იმ დროს, როდესაც მომლაპარაკებლები ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე დისკუსიების განახლებისთვის ემზადებოდნენ, ღაზაში და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე ღამის განმავლობაში ბრძოლები გრძელდებოდა.
საერთაშორისო მომლაპარაკებლები შეერთებული შტატებიდან, კატარიდან და ეგვიპტიდან მზად არიან ხუთშაბათს მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად, მაგრამ კვლავ რჩება დაძაბულობის მაღალი დონე. ირანი და მისი მოკავშირეები ისრაელისთვის სამაგიეროს გადახდით იმუქრებიან იმისთვის, რომ ბეირუთში "ჰეზბოლას" მთავარი აგენტი და თეირანში "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიეჰი მოკლეს.
ასევე ნახეთ: ვინ იყო ისმაილ ჰანიე და რას ნიშნავს მისი მკვლელობა „ჰამასისთვის“?ისრაელმა ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ თეირანის ეპიზოდს უარყოფს. თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ის თავდასხმაც ისრაელმა მოაწყო.
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათ დილით ისრაელის დარტყმებმა ღაზის სექტორში სულ ცოტა 17 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი და მათი მშობლები იმსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, ღაზის სექტორში "ჰამასის" 40-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაანგრიეს, მოკლეს შეიარაღებულ მებრძოლები და იარაღის, საბრძოლო მასალის, ხელყუმბარების და სხვა ასაფეთქებელი მასალების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს.
წყაროებმა ორივე მხრიდან თქვეს, რომ ისრაელის ჯარმა ოთხშაბათს, ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე საჰაერო დარტყმით, კიდევ ხუთი პალესტინელი მოკლა.
სამშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა რომ „არ შეწყვეტს მცდელობას“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბოლომდე მიიყვანოს, რასაც კიდევ უფრო დიდი კონფლიქტის თავიდან აცილება შეეძლება.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხუთშაბათის მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნის, მაგრამ ჯერჯერობით ნათელი არ არის, მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას "ჰამასი". პალესტინელთა დაჯგუფება, ამერიკას და ბევრ დასავლურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. ღაზაში სამხედრო ოპერაცია ისრაელმა ქვეყანაზე "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაიწყო.