერსენი. სტატიაში ვკითხულობთ:
„შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე გამახვილებული პოლიტიკის ნაცვლად შავი ზღვისა და შუა აზიის რეგიონის ქვეყნების მიმართ ახალი, ინდივიდუალური მიდგომა უნდა შეიმუშავოს. ვაშინგტონმა თითოეული ქვეყნის მიმართ ამ ქვეყნის დამახასიათებელ თვისებებზე დამყარებული მიდგომა უნდა ირჩიოს. ამ რეგიონის აღქმა როგორც სადავო ტერიტორიების ერთობლიობა წარსულს უნდა ჩაბარდეს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ ვაშინგტონი საკუთარ გრძელვადიან ინტერესებსაც დაიცავს და თავიდან აიცილებს მეცხრამეტე საუკუნის გეოპოლიტიკურ მეტოქეობას, რომელიც დიდი თამაშის სახელით არის ცნობილი. ობამას ადმინისტრაციამ შეიძლება ‘გადატვირთა’ რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ ევრაზიის მიმართ ახლა კარგად გამოკვეთილი, პარალელური სტრატეგიის შემუშავების დრო დადგა. ეს სტრატეგია ყველა სხვა სახელმწიფოსთვის გამჭვირვალე უნდა იყოს და რეგიონის თითოეულ სახელმწიფოში შეერთებული შტატების განსაზღვრულ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
ახლა როდესაც ამერიკა-რუსეთის სტრატეგიული მეტოქეობა შემცირდა, ვაშინგტონმა უნდა შესძლოს ევრაზიული სახელმწიფოების მიმართ პოლიტიკის ახლებური ფორმულირება. ახალი სტრატეგია სამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. პირველი, შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ ქვეყნების მიმართ მათ შესაბამის უპირატესობებს უნდა ეფუძნებოდეს. როცა პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ევრაზიის რეგიონს მხოლოდ რუსულ ჭრილში განიხილავენ, მათ ავიწყდებათ ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც უკავშირდება იმას თუ რა ინტერესები გააჩნია შეერთებულ შტატებს ამა თუ იმ ორმხრივ ურთიერთობებში გარდა იმისა, თუ რამდენად გამოსადეგია ესა თუ ის სახელმწიფო პოტენციური რუსული ექსპანსიის შეკავების თვალსაზრისით. მაშასადამე ევრაზიისადმი ახლებური მიდგომა უნდა დაიწყოს ამა თუ იმ ქვეყნის უპირატესობების საღი შესწავლით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ისეთი ფაქტორები როგორიც არის ქვეყნის გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობა, ბუნებრივი რესურსების ბაზა, სავაჭრო შესაძლებლობები, ეკონომიკური პოტენციალი, დიპლომატიური გავლენა, და თავდაცვითუნარიანობა, ისევე როგორც უარყოფითი ფაქტორები, კორუფციის, არასტაბილურობისა და ტრანსნაციონალური საფრთხეებისგან დაუცველობის ჩათვლით.
მეორე, შეერთებული შტატები უნდა თანამშრომლობდეს ევრაზიულ ქვეყნებთან არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროებში არამედ დიპლომატიური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით. ცივი ომის დასასრულიდან მოყოლებული სახელმწიფო დეპარტამენტის, ვაჭრობის დეპარტამენტისა და შეერთებული შტატების სხვა სამთავრობო უწყებების ეგიდით განხორციელებულმა ძალიან შეზღუდულმა გაცვლითმა პროგრამებმა ადამიანური კაპიტალის შექმნასა და ევრაზიაში მდგრადი განვითარების კონტექსტში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. გაცვლით პროგრამებსა და კონფერენციების ჩატარებას, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, სახელმწიფო მოხელეები, მეწარმეები, მუსიკოსები და ჟურნალისტები, არ უნდა ენიჭებოდეს ნაკლები ყურადღება ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორებიც არის აზერბაიჯანი, მოლდოვა და უზბეკეთი.
მესამე, რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკა გამჭვირვალეობას უნდა უსვამდეს ხაზს. იმავდროულად ვაშინგონტმა უნდა უგულვებელყოს რუსეთის ‘გავლენის სფეროების’ ცნება ისევე როგორც ევრაზიული მთავრობების ნულოვანი ჯამის თამაშზე დამყარებული არგუმენტები. ვაშინგტონს რეგიონში ჩართვის გამო საბოდიშო არაფერი უნდა ჰქონდეს, მაგრამ იმავდროულად ამერიკა მზად უნდა იყოს რუსეთთან თანამშრომლობისთვის ისეთ საკითხებზე, რომელიც ორივე მხარისთვის საჭირბოროტოა, იქნება ის ტრანსნაციონალური საფრთხეების განეიტრალება თუ კასპიის ზღვის აუზის უსაფრთხოება. არსებითი მაგრამ მკვეთრად არაკონფრონტაციული თანამშრომლობა შეერთებული შტატების გავლენას ევრაზიულ საქმეებში მხოლოდ გაზრდის. იმავდროულად მოსკოვს ნულოვანი ჯამის თამაშის ხაფანგიდან გასვლის შესაძლებლობა მიეცემა და მისთვის რეგიონში დესტაბილიზაციის საფასური მნიშვნელოვნად გაიზრდება.“
მიმოხილვას ვასრულებთ ჩარლზ კინგისა და რაჯან მენონის ნარკვევით „კავკასიის პატიმრები,“ რომელიც ჟურნალ „ფორეინ ეფეირსის“ ივლის-აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„ჩრდილოეთ კავკასიაში უმთავრესი საკითხი არის ის თუ რა ადგილს იკავებს ეს რეგიონი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში. მანამ ვიდრე რუსეთის ხელისუფლება ლაქიებისა და ძალის გამოყენების მეოხებით რეგიონში წესრიგის შენარჩუნებას აპირებს, ჩრდილოეთ კავკასია დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელიც აქ მეფის დროინდელ რუსეთში შეინიშნებოდა, ანუ ეს იქნება რუსეთის მოუსვენარი და ეგზოტიკური დანამატი. დღეს-დღეობით ნებისმიერი პირი, რომელიც ამ რეგიონში მოგზაურობას გადწყვიტავს, დარწმუნდება, რომ ძალიან ადვილია იმის დავიწყება, რომ ეს ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის. მხოლოდ საგზაო გამშვები პუნქტების სიმრავლე თუ შეახსენებს მგზავრს, რომ ის ჯერ კიდევ რუსეთში იმყოფება. აქ ხომ გადაადგილება იმდენად გართულებულია საგზაო გამშვები პუნქტების გამო, რომ ერთი რესპუბლიკიდან მეორეში გადასვლა უცხო ქვეყანაში მოგზაურობას წააგავს. მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ გარე დამკვირებელების აზრით, ჩრდილოეთ კავკასია რუსეთისგან განსხვავებული რეგიონია. ბევრად უფრო შემაშფოთებელია, რომ ამ მოსაზრებას თვით რუსებიც იზიარებენ. როგორც რეგიონის წამყვანმა სპეციალისტმა ალექსეი მალაშენკომ აღნიშნა, მოსკოვში ჩრდილოეთ კავკასიას უკვე ‘შიდა საზღვარგარეთს’ უწოდებენ.
ეს აღქმა ორმხრივია. მართალია ჩრდილოეთ კავკასიაში მოსკოვის მხარდაჭერით აღჭურვილმა ადგილობრივმა პოლიტიკურმა ელიტამ უმეტეს შემთხვევაში დიდძალი ფული სწორედ რუსეთში იშოვა, რეგიონის რიგითი მცხოვრებლნი სულ უფრო ხშირად საზღვარგარეთ იყურებიან განვითარების წარმატებული მოდელების მისაბაძად - ამანში, ქაიროში, სტამბოლსა თუ ნიუ ჯერსიში. ჩრდილოეთ კავკასიის მომავალი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შესძლებს ეს რეგიონი თანაბარი უფლებების მოპოვებას რუსეთის სახელმწიფოებრიობის ფარგლებში, რომლის ჩამოყალიბებაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თუ მოსკოვი მთელ ენერგიასა და ძალისხმევას დანარჩენი რუსეთისგან ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემების იზოლაციას დაუთმობს, მაშინ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობისთვის რუსები შორეული და უმნიშვნელო მბრძანებლები გახდებიან.“