ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოში" 120 ქვეყნიდან ათასობით მებრძოლი ირიცხება

დასავლეთის მცდელობა, სირიის და ერაყის კონფლიქტში უცხოელი მებრძოლების შედინება შეწყვიტოს, შედეგის გამოღებას იწყებს, მაგრამ პოტენციური მებრძოლები საბრძოლო ფრონტზე შეღწევის გზებს მაინც პოულობენ.

ამერიკის დაზვერვის ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ უკანასკნელი შეფასებების თანახმად, ერაყსა და სირიაში საბრძოლველად, სულ ცოტა 120 ქვეყნიდან, 34 ათასზე მეტი უცხოელი მებრძოლი შევიდა. მათ შორის სულ ცოტა 6 ათასი დასავლეთის ქვეყნებიდანაა.

ეს რიცხვები 2015 წლის ოქტომბერში გაკეთებული შეფასების შემდეგ გაიზარდა, როცა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იქ, სულ მცირე 115 ქვეყნიდან, 30 ათასზე მეტი უცხოელი მებრძოლი იბრძოდადა მათ შორის 4500 დასავლეთის ქვეყნებიდან იყო.

დაზვერვის წარმომადგენელმა თქვა, რომ იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც სირიაში და ერაყში წავიდნენ ან წასვლა სცადეს რათა „ებრძოლათ ან კონფლიქტისთვის სხვაგვარად დაეჭირათ მხარი", უცვლელი დარჩა და ის დაახლოებით 250-ია.

ოფიციალური პირები, რომლებიც ამ შეფასებებს იცნობენ, გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ სავარაუდოდ ეს რიცხვები გაიზრდება რამდენიმე ფაქტორის გამო, რაშიც ცნობების მიწოდების გაუმჯობესება და პიროვნებების ამოცნობის მიზნით სადაზვერვო მუშაობაც შედის.

დაზვერვის ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ მებრძოლთა უმრავლესობა ფრონტზე სავარაუდოდ 2014 წლის ივნისში, ქალაქ მოსულის დაცემის შემდეგ წავიდა.

პატრიკ სკინერი, დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და ამჟამად სტრატეგიული უსაფრთხოების სადაზვერვო საკონსულტაციო, „სოუფან ჯგუფის“ წარმომადგენელი ამბობს: „ეს ახლა შემცირდა, რადგან არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ სხვა ქვეყნებმაც გაამკაცრეს კონტროლი და იქ ფიზიკურად მისვლა გართულდა“.

ის ამბობს, რომ პოტენციური მებრძოლების შესაჩერებლად ეს საკმარისი არ არის.

მისი თქმით, „თუ ადამიანებს იქ წასვლა სურთ, ისინი ამას მოახერხებენ. ექსტრემისტების გადაადგილების შემჩნევის და ჩაშლის ჩვენი შესაძლებლობები გადაჭარბებით შევაფასეთ.“

იმ დროს, როცა თავდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მზარდი მტკიცებულებების თანახმად, „ისლამური სახელმწიფო“ იძულებულია ჯარში სავალდებულო გაწვევას მიმართოს, დაჯგუფება ჯერ კიდევ ეყრდნობა რეკრუტების იმისათვის საკმარისი რაოდენობის შედინებას, რომ 20-30 ათასიანი მუდმივი საბრძოლო ძალა იყოლიოს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ 2015 წლის ბოლოსთვის, „ისლამურ სახელმწიფო“-ს ყოველთვიურად ათასზე ოდნავ მეტი მებრძოლი უერთდებოდა. მისი თქმით ყველაზე პოპულარულ მარშრუტად, სირიის საზღვრის თურქეთიდან გადაკვეთა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ცდილობს საზღვარი გააკონტროლოს.

მუბინ შაიხმა, ყოფილმა უსაფრთხოების ოფიცერმა და კანადის კონტრდაზვერვის აგენტმა, „ამერიკის ხმა“-ს სკაიპით უთხრა, რომ ეს ყველაფერი თურქეთის კონტრაბანდისტული ქსელის მეშვეობით თურქეთში, ერაყში და რა თქმა უნდა სირიაში ხდება.

მან თქვა, „ქსელებს გარკვეული ყურადღება ეთმობა, მაგრამ ფოკუსი არ კეთდება ამ ქსელებზე შეტევაზე და ისეთი გეგმის შექმნაზე, რომელიც „ისლამური სახელმწიფო“-ს დასამარცხებლად იქნება გამოყენებული.

არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ კონტრ-გზავნილების მიუხედავად, ჯიჰადისტების პროპაგანდა ევროპელ ახალგაზრდობაში და ქალებში გამოხმაურებას ჯერ ისევ პოულობს.

„ნიუ ამერიკა ინტერნეშენელ სეკიურიტი პროგრამ“-ის წარმომადგენელი დევიდ სტერმანი ამბობს, რომ მათი პროფილი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა.

„საშუალო ასაკი 24 წელია, მათ შორის ქალები დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი.“

ამერიკული კონტრდაზვერვის ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან, რომ სირიის პრეზიდენტ ასადი მხარდასაჭერად, სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართვამ შესაძლოა ომში ჩასაბმელად მეტი პოტენციური მებრძოლი წააქეზოს.