ფისკალური უფსკრული ახლოვდება

3 კვირაზე ნაკლებ დროში ამერიკის პრეზიდენტი და კონგრესი ბიუჯეტის შეკვეცაზე უნდა შეთანხმდნენ
დემოკრატიულ ადმინისტრაციას და რესპუბლიკელ კონგრესმენებს შორის მოლაპარაკება ე.წ. ფისკალური უფსკრულის თავიდან აცილების გზებზე გრძელდება. თუკი პრეზიდენტი ობამა და შეერთებული შტატების კონგრესი საბიუჯეტო ცვლილებებზე რამდენიმე კვირაში ვერ მოილაპარაკებენ, უფსკრული რეალური ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან ბიუჯეტის სეკვესტრი, გადასახადების გაზრდა და რამდენიმე სხვა დრამატული ცვლილება ავტომატური რეჟიმით ამოქმედდება. ეს ყოველივე, ანალიტიკოსების აზრით, ამერიკის ეკონომიკას ისევ რეცესიის ფაზაში დააბრუნებს, რასაც მთელი მსოფლიოს ეკონომიკური სისტემის დაზიანების პოტენციალი გააჩნია.

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ სამშაბათს საღამოს პრეზიდენტ ობამას და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერ, ჯონ ბეინერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ერთი დღით ადრე დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ კონგრესში ბიუჯეტის შეკვეცასთან დაკავშირებით წინადადებების ახალი პაკეტი წარმოადგინა. რესპუბლიკელებმა მაშინათვე კონტრშეთავაზება გაამზადეს. სწორედ ამ წინადადებების შესახებ ისაუბრეს პრეზიდენტმა ობამამ და სპიკერმა ბეინერმა.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: ფისკალური უფსკრული ახლოვდება


მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტის შეკვეცის თაობაზე მოლაპარაკებას უახლოეს დღეებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. სასწორზე მთავრობის დანახარჯების შემცირებასთან ერთად გადასახადების 600 მილიარდიანი შეკვეცაც არის. ჯონ ბეინერმა სამშაბათს დილით პრეზიდენტი ობამა მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა:

„ბევრმა იცის, რომ კვირას ერთმანეთს შევხვდით. სასიამოვნო საუბარი გვქონდა, კოლეგიალური. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ველით თეთრი სახლისგან გადამწყვეტ ნაბიჯებს იმის შესახებ, თუ როგორ შეამცირებს დანახარჯებს პრეზიდენტი ობამა. ეს უნდა იყოს დაბალანსებული მიდგომის ნაწილი, რომელსაც ის ამერიკის მოსახლეობას დაპირდა“.

იმავე დღეს გამართულ თეთრი სახლის ბრიფინგზე პრესმდივანმა ჯეი კარნიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს იყო პრეზიდენტი ობამა და არა რესპუბლიკელები, ვინც დანახარჯების შემცირების კონკრეტული პაკეტი წარმოადგინა:

პრეზიდენტმა მოლაპარაკების დანარჩენი მონაწილეებისგან განსხვავებით, ბიუჯეტის შეკვეცის დეტალური გეგმა წარმოადგინა, ისევე როგორც შემოსავლების დაწვრილებით აღწერილი შეთავაზებები“.

როგორც კონგრესის ოფიციალური პირები იუწყებიან, ახალი პაკეტი შეიცავს გეგმას 1.4 ტრილიონის ოდენობის ახალი შემოსავლით. ეს დამატებით 200 მილიარდიან შეკვეცას გულისხმობს იმასთან შედარებით, რაც პრეზიდენტმა ობამამ ერთი თვის წინანდელ გეგმაში წარმოადგინა. რესპუბლიკელებმა საპასუხოდ 800 მილიარდიანი შეკვეცის გეგმა შეიმუშავეს. არგუმენტაცია იგივეა: სპიკერი ბეინერი ამტკიცებს, რომ მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდა სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს შეაფერხებს და ეკონომიკის განვითარების ზრდას კიდევ უფრო შეანელებს.

ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტ ბარბარა უოლტერსთან საუბარში პრეზიდენტი ობამა დარწმუნებული ჩანდა, რომ რესპუბლიკელები ახალ შეთავაზებებს დათანხმდებიან, რადგან მის საფუძველზე საშუალო კლასის ამერიკელებს საგადასახადო შეღავათები გაუგრძელდებათ. თუმცა, არსებობს მოლაპარაკებათა კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც კრედიტის აღების ზედა ზღვარს ეხება. საუბარია ვალის რაოდენობის ლიმიტზე, რომლის აღების უფლებაც შეერთებული შტატების მთავრობას ენიჭება. ეს პირდაპირ კავშირშია ამერიკის კრედიტ-რეიტინგთან, რომლის დაქვეითებაც ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემას დამატებით ზარალს აყენებს. შარშან, პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში ამერიკას საერთაშორისო საკრედიტო ბიუროებმა რეიტინგი დაუქვეითეს.

პრეზიდენტ ობამას და სპიკერ ბეინერს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალები უცნობი რჩება. სპიკერის თანაშემწის განცხადებით, რესპუბლიკელები პრეზიდენტისგან კიდევ უფრო მეტი დათმობის შემცველ წინადადებებს ელოდებიან.