მინეაპოლისის მსგავსი აქციები ვირჯინიასაც გადმოედო

ვირჯინიის შტატის დედაქალაქ რიჩმონდში, მინეაპოლისში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გასაპროტესტებლად გამოსულმა ადამიანებმა პოლიციის შტაბბინის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მოკლე დროით რკინიგზის მაგისტრალი ჩაკეტეს. დემონსტრაციები მონროს პარკში დაიწყო. ცოტა ხანში, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი უსამართლობის წინააღმდეგ იმაღლებდნენ ხმას. დემონსტრაციის პარალელურად გავრცელდა ცნობები პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან ხანძრის შესახებ.

ვირჯინიის შტატში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული სიკვდილის საპროტესტო აქციების მსგავსია.

ორშაბათს საღამოს, თეთრკანიანმა პოლიციელმა დააკავა შავკანიანი მამაკაცი, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი, რომელიც მალე გარდაიცვალა. ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი: ხელბორკილდადებული ფლოიდი პირქვე წევს და რამდენიმე წუთის მანძილზე შველას ითხოვს. თეთრკანიან პოლიციელს მუხლი მის კისერზე უდევს და არ უშვებს. თანამოქალაქეები ფიქრობენ, რომ 46 წლის ფლოიდი პოლიციელს დაკავების მომენტში შემოაკვდა.