რუსეთის მთავრობის აქტიური და ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ რუსეთში ამ უქმეებზე დაბრუნდება. ნავალნი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის სპეც-სამსახურებმა ის ტომსკში მოწამლეს.
"კითხვა 'დავბრუნდე თუ არა', არასოდეს იდგა ჩემ წინაშე, რადგან მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. გერმანიაში ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში მოვხვდი. შაბათს, 17 იანვარს შინ დავბრუნდები, გამარჯვების რეისით", - დაწერა ნავალნიმ "ტვიტერზე" 13 იანვარს.
ასევე ნახეთ: ნავალნის თაღლითობაზე ბრალი წაუყენეს - კრემლი ამბობს, რომ პუტინმა არ იცოდანავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე ცუდად გახდა და გონება დაკარგა. თავდაპირველად მას ხელოვნურად გამოწვეულ კომაში ციმბირის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ორ დღში კი ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით ის გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
ლაბორატორიებმა სამ ევროპულ ქვეყანაში - ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასტურით - დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით. ამ დასკვნის შემდეგ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს ოფიციალურ პირს და "სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს".
ასევე ნახეთ: ნავალნის რუსეთში დაბრუნება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებიანრუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნავალნის სხეულზე საწამლავის კვალი არ იყო აღმოჩენილი მის გერმანიაში გამგზავრებამდე და უარს ამბობს ინციდენტის გამოძიებაზე. ნავალნი თავის მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.
გასულ თვეში რუსეთის საპატიმროთა ფედერალურმა სამსახურმა ნავალნის უთხრა, დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო გერმანიიდან - წინააღმდეგ შემთხვევაში მას რუსეთში პატიმრობა ემუქრებოდა. კრემლი აცხადებს, რომ ქვეყნის გარეთ ყოფნით, ნავალნი 2014 წელს, თაღლითობის ბრალდებით გამოტანილი სასჯელის პირობებს არღვევს და გამოძიებისთვის თავის არიდებას ცდილობს. ნავალნი აცხადებს, რომ 2014 წლის საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.