აშშ-ის საგარეო პოლიტიკა კონგრესის არჩევნების შემდეგ

დემოკრატიული პარტიის მიერ კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება ამერიკაში „ახალი დღის“ დასაწყისია. თუმცა როგორ შეცვლის ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკას? პეტერ ტრუბოვიცი ფიქრობს, რომ წარმომადგენელთა პალატაში ძალაუფლების ბალანსის ცვლილებას საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა არ ექნება.

„საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეროგატივა იქნება. მას ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალაუფლება და მანევრირების შესაძლებლობა აქვს, ვიდრე საშინაო ასპარეზზე. ვფიქრობ, ტრამპი უფრო გააქტიურდება ჩინეთთან ვაჭრობის, ირანის და მექსიკის საზღვრის საკითხების მიმართულებით“, - ამბობს ტრუბოვიცი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

ტრუბოვიცი ფიქრობს, რომ დემოკრატებმა შესაძლოა ტრამპის მიდგომას ჩინეთთან მხარი დაუჭირონ. ვაშინგტონმა პეკინს 250 მილიარდი დოლარის იმპორტზე ტარიფები დაუწესა. ტრამპი ჩინეთს არასამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების გამო აკრიტიკებს. ჩინელ ოფიციალურ პირებს არჩევნების შედეგებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ევროპის დედაქალაქებში შიშობენ, რომ შეერთებული შტატები მათაც დაუწესებს ტარიფებს ისეთ წამყვან ექსპორტზე, როგორიც მანქანებია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, დაძაბულობის განმუხტვას არ უნდა ველოდოთ.

“ატლანტის ოკეანის ამ მხარეზე ჩვენ უნდა ვიპოვოთ პასუხი შეერთებული შტატების დევიზზე- „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რაც ჩემთვის მხოლოდ ‘ერთიან ევროპას’ ნიშნავს“, - განაცხადა ჰეიკო მასმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მოსკოვში, პრეზიდენტის პრესპიკერმა აღნიშნა, რომ ამერიკის და რუსეთის ურთიერთობა არ შეიცვლება და ირონიულად შენიშნა, რომ მისი კიდევ უფრო გაუარესება, არსებული გაციებული ურთიერთობის გათვალისწინებით, რთულია.

მიმომხილველების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, ასევე, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პოლიტიკის ცვლილება.

„როდესაც საქმე საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვას შეეხება, შეიძლება რაიმე ახალი გავიგოთ, და შესაძლოა იემენში ომის დასრულების მოთხოვნა გაჟღერდეს“, - ამბობს კამელ ვაზნე, ამერიკული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი ლიბანში.

ისრაელი ტრამპისგან სამშვიდობო გეგმის განხორციელებას მოელის. ამერიკის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანა ამ გეგმის ნაწილი იყო. პალესტინელებს კი კურსის ცვლილების იმედი აქვთ.

“დემოკრატები შეერთებულ შტატებში უფრო ახლოს არიან პოზიციასთან, რომელმაც შესაძლოა სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანოს“, - განაცხადა ნაბილ შაატმა, პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მრჩეველმა.

ტრუბოვიცი ფიქრობს, რომ მსოფლიო ლიდერები ელიან, თუ რა იქნება ტრაპის ადმინისტრაციის შემდეგი ნაბიჯი.

„[ისინი ფიქრობენ] დაელოდნონ, თუ არა ტრამპის წასვლას, გაიყვანონ, თუ არა დრო მომავალი ორი წლის მანძილზე. ეს გათვლა აქვს თეირანს, პეკინს და ალბათ რამდენიმე ევროპულ დედაქალაქსაც“, - ამბობს ის.

რამდენად სწორია ეს მოლოდინი, რთული სათქმელია. ამერიკის პოლიტიკა უკანასკნელი წლების მანძილზე უფრო და უფრო არასტაბილურია.