ახალ კონგრესში საქართველოს მიმართ მყარი ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება

7 თებერვალს, შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ანდრეა ტომპსონს, სენატორ დევიდ პერდუეს და რამდენიმე კონგრესმენს შეხვდა. შეხვედრების განმავლობაში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვეს.

ვაშინგტონის მძაფრი შიდა პოლიტიკური უთანხმოების არსებობის მიუხედავად, საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ უცვლელი რჩება.

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა მინისტრ ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრთან "შესანიშნავი შეხვედრა" ჰქონდა. მისი თქმით, "ჩემთვის სასიამოვნო იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მიღება. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ჩემს ოფისში მეგობრები მოდიან. მას კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ მზად ვარ, ჩემთვის შესაძლო ყველა გზით დავეხმარო საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაძლიერებას, რომ უზრუნველვყო ჩვენი ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ძლიერ მოკავშირეებად დარჩენა. ასევე იმის არ დაშვება, რომ ქვეყანა ახლო და შორი მეზობლების აგრესიის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, ამას მეტს ვერაფერს დავამატებ."

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ "მნიშვნელოვანია რეგიონში ყველამ იცოდეს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ, მისი ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მიმართ ღრმა ერთგულებას ინარჩუნებს და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის მხარდაჭერა."

ფლორიდის წარმომადგენელმა კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ კონგრესს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას გმობს. კონგრესმენმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას მაღალი შეფასება მისცა და ახალი რეზოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რეზოლუციის ავტორ რუნის თქმით, "ჩავთვალე, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ ხმამაღალი განცხადება უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემის გამო, რომელიც რუსების მიერ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში გაყინული კონფლიქტების ზონების შექმნით არის წარმოშობილი... ჩვენ არ შეგვიძლია ამას ოდესმე დავეთანხმოთ და ბრძოლას გავაგრძელებთ, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ყველა შესაძლო გზით საქართველოს პარტნიორობა გავუწიოთ."

რუნის თქმით, "ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 26 წლის განმავლობაში ჰქონდა. ბევრი რამ გვაქვს საერთო, ნატოსთან, ვაჭრობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით; იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ რუსეთის კართან კაპიტალიზმის პლაცდარმი გვქონდეს. ეს შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატების სახით თქვენ ძალიან კარგი მეგობარი გყავთ."

კონგრესმენმა რუნიმ "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ "ამ რეზოლუციით საქართველოს მძიმე მდგომარეობის, იმ საფრთხეების ცნობადობა ამაღლდა, რომელსაც რუსეთი უქმნის საქართველოს. როდესაც საქმე კონკრეტული საკითხების კენჭისყრაზე მიდგება, ეს რეზოლუცია იქნება ის გამზადებული ფონი, რომლითაც ადამიანები გაიგებენ, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის მხარდამჭერ კანონპროექტს."

კონგრესში შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, "ძალიან კარგად ვმუშაობთ ამერიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საქართველოს მხარდაჭერის მოპოვების კუთხით, რისი დასტურიც არის კონგრესმენ რუნის მიერ ინიცირებული ახალი რეზოლუცია, რომელიც მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც რუსეთის უკანონო ქმედებას მხარს უჭერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასდროს იქნება ეს აღიარებული და მიღებული. ამაში გვაქვს ჩვენ არა მარტო აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერა."

ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ "საქართველო ამ რეგიონში არის ამერიკის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობა, რომელიც გამოიხატება არა მხოლოდ რეზოლუციებში და მხარდაჭერაში, არამედ კონკრეტულ ქმედებებში, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების კუთხით, მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს."

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტი 8 თებერვალს დასრულდება.