აფხაზეთი ბაღაფშის შემდეგ და თურქეთის არჩევნები

აფხაზეთი ბაღაფშის შემდეგ და თურქეთის არჩევნები

უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელ გამოშვებას ვიწყებთ სტატიით სათაურით „ოპოზიციის ერთი ნაბიჯი წინ,“ რომელიც ჟურნალ „ეკონომისტის“ ვებ გვერდზე 2 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„12 ივნისს დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში თურქი ამომრჩევლები ბატონ ერდოგანს ახალი ვადით აირჩევენ, რაც გასაკვირი როდია. თუმცა ეს გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბატონი ერდოგანი იმდენად მაღალი პოპულარობის რეიტინგით სარგებლობს, რომ არ არის გამორიცხული, რომ იგი პარლამენტში ადგილების ორ მესამედს მოიპოვებს, რაც მას ცალმხრივად კონსტიტუციის შეცვლის უფლებას მისცემს. ეს კი თურქეთისთვის ცუდი იქნება.

მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შეუზღუდავი მართვა ნამდვილ შეშფოთებას იწვევს არა რელიგიური საკითხების, არამედ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების გამო. მას შემდეგ რაც ბატონმა ერდოგანმა არმიისა და სასამართლოს მხრიდან გამოწვევები დასძლია, მის პოლიტიკურ გავლენას აღარავინ აბალანსებს. შედეგად ერდოგანისთვის დამახასიათებელი კრიტიკის აუტანლობა და მისი ავტოკრატიული ინსტინქტები აშკარად გამოიკვეთა. ამას გარდა, კორუფცია განუხრელად იზრდება. პრესის თავისუფლება იზღუდება. ამ შემაშფოთებელი ტენდენციის ერთი უტყუარი დადასტურება გახლავთ ის, რომ თურქეთის ციხეებში უფრო მეტი ჟურნალისტია გამოწყვდეული ვიდრე ჩინეთში. ამას გარდა, ბატონ ერდოგანის კრიტიკოსებისა და მტრების მზარდი რიცხვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ზოგ შემთხვევაში მათ აშკარად გაზვიადებული კონსპირაციული ბრალდებები წაუყენეს.“

სტატიის ავტორი თვლის, რომ „ბევრად უმჯობესი იქნებოდა, თუ არჩევნების შემდეგ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრებით დაკომპლექტებული ახალი მთავრობა სხვა მიდგომას მიმართავდა. თურქეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და ინტერესთა ჯგუფებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე უნდა მოხდეს. ამისთვის კი საჭიროა, რომ თურქმა ამომრჩევლებმა მთავარ ოპოზიციურ პარტიას - სახალხო რესპუბლიკურ პარტიას - ხმები მისცენ.“

სტატიის ავტორს სჯერა, რომ „მომავალ მთავრობას სამართლიანობისა და განვითარების პარტია დააკომლექტებს. მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ თურქი არმომრჩევლების გარკვეული ნაწილი სახალხო რესპუბლიკურ პარტიას მისცემს ხმას. ეს ქვეყნის კონსტიტუციაში ცალმხრივი ცვლილებების შეტანის რისკს შეამცირებს და ოპოზიციას შემდგომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას მისცემს,“ აცხადებს „ეკონომისტი.“

მიმოხილვას ვაგრძელებთ ლინკოლნ მიჩელის სტატიით სათაურით „აფხაზეთი: მოულოდნელი სიკვდილი გაყინული კონფლიქტის შეცვლის შესაძლებლობას ქმნის,“ რომელიც ვებ გვერდ Eurasianet.org-ზე 1 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში ბევრი მოსაზრება შეინიშნება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იქნება ბაღაფშის მემკვიდრე. ადრინდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა შეიძლება აფხაზეთის პოლიტიკური განვითარება შეცვალოს. თუ, ერთის მხრივ, არჩევნები დარღვევებით წარიმართა და შედეგი გაყალბებულად ჩაითვალა, ხოლო მოსკოვმა აფხაზი ხალხის ნების საპირისპიროდ ხელისუფლებაში საკუთარი კანდიდატი მოიყვანა, მოვლენების ამგვარი განვითარება აფხაზეთის ლტოლვას დამოუკიდებლობისკენ მნიშვნელოვნად შეასუსტებს. საქართველოს მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთის ექსპანსიონიზმის ფასადს წარმოადგენს, შესაბამისად განმტკიცდება. თუ, მეორეს მხრივ, აფხაზ ამომრჩევლებს ყოველგვარი დაშინებისა და მუქარის გარეშე თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცათ, კანდიდატები მედიის საშუალებებს შედარებით თანაბრად გამოიყენებენ და რუსეთის მხრიდან ჩარევა ნაკლები იქნება, მაშინ მსოფლიო აფხაზეთის შესახებ სულ სხვა გზავნილს მიიღებს,“ წერს მიჩელი და აგრძელებს:

„ამას გარდა, წარმატებული არჩევნები აფხაზეთის მიმართ ამერიკის ეგრეთწოდებულ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ძირს გამოუთხრის. ხსენებული პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმადაც საქართველოს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური აყვავების პარალელურად, აფხაზი ხალხი თბილისთან თანამშრომლობის უპირატესობაში დარწმუნდება და საბოლოოდ საქართველოსთან ხელახლად გაერთიანებას დაუჭერს მხარს. თუმცა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სტრატეგიული მოთმინების სტრატეგიამ არსი დაკარგა რადგან საქართველოს მთავრობა ვარდების რევოლუციის იდეალებს ჩამოშორდა და თბილისს გლობალური ეკონომიკური რეცესიის შედეგების დაძლევა გაუჭირდა. თუ აფხაზეთმა შემდეგი ლიდერი შედარებით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში აირჩია, და თუ საქართველოს ამჟამინდელმა ლიდერმა საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ ძალაუფლება პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე გადასვლით შეინარჩუნა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის წარმართვა მარცხით დამთავრდება,“ წერს მიჩელი და სტატიის ბოლოს აცხადებს, რომ „ვაშინგტონი შეიძლება საქართველოსა და აფხაზეთთან უფრო სერიოზულ და ჩართულ პოლიტიკაზე გადავიდეს. საბოლოო ჯამში კი შეერთებული შტატების განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შეიძლება გამომჟღავნდეს როგორც უბრალო ბანალობა, რომლის განხორციელების იმედი არავის უნდა ჰქონდეს.“