თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტთა ნავი ჩაიძირა

თურქეთის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა, რომელსაც მიგრანტები საბერძნეთის კუნძულამდე უნდა მიეყვანა. ნავში მყოფი ორი ქალი და 5 ბავშვი დაიღუპა.

თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ნავი ეგეოსის ზღვაში, იზმირის პროვინციის სიახლოვეს ჩაიძირა. ამავე ინფორმაციით, მოხერხდა 9 ადამიანის გადარჩენა, მათგან 4 წარმოშობით ერაყიდან, სამი - სომალიდან, ორი კი - თურქეთიდანაა. ერთ მიგრანტს ჯერ კიდევ ეძებენ.

სახელმწიფო მედია სააგენტო „ანადოლუ“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიცია ერთ კონტრაბანდისტს ეძებს, რომელმაც ნავი მაშინვე დატოვა, როგორც კი მან ჩაძირვა დაიწყო.