ქაბულის აეროპორტში დღეს ამოუცნობმა მამაკაცმა დასავლელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა

დღეს, ქაბულის აეროპორტში სროლა ისმოდა. აეროპორტის ტერიოტირაზე მყოფმა დასავლურმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ამოუცნობ მამაკაცს, რომელმაც სროლა დაიწყო. ინფორმაციას გერმანელი სამხედროები ავრცელებენ. დაძაბულობას ზრდის ის ფაქტი, რომ ვაშინგტონი ავღანეთიდან გასვლის თარიღის გადაწევას ითხოვს.

ათასობით ავღანელი და უცხო ქვეყნის მოქალაქე მიაწყდა ქაბულის აეროპორტს მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქვეყნის სადავეები დაიბრუნა.

ოფიციალური ინფორმაციით, 15 აგვისტოს შემდეგ, აეროპორტში ქვეყნიდან წასვლის მცდელობის დროს 20 ადამიანი დაიღუპა. დღევანდელი სროლის შედეგად, გერმანელი ჯარისკაცების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ასევე ნახეთ: ქაბულის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გლობალურ ტერორისტს დაეკისრა

CNN-ის ინფორმაციით, დასავლეთიდან ევაკუაციისთვის ჩასულ ჯარისკაცებს ქაბულში 600 ყოფილი სამთავრობო ავღანელი ჯარისკაციც ეხმარება.

დღევანდელ სროლაში ამერიკელი და გერმანელი ჯარისკაცები იყვნენ ჩართული. დაჭრილია სამი ავღანელი მცველი. მათ საველე ჰოსპიტალში მკურნალობენ.

ნატოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ცეცხლის გახსნის შემდეგ, სიტუაცია აეროპორტში დასტაბილურდა.

აეროპორტის გარეთ ტერიტორიას თალიბანი აკონტროლებს, სადაც ისინი ხალხის მოზღვავებული მასის გაკონტროლებას ცდილობენ. კვირას მათ აეროპორტის მისადგომებთან მყოფ ხალხს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა.

ჯარისკაცების ქვეყნიდან გასვლის მოახლოებასთან ერთად, ავღანეთში სიტუაცია მწვავდება. ე.წ დოჰას ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკულმა ჯარებმა ქაბული 31 აგვისტომდე უნდა დატოვონ.