შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ რუსეთის ელჩთან კავშრებზე საუბრისას გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მოიტყუა.
ფლინმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:
"საჯარო და სამხედრო სფეროში 33 წლიანი საქმიანობის შემდეგ, უკიდურესად მტკივნეული იყო ჩემი ღალატში დადანაშაულების მოსმენა. მსგავსი ყალბი ბრალდებები ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც მე მიკეთებია. მაგრამ მე ვაცნობიერებ, რომ ჩემი საქციელი არ იყო მართებული, ვაცხადებ თავს დამნაშავედ და ვითანამშრომლებ საგანგებო გამომძიებელთან. ჩემს ქმედებებზე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას."
ფლინის მიერ ბრალის აღიარება აჩვენებს, რომ ის საგანგებო გამომძიებელ რობერტ მალერთან თანამშრომლობს, რომელიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩართულობას იძიებს.
როგორც დღეს გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ფლინმა მოიტყუა რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან შეხვედრის თაობაზე, სადაც ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრეს.