კიევი ამბობს, რომ სასტიკი ბრძოლების პარალელურად, რუსეთი ხერსონში მობილიზდება

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. დონეცკში მებრძოლი, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინელი სამხედროების გაძევებას ქალაქ ბახმუტიდან ცდილობდნენ.

პარალელურად, ოფიციალური კიევი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა რუსეთმა ახალი იერიში სამხრეთ რეგიონებში წამოიწყოს. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ცდილობს ხერსონში ძალების აღდგენას და აგრძელებს სამხედროების მობილიზებას. ხერსონი ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელი სამხედროების შეტევის მთავარი სამზნეა, მათ იქ შეძლეს რუსეთის არმიის პოზიციების დასუსტება.

ასევე ნახეთ: კოენი: რუსეთი ამ ომში უკვე რამდენჯერმე დამარცხდა

რუსულმა ძალებმა კვლავ დაბომბეს ქალაქ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს. ასევე, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ხარკივზე.

ხარკივის დაბომბვის დროს დაზიანდა რამდენიმე ინდუსტრიული ობიექტი, ქალაქ ჩუჰუივში კი დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსი.

კიევის ცნობით, უკრაინული ძალები წარმატებით იბრძვიან დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარსა და ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამას გარდა, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს და ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ორი სოფელი, რომლებიც ქალაქ სლოვიანსკის მახლობლად მდებარეობს.

ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის სამხრეთითაც. თუმცა, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ სოფელი სემიჰირია და პოზიციები გაემყარებინათ ავდიევკის სამხრეთ-აღმოსავლეთით.